შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „ივერია ქსელის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (14.09.2009 N10/499-09), რომლებშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 31 ივლისის N359/9 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ ვალდებულება, არაუგვიანეს 2009 წლის 01 სექტემბრამდე, უზრუნველეყოთ, მათი მომსახურების მიწოდების წინადადებების - ”მოწვევის ოფერტების” 2009 წლის 31 ივლისის N359/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და კომისიაში წარმოდგენა;
2009 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში კორექტირებული მოწვევის ოფერტები არ წარმოუდგენიათ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და შპს „ივერია ქსელს“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 23 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ ავტორიზებულ პირებს, ისინი მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „ივერია ქსელის“ წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე მხარეებმა აღიარეს დარღვევის ფაქტი და აღნიშნეს, რომ მათ მიერ მოწვევის ოფერტები კომისიაში წარმოდგენილია: შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ - 2009 წლის 25 სექტემბერს, ხოლო შპს „ივერია ქსელის“ მიერ - 2009 წლის 29 სექტემბერს. აღნიშნული დაადასტურა ასევე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტმა.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „ივერია ქსელის“ მიერ, ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დასრულებულ დარღვევას, კერძოდ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N359/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ინფორმაციის, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობას, რაც წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ და შპს „ივერია ქსელი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ არიან სანქცირებულები, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ავტორიზებული პირების მიმართ, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. მიეცეს გაფრთხილება შპს „ივერია ქსელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „ივერია ქსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „ივერია ქსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
