წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 543 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლის უკანონოდ მიჩნევისა და აღნიშნული მუხლის ოფერტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ იქნა სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად, ერთი ჩარჩოს განთავსების ფასი - 30 ლარი უკანონოა.

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტის 3.1 მუხლი მიაჩნია უკანონოდ შემდეგი გარემოებების გამო:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის შესაბამისად, დაშვების წერტილი განმარტებულია, როგორც თანალოკაციის ფართობზე განთავსებული  წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია აღნიშნულ ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაწოდოს თანალოკაციის ფართზე განლაგებულ, ამ უკანასკნელის სააპარატო დგარის საზღვარზე;

2. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.“ ანუ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეები შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაწოდოს შესაბამისი თანალოკაციის წერტილში.

3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კროსში, მათ მიერვე განთავსებული ჩარჩოების დანიშნულებაა ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება, შესაბამის თანალოკაციის წერტილში და ამ ჩარჩოების, ისევე როგორც საოპერაციო სიმძლავრეების მისაწოდებლად აუცილებელი ქსელის სხვა ელემენტების ღირებულება, ბუნებრივად შესულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ღირებულებაში.

მოთხოვნა:

1. სს „გაერთიანებულ ტელეკომის“  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლი მიჩნეულ იქნას უკანონოდ;

2. დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ამოიღოს ოფერტიდან 3.1 მუხლი;

3. განემარტოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ იგი ვალდებულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისათვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეები მიაწოდოს შესაბამის თანალოკაციის წერტილში.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 30 სექტემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N502/16, რომლის შესაბამისადაც, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 23 ოქტომბრისთვის; ამავე გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ შუამდგომლობის საფუძველზე, დავაში მესამე პირებად ჩართულ იქნენ შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „ივერია ქსელი“. გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „ივერია ქსელს“ დაეკისრათ ვალდებულება, 2009 წლის 16 ოქტომბრამდე კომისიაში წარმოედგინათ წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას, წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები (ტექნიკური რესურსები, ადამიანური რესურსები, შესაბამისი ხარჯების მითითებით), ერთ სააბონენტო წყვილზე გადაანგარიშებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ შპს „ახტელის“ შპს „ივერია ქსელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, თუმცა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემები საჭიროებდა დაზუსტებას, რის გამოც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნა კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის სხდომისთვის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დავა არ ეხება ამ ორ კომპანიას, ვინაიდან აღნიშნული კომპანიების სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) არსებული მუხლი, რომელიც შეიცავს სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას ჩარჩოს განთავსების ყოველთვიურ ქირას, არ წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომელსაც ითვალისწინებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტა და რომლისთვისაც სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მოწვევის ოფერტაში დადგენილი აქვს საფასური - 30 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს 2009 წლის 29 ოქტომბრის 16:00 საათამდე და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „ივერია ქსელს“ უნდა დაევალოთ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, რათა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცეს კომისიის წინაშე წარმოადგინოს დასკვნა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულ იქნა კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის N471/16 გადაწყვეტილებით. ამავე დროს, კომისიამ მიიჩნია, რომ  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სს „გაერთიანებული ტელეკომში“, შპს „ახალი ქსელებში“ და შპს „ახტელში“ ჩარჩოს სახეობის ტექნიკური აღწერილობის დადგენა, აგრეთვე ჩარჩოს განთავსების ადგილისა და მესაკუთრის ვინაობის განსაზღვრა და ზემოაღნიშნულის საფუძველზე, დასკვნის წარმოდგენა შემდეგ საკითხზე: სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების გაწევისას, ხდება თუ არა, ჩარჩოებით, მსურველი ავტორიზებული პირისთვის (პირებისთვის) იდენტური მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-6 თავისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.   სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1. მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვა, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის გადაიდოს 2009 წლის 29 ოქტომბრის  16 საათზე;

2. უზრუნველყონ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“ და შპს „ივერია ქსელმა“ 2009 წლის 27 ოქტომბრამდე კომისიაში, მათ მიერ კომისიაში  ერთ სააბონენტო წყვილზე გადაანგარიშებით, წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას, წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯების (ტექნიკური რესურსები, ადამიანური რესურსები, შესაბამისი ხარჯების მითითებით) თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს, 2009 წლის 28 ოქტომბრამდე, სს „გაერთიანებული ტელეკომში“, შპს „ახალი ქსელებში“ და შპს „ახტელში“ ჩარჩოს სახეობის ტექნიკური აღწერილობის დადგენა, აგრეთვე ჩარჩოს განთავსების ადგილისა და მესაკუთრის ვინაობის განსაზღვრა და ზემოაღნიშნულის საფუძველზე, დასკვნის წარმოდგენა შემდეგ საკითხზე: სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების გაწევისას,  ხდება თუ არა, ჩარჩოებით, მსურველი ავტორიზებული პირისთვის (პირებისთვის) იდენტური მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა.

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                    ს.ბრიტანჩუკი

                                                                                  კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები