საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, საქართველოს დიპლომატიური აკადემიისა და გ. გონაშვილის და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინის” შორის დავის განხილვის
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 6 ოქტომბერს მიმართა (წერილი N10/566-09) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) ავტორიზებული პირის - შპს ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლების (აბონენტების) - საქართველოს დიპლომატიური აკადემიის და გ. გონაშვილის ინტერნეტ მომსახურების აღდგენის თაობაზე შესულ განცხადებებზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომართვაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლებმა, საქართველოს დიპლომატიურმა აკადემიამ (მის: ალ.ყაზბეგის N 34, ტელ: 39-04-94) და აბონენტმა გ. გონაშვილმა (მის: თამარ მეფის N 22, ტელ: 35-31-30). მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტის გამო. მათივე განცხადებით მომსახურების მიწოდების შეწყვეტის მიზეზი არის სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დადებული ხელშეკრულების ვადების ამოწურვა. მომხმარებლები ითხოვენ შპს ”კავკასუს ონლაინმა” შეასრულოს აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღუდგინოს აბონენტებს ინტერნეტ მომსახურება.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ:
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი. ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების შესახებ, მათ შორის დაზიანების აღმოფხვრის პირობების თაობაზეც. ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს შეატყობინოს მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დროულად აღმოფხვრას დაზიანებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ჩართულ იქნას მხარედ, მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 6 ოქტომბრის (N10/566-09) მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, საქართველოს დიპლომატიური აკადემიასა და გ. გონაშვილის და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინის” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;
2. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი (ნ. შოვნაძე) ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ - შპს ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლების - საქართველოს დიპლომატიური აკადემიისა და გ. გონაშვილის ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხედ განისაზღვროს შპს ”კავკასუს ონლაინი”;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 6 ნოემბერს 16.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
წევრები: ს. ბრიტანჩუკი
ი. მოსეშვილი
ა. სიხარულიძე
კ. კვიტაიშვილი
