შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებათა გაფორმებასთან დაკავშირებულ დ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიუს ონლაინმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 28 სექტემბერს სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა N30,31,34,36,39,51,53,66,67,71,78 ასს-ების გათიშვას, რამაც გამოიწვია შპს „კავკასუს ონლაინის“ 9600 მომხმარებლის დარჩენა ინტერნეტ მომსახურების გარეშე. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ აღნიშნული ქმედების არგუმენტად დასახელებულ იქნა შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ დავალიანების არსებობა და ამავე დროს, კომპანიებს შორის ხელშეკრულების არ არსებობა.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ დაუყოვნებლივ იქნა დაფარული, ამავე დროს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომპანია ეწინააღმდეგებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაში არსებულ პირობებს, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მაინც გაეგზავნა აქცეპტი გამოქვეყნებულ ოფერტაზე, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ჭიანურდება.
მოთხოვნები:
1. კომისიამ იხელმძღვანელოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადასტუროს სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
2. კომისიამ იხელმძღვანელოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოიყენოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;
3. კომისიამ შეისწავლოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტების კანონიერების საკითხები, გაანალიზდეს რამდენად აბრკოლებს აღნიშნული ოფერტები ბაზრის სფეროს განვითარებას და რამდენად იქმნება ამ უკანასკნელის მხდიდან ხელოვნური ბარიერები ბაზარზე შესვლისთვის.
4. კომისიამ დაუდგინოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან და სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ოფერტის იმგვარი პირობები, რაც გამორიცხავს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ამ სეგმენტზე ცალმხრივი გავლენის მოხდენასა და უზრუნველყოფს ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას;
5.კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დაშვება, როგორც თანალოკაციის ფართზე, ასევე საკანალიზაციო ჭებში, დაზიანებათა აღმოფხვრისა და მომხმარებელთათვის მომსახურების აღდგენის მიზნით;
6.“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით, შეუზღუდაობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპიდან გამომდინარე, კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ უმოკლეს ვადაში განახორციელოს ყველა ხელშეკრულების გაფორმება იმ მომსახურებათა უზრუნველსაყოფად, რომლითაც დღეის მდგომარეობით სარგებლობს შპს „კავკასუს ონლაინი“.
7. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოყენებულ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 21 ოქტომბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასუს ონლაინს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 20 ოქტომბრამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასუს ონლაინის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა მოითხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოების შეწყვეტა, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიამ 2008 წელს უკვე განიხილა ანალოგიური ხასიათის დავა შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის და მიიღო გადაწყვეტილებები კერძოდ:
1. კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება N536/16, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება.
2. კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება N537/16, რომლის შესაბამისადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაევალა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში და სპილეძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში კომისიის ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა.
3. კომისიის 2008 წლის 26 სექტემბერს N555/17 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც შპს „კავკასუს ონალინს“ ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“, კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისიის სხდომაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ განცხადებაში წარმოდგენილი 7 მოთხოვნიდან, ამ ეტაპისთვის დატოვა მხოლოდ 5 მოთხოვნა, კერძოდ,
1. კომისიამ დაადასტუროს სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
2. კომისიამ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოიყენოს აღსრულება, უშუალო იძულების გამოყენებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;
3. კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დაშვება, როგორც თანალოკაციის ფართზე, ასევე საკანალიზაციო ჭებში, დაზიანებათა აღმოფხვრისა და მომხმარებელთათვის მომსახურების აღდგენის მიზნით;
4. კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ უმოკლეს ვადაში განახორციელოს ყველა ხელშეკრულების გაფორმება იმ მომსახურებათა უზრუნველსაყოფად, რომლითაც დღეის მდგომარეობით სარგებლობს შპს „კავკასუს ონლაინი“.
5. კომისიამ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით გათიშულია შპს „კავკასუს ონლაინის“ 10,000 - მდე აბონენტი, აღნიშნული კი წარმოადგენს მომხმარებლების უფლებების დარღვევას და ამავე დროს, დიდ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას.
რაც შეეხება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტების კანონიერების საკითხის შესწავლას და სს „გაერთიანებულ ტელეკომსთვის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან და სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ოფერტის იმგვარი პირობების დადგენას, რაც ერთი მხრივ, გამორიცხავს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ამ სეგმენტზე ცალმხრივი გავლენის მოხდენასა და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას, შპს „კავკასუს ონალინის“ წარმომადგენელმა აღნიშნული მოთხოვნები ამ ეტაპისთვის მოხსნა, თუმცა განაცხადა, რომ მათი განხილვის მიზნით კომისიას მიმართავდა მოგვიანებით, ცალკე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ასევე კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ კომისიამ საკითხის განხილვამდე, დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ დაშვება თანალოკაციის ფართთან და შესაბამისად, გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება უშუალო იძულების ფორმით.
კომისიის სხდომაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ დაკამყოფილდება სამი პირობა, რაც აუცილებელია კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაფორმებისთვის, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მზად არის დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ხელშეკრულებების გაფორმება. კერძოდ,
1. შპს „კავაკსუს ონლაინმა“, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ უნდა გაუგზავნოს უპირობო აქცეპტი, ამ უკანასკნელის მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაზე, ოფერტაში დადგენილი ფორმით;
2. შპს „კავკასუს ონლაინმა“ უნდა უზრუნველყოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე არსებული დავალიანების დაახლოებით 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის დაფარვა (ზუსტი თანხა არ იქნა დასახელებული სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ).
3. შპს „კავკასუს ონლაინმა“ უნდა უზრუნველყოს სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ საბანკო გარანტიის წარდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასუს ონალინი“ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გაგზავნილ წერილში (02.10.2009 N1/915) ითხოვს, მხარეებს შორის 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული და ამ ეტაპისთვის ვადაგასული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების, სპილენძის სააბონენტო სახაზო საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისა და თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებების იმავე პირობებით ვადის გაგრძელებას, ან იმავე ტექსტით ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, ხოლო 2008 წლის 31 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. გარდა ზემოაღნიშნულისა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ შუამდგომლობა შპს „კავკასუს ონლაინთან“ არსებული დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, შემდეგი გარემოებების გამო,
1.კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება N536/16, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება, ითვალისწინებდა შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ დაყენებულ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-10 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების, დადგენილ ვადებში უპირობოდ და კეთილსინდისიერი შესრულება;
ბ) კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რეალურად უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომლების არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და შეუზღუდავი დაშვება, მის საკუთრებაში არსებულ სათავსებში განთავსებულ შპს ”კავკასუს ონლაინის” აპარატურასთან;
გ) კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს ”კავკასუს ონლაინის” დაუყოვნებლივ ინფორმირება შეფერხებისა და დაზიანების შემთხვევაში, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით;
დ) განემარტოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ აპარატურასთან დაშვების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს დასვენების და უქმე დღეებშიც და მათი მოქმედების შეჩერება არ დაიშვება მოწინააღმდეგე მხარის შიდასაუწყებო აქტებით;
ე) კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, დაშვების კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, არ დაუშვას მისი შიდასაუწყებო აქტებით კანონის ნორმათა და კომისიის გადაწყვეტილებათა ხელოვნური დაკნინება და შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ხელოვნური ბარიერების შექმნა, მისი კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის, დაეკისროს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა - ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით;
ზ) გადაწვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსრულებისათვის.
2. კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება N537/16, რომლის შესაბამისადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაევალა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში და სპილეძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილთან დაშვების შეთავაზების (მოწვევის ოფერტა) წინადადებაში კომისიის ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა, ითვალისწინებდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დაყენებულ შემდეგ მოთხოვნებს: განმცხადებელი ასაჩივრებდა, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ როგორც სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტის, ასევე სატელეფონო საკანალიზაციო არხებთან დაშვების მოწვევის ოფერტის პირობებს და მოითხოვდა კომისიას გადაწყვეტილებით დაევალებინა სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის”, მის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების კომისიის გადაწყვეტილებებთან და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის N555/17 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც შპს „კავკასუს ონალინს“ უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ითვალისწინებდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დაყენებულ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დაზიანებული წყვილების შეცვლა და დაზიანებათა აღმოფხვრა;
ბ) DSL მომსახურებების ჩართვა;
გ) 100 წყვილიანი კაბელების განთავსებისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვების გაცემა და შესაბამისი მარკის ჩარჩოების გამოყოფა.
შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 19 და 26 სექტემბერს შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის განხილული დავები, რომლებზედაც კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები N536/16 და N555/16, იყო განსხვავებული შინაარსის და შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დაყენებული იყო განსხვავებული მოთხოვნები, ვიდრე ამ უკანასკნელმა ამჯერად წარმოადგინა კომისიის წინაშე, ხოლო ის მოთხოვნები, რაც შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დაყენებული იყო კომისიის 2009 წლის 19 სექტემბრის N537/17 გადაწყვეტილებაში, და რაზედაც კომისია არ იქნებოდა უფლებამოსილი განმეორებით ემსჯელა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელმა მოხსნა კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გარდა მხარეებს შორის არსებული ქონებრივი შინაარსის დავისა. ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ დავის განხილვა შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აუცილებელია, გამომდინარე მომხარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საჯარო ინტერესიდან, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობა და შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა კომისიის უშუალო ფუნქციასა და მოვალეობას წარმოადგენს. კომისიას მიაჩნია, რომ მოდავე მხარეებს შორის მიზანშეწონილი და რეალურია მიღწეულ იქნას მორიგება. მხარეებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების დამაბრკოლებელი გარემოებების მოხსნისა და ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებით ხელშეწყობით, კომისიის მიერ შესრულებულ იქნება კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობა, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ, აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ადამიანთა ჯანმრთელობას ან რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან საოპერაციო პრობლემები შეუქმნას სხვა მიმწოდებლებს ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებს, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიცემული ჰქონდა ვადა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად და აღნიშნული ვადის გასვლის მიუხედავად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კვლავ აღუსრულებელია.
გამომდინარე იქიდან, რომ კომისიას არ უმსჯელია და შესაბამისად, არ დაუდგენია სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, ამავე დროს, არ არის მიღებული რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსრულების უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელი იქნებოდა უშუალო იძულების გამოყენება, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი შპს „კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ შუამდგომლობა, შპს „კავკასუს ონლაინთან“ არსებული დავაზე წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობა, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უშუალო იძულების გამოყენების თაობაზე;
3. შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2009 წლის 29 ოქტომბერს 16:00 საათზე;
4. საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს „კავკასუს ონლაინი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
