შპს „ინფოტელ“-სა და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღის დანიშვნისა და მონიტორინგის ჩატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ინფოტელმა” სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ინფოტელს“ სს „გაერთანებულ ტელეკომთან“ გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები. სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“, შპს „ინფოტელს“ მიმართა მოთხოვნით, რათა გაეფორმებინათ ახალი ხელშეკრულებები მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით. ერთ- ერთი პირობაა დავების განხილვა სასამართლოს ნაცვლად შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ მიერ, რასაც შპს „ინფოტელი“ არ ეთანხმება და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ სთავაზობს სხვა კერძო არბიტრაჟს. მიუხედავად ამისა, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ულტიმატუმის სახით აცხადებს, რომ ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით (ოფერტით), წინააღმდეგ შემთხვევაში გათიშავს შპს „ინფოტელს“, რაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული განახორციელა კიდეც 2008 წლის 24 დეკემბერს და რის გამოც, განმცხადებლის შეტყობინებით, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს „ინფოტელს“. წარმოდგენილ განცხადებაში, შპს „ინფოტელი“ ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ურთიერთჩართვის აღდგენა.
საკითხის განსახილველი მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 13 თებერვალს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ინფოტელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.
შპს „ინფოტელი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად შეწყვეტილია ურთიერთჩართვა შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის, რითაც შპს „ინფოტელს“ ადგება დიდი მატერიალური ზარალი და ამავე დროს, კომპანია ითხოვს სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას იმავე პირობებით, რაც კომპანიას შეთავაზებული აქვს სხვა ავტორიზებული პირებისთვის, კერძოდ კი შპს „კავკასუს ონლაინთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებით, სადაც სადაო საკითხის გადაწყვეტისათვის არ არის გათვალისწინებული კერძო არბიტრაჟის მექანიზმის გამოყენება, რაც განმცხადებლისთვის უკეთესი პირობაა, ვიდრე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტით დადგენილი პირობა.
სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ურთიერთჩართვის შეწყვეტას არ ჰქონია ადგილი და შპს „ინფოტელს“ შეწყვეტილი აქვს მხოლოდ სატელეფონო კანალიზაციაში დაშვების ხელშეკრულება, რაც შეეხება შპს „ინფოტელი“-ს მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სხვა ავტორიზებულ პირებს, კერძოდ შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ინფოტელი“-ს მიერ შემოთავაზებული იქნება საბანკო გარანტია, რაც გათვალისწინებულია სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებულ და დღეს მოქმედ ხელშეკრულებაში, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მზად არის გააფორმოს ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს „ინფოტელთან“ იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
მოდავე მხარეებმა მოითხოვეს, კომისიამ იმოქმედოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვის დღე და ამავე დროს, უნდა დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს შემოწმების აქტის წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი ურთიერთჩართვის შეწყვეტას შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის და იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგით დადასტურდება ურთიერთჩართვის შეწყვეტის ფაქტი, კომისიის წინაშე წარმოდგენილ უნდა იქნას დასაბუთებული დასკვნა ურთიერთჩართვის შეწყვეტის ტექნიკური და იურიდიული საფუძვლების მითითებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვა 2009 წლის 20 თებერვალს 16 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ შპს „ინფოტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ (ნ.ნიჟარაძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), 2009 წლის 20 თებერვლამდე, მონიტორინგის ჩატარება და შემოწმების აქტის წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი ურთიერთჩართვის შეწყვეტას შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის, ხოლო ურთიერთჩართვის შეწყვეტის ფაქტის მონიტორინგით დადასტურების შემთხვევაში, კომისიის წინაშე წარმოადგინოს დასაბუთებული დასკვნა ურთიერთჩართვის შეწყვეტის ტექნიკური და იურიდიული საფუძვლების მითითებით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
