შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლის უკანონოდ მიჩნევისა და აღნიშნული მუხლის ოფერტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ იქნა სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად, ერთი ჩარჩოს განთავსების ფასი - 30 ლარი, უკანონოა.
შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტის 3.1 მუხლი მიაჩნია უკანონოდ შემდეგი გარემოებების გამო:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის შესაბამისად, დაშვების წერტილი განმარტებულია, როგორც თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია აღნიშნულ ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაწოდოს თანალოკაციის ფართზე განლაგებულ, ამ უკანასკნელის სააპარატო დგარის საზღვარზე;
2. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.“ ანუ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეები შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაწოდოს შესაბამის თანალოკაციის წერტილში.
3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კროსში, მათ მიერვე განთავსებული ჩარჩოების დანიშნულებაა ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება, შესაბამის თანალოკაციის წერტილში და ამ ჩარჩოების, ისევე როგორც საოპერაციო სიმძლავრეების მისაწოდებლად აუცილებელი ქსელის სხვა ელემენტების ღირებულება, ბუნებრივად შესულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ღირებულებაში.
მოთხოვნა:
1. სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლი მიჩნეულ იქნას უკანონოდ;
2. დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ამოიღოს ოფერტიდან 3.1 მუხლი;
3. განემარტოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ იგი ვალდებულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისათვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეები მიაწოდოს შესაბამის თანალოკაციის წერტილში.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 30 სექტემბრამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა წარმოების შეწყვეტის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ სადაოდ არ ხდის არც ერთ იმ მოთხოვნას, რასაც ეხება აღნიშნულ განცხადებაში მითითებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლები.
კომისიამ იმსჯელა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და არ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი დაკმაყოფილება, ვინაიდან შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებაში დავის საგანს წარმოადგენს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და უნდა დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1. მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვა. ამავე დროს, უნდა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურნციის დეპარტამენტს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1. მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დაინიშნოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 16:00 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურნციის დეპარტამენტს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიისთვის დასკვნის წარმოდგენა 2009 წლის 8 ოქტომბრამდე;
3. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
