საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (23.09.2009 N3/56-09) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს იუსტისციის სამინისტროს, ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - ე.წ. ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნუმერაციის რესურსი 0-0-0-8 (ნული-ნული-ნული-რვა) საქართველოს ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნუმერაციის რესურსი 0-0-0-8 (ნული-ნული-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 25 სექტემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
