წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს დაჯარიმების თაობაზე

ნომერი: 485 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. 

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (21.09.2009 N10/521-09), რომლის შესაბამისადაც, შპს ”კავკასუს ონლაინს” 2009 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 11,735.15 (თერთმეტი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2009 წლის 23 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს ”კავკასუს ონლაინს” (23.09.2009 N03/2222-09) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის მოწმობის №25/1), ამავე დროს კომპანია ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6, №F14, №F46 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 №N41, №N48, №N49, №N56, №N75, №N78, №N79 ლიცენზიებს. შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირი, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. რეგულირების საფასურის ოდენობას, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის დავალიანების არსებობა წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის N451/18 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის, ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის გადაუხდელობა, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (28.09.2009 N10/550-09) შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტს შეადგენს 190,242.31 (ას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაორი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. ამავე დროს, შპს ”კავკასუს ონლაინს” უნდა დაეკისროს ვალდებულება, დაუყოვნებლივ დაფაროს კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის სახით არსებული დავალიანება 11,735.15 (თერთმეტი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი და თხუთმეტითეთრი) ლარის ოდენობით, სრულად. 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს შპს „კავკასუს ონალინი“ 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარით  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „კავკასუს ონლაინმა“ 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინმა” რეგულირების საფასურის დავალიანების 11,735.15 (თერთმეტი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი და თხუთმეტითეთრი) ლარის დაუყოვნებლივ გადახდა კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;  -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 609326;                                                             -ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101830;                                                    -კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                   -საიდენტიფიკაციო კოდი:204953050;

-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;

-ა/ანგარიში: 125435501;

-კოდი:220101502;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

3. ეცნობოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიმართ გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „კავკასუს ონალინისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                             ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                       ს.ბრიტანჩუკი

                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ა.სიხარულიძე          

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები