წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 516 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (”საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში”) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2008 წლის 2 ოქტომბერს რეაგირებისათვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი (№33, 30.09.2009წ), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი და შემოწმების აქტის შედგენის პროცესზე დამსწრე პირები ირაკლი ნიჟარაძე (პირადი №01008011928) და ცისანა დოლიძე (პირადი №01008007411).

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმება ჩატარებულია ქ. თბილისში, შ. რადიანის №10 ”ა”-ში და არა შესამოწმებელი ობიექტის განთავსების ადგილას.

შემოწმების აქტით დადგინდა, რომ:

 ა) ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის №91/2, მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია უცვლელი სახით გადასცეს სამაუწყებლო არხები;

ბ) ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს ზემოაღნიშნული უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ” საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემს სატელევიზიო არხ Спорт 1-ს;

დ) ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ Спорт 1-ის მეშვეობით UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-სთან (UEFA) გაფორმებული მედია უფლებების კონტრაქტის საფუძველზე, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს მინიჭებული აქვთ 2009-2010 წლის ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებამოსილება. ამასთანავე, კომისიაში შემოსულია სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის განცხადებები, ზემოაღნიშნული უფლების დარღვევის თაობაზე (წერილები №6/2284-09  27.08.09 და №6/2281-09  27.08.2009).

კომისია აღნიშნავს, რომ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2009 წლის 9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, რაზეც ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს 2009 წლის 6 ოქტომბერს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ კომისიის სხდომაზე განიხილება ავტორიზებული პირის (ავტორიზაციის №67/1, მაუწყებლობის ტრანზიტი) ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ის გაფრთხილების საკითხი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი - 06.10.09, შემოწმების აქტის შედგენის თარიღი - 30.09.09), მის მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. მხარეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც წარმოადგინა წერილი №6/2771-09, სადაც აღნიშნულია, რომ ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ის გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს ”სტეპკომთან”, რის საფუძველზეც კომპანიას მინიჭებული აქვს სატელევიზიო არხ Спорт 1-ის რეტრანსლაციის უფლება, თუმცა, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა Спорт 1-ის რეტრანსლირება. ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-მ  მოითხოვა კომპანიის გაფრთხილების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

აღნიშნულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადადების თაობაზე. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, საკითხის განხილვაში შპს ”სტეპკომი” ჩაერთო მოწმის სტატუსით, რისთვისაც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა შპს ”სტეპკომისათვის”.

კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის №488/17 გადაწყვეტილების თანახმად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 16 ოქტომბერს. აღნიშნულ სხდომაზე, შპს ”სტეპკომის” წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლება შპს ”სტეპკომს” არ გააჩნია და ამის შესახებ პერიოდულად ატყობინებდა ხელშემკვრელ კომპანიებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6,  მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით  გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ” ახორციელებდა არხების სრული მოცულობით ტრანსლირებას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

         კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA)-სთან 2009 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მათ აქვთ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლება, სადაც საავტორო უფლების მფლობელია “UNION DES ASSOCIATIONS EUROPEENNES DE FOOTBALL” (UEFA).

 კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ Спорт 1-ის მეშვეობით UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების შესახებ.

ამდენად, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ის მიერ სპორტული არხი Спорт 1-ის მეშვეობით UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება, რაც დასტურდება უდავოდ, შემოწმების აქტითა და მოწმეთა ხელმოწერებით, ხორციელდება კანონდარღვევით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლება.

კომისიამ სრულად გაიზიარა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამართლებრივი დასაბუთება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-მ დაარღვია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;

2. აეკრძალოს ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-სთვის ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები