რიგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ”ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება”.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ.რატიშვილის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის მიერ ხელმოწერილი 2009 წლის 6 ოქტომბრის №10/572-09 და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის მიერ ხელმოწერილი 2009 წლის 6 ოქტომბრის №10/567-09 სამსახურეობრივი ბარათები საიდანაც ირკვევა, რომ რიგი სამაუწყებლო კომპანიების მიერ, კომისიაში ხდება რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებების წარმოდგენა და ეს იმ დროს, როცა აღნიშნული კომპანიები ახორციელებენ მათ მფლობელობაში არსებული სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალისწინებულ საქმიანობას. კერძოდ აღნიშნული კომპანიებია:
1. შპს ”მიუზიკ ბოქს ჯორჯია” - რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიას;
2. შპს ”კორტესი გიდაგო” - რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB7 ლიცენზიას;
3. შპს ”ფოლკ რადიო” - რომელიც ფლობს კერძოდ მაუწყებლობისNB98 ლიცენზიას;
4. შპს ”რ-რადიო” - რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB104 ლიცენზიას.
კომისიის აპარატის საფინანსო, მაუწყებლობის რეგულირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების სანქცირების თაობაზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიებს შეტყობინებით ეცნობათ 2009 წლის 16 ოქტომბერს. მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „რ-რადიოს“, შპს „კორტესი გიდაგოს“ და შპს „ფოლკ რადიოს“ წარმომადგენლები.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში 2009 წლის 21 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა შპს „კორტესი გიდაგოს“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად, კომპანიის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა წარმოებს საკასო მეთოდით და შესაბამისად, მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა წარმოდგენილია ნულოვანი გაანგარიშებით.
კომისიაში 2009 წლის 22 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა შპს „მიუზიქ ბოქს ჯორჯიას“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს შპს „ტელეკომპანის თბილისთან“, ამ უკანასკნელის პროგრამების შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით და აღნიშნული შეთანხმების იურიდიულად გაფორმებამდე, არხი მაუწყებლობდა ტესტურ რეჯიმში. ამჟამად, 2009 წლის 1 ოქტომბრიდან შპს „ტელეკომპანია თბილისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ტელეკომპანია თბილისი“, შპს ”მიუზიკ ბოქს ჯორჯიას” ეთერში პროგრამების განთავსების სანაცვლოდ საწყის ეტაპზე კომპანიას გადაუხდის თვეში 300 ლარს, შესაბამისად, რეგულირების საფასური კომისიაში გადახდილი იქნება ოქტომბრის თვის შემოსავლების მიხედვით კანონით დადგენილი წესით.
შპს „ფოლკ რადიოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია განიცდის ფინანსურ პრობლემებს და პრაქტიკულად არ აქვს შემოსავალი. ამავე დროს, კომპანიას გააჩნია დავალიანება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიმართაც და შპს „ფოლკ რადიოს“ შემოსავლებიდან თანხა მთლიანად გადაირიცხა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ დავალიანების დასაფარავად, მაგრამ ამჟამად კომპანის კვლავ გააჩნია დავალიანება.
შპს „რ-რადიოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია, არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, განიცდის სერიოზულ პრობლემებს, შემოსავალი პრაქტიკულად არ აქვს და შესაბამისად, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები შეესაბამება კომპანიაში არსებულ რეალურ სიტუაციას.
კომისია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად აღნიშნავს შემდეგს:
კომისიამ გაიზიარა შპს „კორტესი გიდაგოს“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, კომპანიის მიერ შემოსავლების საკასო მეთოდით აღრიცხვასთან დაგავშირებით, ასევე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-200 მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა, რომელიც იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს, შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტის და ხარჯების დაქვითვა მოახდინოს განაღდების შემდეგ“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ დასტურდება შპს „კორტესი გიდაგოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის ფაქტი და შესაბამისად, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, შპს „კორტესი გიდაგოს“ სანქცირებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ფოლკ რადიოს“ და შპს „რ-რადიოს“ მიერ რეგულირების საფასურსი გადაუხდელობას, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურეობრივი ბარათიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ახორციელებენ მაუწყებლობას და ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ, მაშინ როცა საფინანსო დეპარტამენტის მანაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ამ კომპანიათა მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, რაც ააშკარავებს მათი მხრიდან რეგულირების საფასურის გადახდისაგან თავის არიდების ფაქტს, რითაც ირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი.
ის ფაქტი, რომ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“ მისივე განცხადებით მაუწყებლობს სატესტო რეჟიმში, არ ათავისუფლებს მას კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან, რაც გათვალისწინებულია ამ უკანასკნელის სალიცენზიო პირობებით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს კომპანიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია სატესტო რეჟიმში მაუწყებლობს, მითუმეტეს, რომ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ მიერ რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები წარმოდგენილია 2005 წლიდან.
კომისია ასევე ვერ გაიზიარებს შპს „ფოლკ რადიოს“ და შპს „რ-რადიოს“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ კომპანიები განიცდიან ფინანსურ სირთულეებს და შესაბამისად, მათ მიერ ვერ ხორციელდება რეგულირების საფასურის გადახდა. იმ გარემოებას, რომ შპს „რ-რადიოს“ და შპს „ფოლკ რადიოს“ მიერ ხორციელდება მაუწყებლობა, ადასტურებს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმება. ამავე დროს, კომპანიების მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიებს შეჩერებული აქვთ სამეწარმეო საქმიანობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „რ-რადიოს“ და შპს „ფოლკ რადიოს“ მიერ ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სანქცირების საფუძველს, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „რ-რადიოს“ და შპს „ფოლკ რადიოს“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან სანქციის გამოუყენებლად ზემოაღნიშნული კომპანიების მხრიდან არ მოხდება დარღვევის აღმოფხვრა. გარდა ზემოაღნიშნულისა კომისიამ დისკრეციის ფარგლებში უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით.
მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „კორტესი გიდაგოს“ მიმართ;
2. მიეცეს გაფრთხილება შპს ”რ-რადიოს”, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
3. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ფოლკ რადიოს” ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
4. მიეცეს გაფრთხილება შპს ”მიუზიკ ბოქს ჯორჯიას” ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კორტესი გიდაგოს“, შპს „რ-რადიოს“ შპს „ფოლკ რადიოს“ და შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „კორტესი გიდაგოს“, შპს „რ-რადიოს“, შპს „ფოლკ რადიოს“ და შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
