შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” გაფრთხილების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №445/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 24 სექტემბერს, შპს ,,ახალმა ქსელებმა” კომისიის 2009 წლის 11 სექტემბერის № 445/18 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე განცხადებით (24.09.09 №730) მიმართა კომისიას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის სამსახურებრივ ბარათზე თანდართული ცხრილი, სადაც მოცემულია ქ.ქუთაისში განაწილებული ნუმერაციის რესურსების ოდენობა და მათი პროცენტული მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ქ.ქუთაისში შპს ,,ახალი ქსელების” წილი შეადგენს განაწილებული ნუმერაციის საერთო რესურსის 41,19 %-ს, ხოლო საერთო წილი ი/მ ,,პალუშა გიორგობიანთან” ერთად შეადგენს 53,69%-ს. მიუხედავად გაანგარიშებაში მოცემული ციფრისა, კომისიის გადაწყვეტილებაში ასახულია სხვა პროცენტული მაჩვენებელი - 58,04%, რომელიც ცხრილიდან მონაცემების არასწორად გადატანის შედეგად მოხდა და რაც წინააღმდეგობაში მოდის არსებულ რეალობასთან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დ.კიკნაძემ 2009 წლის 23 სექტემბერს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის სახელზე წარმოადგინა სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ საქმის მასალების მომზადებისას მან დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რომელიც კომპანიებისათვის სამართლებრივ შედეგებს არ ცვლის. კერძოდ, მის 2009 წლის 1 სექტემბრის სამსახურებრივ ბარათში არასწორადაა მითითებული, რომ ქ.ქუთაისში შპს ,,ახალი ქსელები” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანი” ერთობლივად ფლობენ განაწილებული ნუმერაციის საერთო რესურსის 58,04%-ს, ვინაიდან ქ.ქუთაისში შპს ,,ახალი ქსელები” ფლობს განაწილებული ნუმერაციის რესურსის 42,44%-ს, ხოლო ი/მ ,,პალუშა გიორგობიანი” – 12,50%-ს, რაც ჯამში შეადგენს 54,94%-ს. შესაბამისად, 2009 წლის 1 სექტემბრის სამსახურებრივ ბარათში 58,04%-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 54,94%.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება არ ცვლის კომისიის 2009 წლის 11 სექტემბერის № 445/18 გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2009 წლის 11 სექტემბერის № 445/18 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ციფრის, ,,58,04 %”-ის ნაცვლად უნდა მიეთითოს ,,54,94 %”, და შემდეგ, როგორც ტექსტშია.
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს 2009 წლის 11 სექტემბერის №445/18 გადაწყვეტილებაში, შპს ,,ახალი ქსელებისა” და ი/მ ,,პალუშა გიორგობიანის” გაფრთხილების თაობაზე, დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ციფრი ,,58,04%” შეიცვალოს ციფრით ,,54,94%” და შემდეგ, როგორც ტექსტშია.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
