ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (”საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში”) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2008 წლის 2 ოქტომბერს რეაგირებისათვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი (№34, 30.09.2009წ), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი და შემოწმების აქტის შედგენის პროცესზე დამსწრე პირები დავით მიქაუტაძე (პირადი №01009002113) და ლენა კრივოშეინა (პირადი №01030021720).
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმება ჩატარებულია ქ. თბილისში, ნინოშვილის ქ. №40-ში და არა შესამოწმებელი ობიექტის განთავსების ადგილას.
შემოწმების აქტით დადგინდა, რომ:
ა) ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის №91/2, მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია უცვლელი სახით გადასცეს სამაუწყებლო არხები;
ბ) ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს ზემოაღნიშნული უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემს სატელევიზიო არხ НТВ+ Спорт-ს;
დ) ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ НТВ+ Спорт-ისა და ამავე არხის მეშვეობით UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-სთან (UEFA) გაფორმებული მედია უფლებების კონტრაქტის საფუძველზე, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს მინიჭებული აქვთ 2009-2010 წლის ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებამოსილება. ამასთანავე, კომისიაში შემოსულია სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის განცხადებები, ზემოაღნიშნული უფლების დარღვევის თაობაზე (წერილები №6/2284-09 27.08.09 და №6/2281-09 27.08.2009).
კომისია აღნიშნავს, რომ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2009 წლის 9 ოქტომბერს, 16 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, რაზეც ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს 2009 წლის 6 ოქტომბერს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ კომისიის სხდომაზე განიხილება ავტორიზებული პირის (ავტორიზაციის №67/1, მაუწყებლობის ტრანზიტი) ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის გაფრთხილების საკითხი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი - 06.10.09, შემოწმების აქტის შედგენის თარიღი - 30.09.09), მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. მხარეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც ეჭვი შეიტანა შემოწმების აქტში მოცემული მონაცემების სიზუსტეში.
აღნიშნულ სხდომაზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადადების თაობაზე. ამასთან, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, საკითხის განხილვაში მოწმის სტატუსით ჩაერთო დავით მიქაუტაძე და ლენა კრივოშეინა, როგორც შემოწმების აქტზე ხელის მომწერი პირები, რისთვისაც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა ზემოაღნიშნული მოქალაქეებისათვის; დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, კერძოდ, НТВ+ Спорт-ის სამაუწყებლო ბადეების წარმოდგენა დაევალა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს.
კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის №488/17 გადაწყვეტილების თანახმად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 16 ოქტომბერს. აღნიშნულ სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიის აპარტის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი НТВ+ Спорт-ის 2009 წლის 29 სექტემბრის სამაუწყებლო ბადე, რომლითაც დასტურდება НТВ+ Спорт-ის მიერ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირება. სხდომაზე, აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი ახორციელებდა არხების სრული მოცულობით ტრანსლირებას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA)-სთან 2009 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მათ აქვთ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლება, სადაც საავტორო უფლების მფლობელია “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA).
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხ - НТВ+ Спорт-ის რეტრანსლირების შესახებ.
ამდენად, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის მიერ НТВ+-ის სპორტული არხ НТВ+ Спорт -ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება კანონდარღვევით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი არც НТВ+-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა НТВ+ Спорт -ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლებით (ლიცენზიებით გასუფთავებული კონტენტით) და არც “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA)-სთან НТВ+-ის ან ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლების შესახებ.
კომისიამ სრულად გაიზიარა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამართლებრივი დასაბუთება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ივლისის №347/18 გადაწყვეტილებით ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10,000.00 და არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/581-09, 08.10.09) შესაბამისად, ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტს შეადგენს 1,569.79 (ათას ხუთას სამოცდაცხრა ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენისათვის გათვალისწინებული ჯარიმა უნდა იყოს მინიმუმ 10,000.00 ლარი, კომისიას მიაჩნია, რომ ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს ჯარიმა 10,000.00 (ათი ათასი) ლარის ოდენებით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. აეკრძალოს ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს НТВ+ Спорт-ის სატელევიზიო არხისა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების არამართლზომიერი ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე;
3. უზრუნველყოს ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისათვის ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
