შპს ”ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზემ” კომისიას მიმართა განცხადებით, კომპანიის კუთვნილი №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზე” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;
ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით.”
კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის კერძო სპეციალიზებულ (შემეცნებით-გასართობი) ლიცენზიად მოდიფიცირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზემ” 2008 წლის 23 ივლისს მიმართა კომისიას წერილით №6/1744-08 და აცნობა ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადის ეტაპობრივი ცვლილების შესახებ. კერძოდ, კომპანიამ აცნობა კომისიას, რომ ეტაპობრივად შემეცნებით-გასართობ არხად ყალიბდება და მოითხოვა კუთვნილი №B15 ლიცენზიის მოდიფიცირება სპეციალიზებულ ლიცენზიად.
2009 წლის 5 თებერვალს შპს ”ტელეკომპანია მზემ” განმეორებით მიმართა კომისიას წერილით №6/213-09 და მოითხოვა შპს ”ტელეკომპანია მზის” კუთვნილი №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარაო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
შპს ”ტელეკომპანია მზის” აზრით, კომისიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე” არ ზღუდავს კომისიას მოახდინოს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზე” არ ითხოვს ახალ ლიცენზიას, რაც ნამდვილად ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, არამედ ითხოვს უკვე არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2008 წლის 22 მაისს მიიღო გადაწყვეტილება №279/22, სადაც აღნიშნულია, რომ კომისია ლიცენზიათა გაცემისას ვეღარ იხელმძღვანელებდა 2004 წლის 28 სექტემბერს, კომისიის №506/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებით, ვინაიდან გასული იყო მათი მოქმედების კანონით დადგენილი 2 წლიანი ვადა. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა განეხორციელებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ახალი ლიცენზიის გაცემის თაობაზე, დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე” 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილებით, კომისიას არ აუკრძალავს უკვე არსებული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, არამედ აღნიშნა, რომ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, უკვე გაცემულ სამაუწყებლო ლიცენზიათა სახეობის შეცვლისა და ამ მიზნით ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების საკითხის საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად დარეგულირებასაც შეუწყობდა ხელს. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილებით, კომისიას, ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებული ჰქონდა მხოლოდ ”სტუდია მაესტროს” 2008 წლის 8 აპრილის განცხადებაზე. მიუხედავად ამისა, ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიის 2008 წლის 2 დეკემბრის №712/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა ”სტუდია მაესტროს” №B87 ლიცენზიის მოდიფიცირება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა კომისიამ უნდა განიხილოს და დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტით, რომლის თანახმადაც „იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა’’, დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართელოს კანონის 38–ე მუხლი ნორმა ძალაშია 2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2009 წლის 6 მარტს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ტელეკომპანია მზე”-სათვის;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილს).
კომისიის თავმჯდომარეს
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
