წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების

ნომერი: 549 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2009

29.10.2009 - 13.11.2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლის უკანონოდ მიჩნევისა და აღნიშნული მუხლის ოფერტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ იქნა სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად, ერთი ჩარჩოს განთავსება 30 ლარი ღირს და აღნიშნული პუნქტი უკანონოა.

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტის 3.1 მუხლი მიაჩნია უკანონოდ შემდეგი გარემოებების გამო:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის შესაბამისად, დაშვების წერტილი განმარტებულია, როგორც თანალოკაციის ფართობზე განთავსებული  წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია აღნიშნულ ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაწოდოს თანალოკაციის ფართზე განლაგებულ, ამ უკანასკნელის სააპარატო დგარის საზღვარზე;

2. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება,“ ანუ, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეები შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაწოდოს შესაბამისი თანალოკაციის წერტილში.

3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კროსში, მათ მიერვე განთავსებული ჩარჩოების დანიშნულებაა ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება, შესაბამის თანალოკაციის წერტილში და ამ ჩარჩოების, ისევე როგორც საოპერაციო სიმძლავრეების მისაწოდებლად აუცილებელი ქსელის სხვა ელემენტების ღირებულება, ბუნებრივად შესულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ღირებულებაში.

მოთხოვნა:

1. სს „გაერთიანებულ ტელეკომის“  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლი მიჩნეულ იქნას უკანონოდ;

2. დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ამოიღოს ოფერტიდან 3.1 მუხლი;

3. განემარტოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ იგი ვალდებულია ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისათვის აუცილებელი საოპერაციო სიმძლავრეები მიაწოდოს შესაბამის თანალოკაციის წერტილში.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 30 სექტემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N502/16 რომლის შესაბამისადაც, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 23 ოქტომბრისთვის; ამავე გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ შუამდგომლობის საფუძველზე, დავაში მესამე პირებად ჩართულ იქნენ შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „ივერია ქსელი“. კომისიის გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „ივერია ქსელს“ დაეკისრათ ვალდებულება, 2009 წლის 16 ოქტომბრამდე კომისიაში წარმოედგინათ წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას, წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები (ტექნიკური რესურსები, ადამიანური რესურსები, შესაბამისი ხარჯების მითითებით), ერთ სააბონენტო წყვილზე გადაანგარიშებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ შპს „ახტელის“ შპს „ივერია ქსელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, თუმცა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემები საჭიროებდა დაზუსტებას, რის გამოც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნა კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის სხდომისთვის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დავა არ ეხება ამ ორ კომპანიას, ვინაიდან აღნიშნული კომპანიების სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) არსებული მუხლი, რომელიც შეიცავს სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას ჩარჩოს განთავსების ყოველთვიურ ქირას, არ წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომელსაც ითვალისწინებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტა და რომლისთვისაც სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მოწვევის ოფერტაში დადგენილი აქვს საფასური 30 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N543/16 გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 29 ოქტომბრის 16:00 საათზე და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „ივერია ქსელს“ დაევალათ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ამავე გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სს „გაერთიანებული ტელეკომში“, შპს „ახალი ქსელებში“ და შპს „ახტელში“ ჩარჩოს სახეობის ტექნიკური აღწერილობის დადგენა, აგრეთვე ჩარჩოს განთავსების ადგილისა და მესაკუთრის ვინაობის განსაზღვრა და ზემოაღნიშნულის საფუძველზე, დასკვნის წარმოდგენა შემდეგ საკითხზე: სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების გაწევისას,  ხდება თუ არა, ჩარჩოებით, მსურველი ავტორიზებული პირისთვის (პირებისთვის) იდენტური მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მხოლოდ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე, წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან სხვა კომპანიის დაშვების დროს, თანალოკაციის ფართიდან, სადაც განლაგებულია დაშვების მსურველი ოპერატორის მოწყობილობა, ჩადებულია სპილენძის კაბელი, რომელიც დაშვების უზრუნველმყოფი ოპერატორის (სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“) კროსში ბოლოვდება ჩარჩოზე. ჩარჩო (მათივე განმარტებით) სს „გაერთიანებული ტელეკომის“ შემთხვევაში მათივე საკუთრებაა, ხოლო შპს „ახალი ქსელების და შპს „ახტელის შემთხვევაში, დაშვების მსურველი ოპერატორის საკუთრებას წარმოადგენს. ამ ჩარჩოდან ხდება გადაკროსვა ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მსურველი კონკრეტული აბონენტის სააბონენტო და სახაზო მხარის ჩარჩოზე.“

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

„შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვის გადადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N502/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, შპს ”ახალი ქსელებმა”, შპს ”ახტელმა” და შპს ”ივერია ქსელმა” კომისიაში წარმოადგინეს წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას, წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები.

სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას,  წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯების წარმოდგენილი მონაცემები კომისიაში განხილული იქნა სს ”გაერთიანებული ტელეკომისა” და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლებთან ერთად. განხილვის შედეგად, პოზიციების შეჯერების შემდეგ, ხარჯების სტრუქტურამ ცვლილებები განიცადა.

საქმიანობის ამ სახეზე გასაწევი ხარჯების ერთგვაროვნობიდან გამომდინარე, დასკვნისათვის, საფუძვლად არჩეული იქნა კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯების განაწილების მოდელში ასახული ეფექტური დანახარჯების შეფასების მონაცემები.

კომისიის მიერ, 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-16 მუხლის შესაბამისად ”დანახარჯების განაწილების სისტემის შემუშავება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

ა. უნდა დადგინდეს ავტორიზებული პირის საწარმოო საქმიანობის ძირითადი სახეობები. საქმიანობის ძირითადი სახეობების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი აუცილებლობის გამომწვევი ფაქტორები და მომხმარებლებზე (მათ შორის ბოლო მომხმარებლებზე) მიწოდებული მომსახურების სხვა და სხვა სახის უზრუნველყოფასთან სპეციფიკური მიზეზობრივი კავშირი.

ბ. უნდა ჩამოყალიბდეს საქმიანობის თითოეული სახეობისათვის დანახარჯთა კატეგორიები და მუხლები. საოპერაციო დანახარჯების და კაპიტალის ხარჯების ცალკეული შემადგენელი მუხლების საქმიანობის სახეზე განაწილება უნდა მოხდეს სპეციფიური მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით;

კომპანიის მიერ წარმოდგენილი მოდელის მიხედვით შიდასაწარმოო საქმიანობის ზემოაღნიშნულ სახეზე ხარჯები დაანგარიშებულია 10 000 შიდა კროსირების წყვილზე/თვეში. ხარჯები დაყოფილია საოპერაციო და კაპიტალურ ხარჯებად.

ხარჯების განაწილების წარმოდგენილ მოდელში, ხარჯები საბოლოოდ გაანგარიშებულია ერთი სასადგურო ჩარჩოს მიხედვით, რომელზეც შესაძლებელია 128 წყვილის მიერთება, ანუ შესაძლებელია DSL მომსახურებას ღებულობდეს 64 აბონენტი (რადგანაც, ერთი აბონენტის DSL მომსახურების მიწოდებისათვის საჭიროა ორი კროსირების წყვილის გამოყოფა). კომისიის ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, ხარჯები გამოანგარიშებული და განაწილებული უნდა იქნას არა ერთ სასადგურო ჩარჩოზე, არამედ ერთ აბონენტზე და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ტარიფი უნდა დადგინდეს, ერთი აბონენტის DSL მომსახურების მიწოდებისათვის წყვილების რესურსთან დაშვებისათვის ერთჯერადი ხარჯების ასანაზღაურებლად. 

სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ხარჯების განაწილების მოდელიდან, კერძოდ, საოპერაციო ხარჯების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა: დასუფთავების, სახანძრო საშუალებების, დაცვასა და სიგნალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რადგანაც ეს ხარჯები უკვე გათვალისწინებულია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფში (11.68 ლარი). შესაბამისად, საოპერაციო და მოვლა-დაზიანებების აღმოფხვრის ხარჯებში აისახა შემდეგი ხარჯები: კროსირების მავთული, კროსირებისათვის საჭირო ხელსაწყოები (როგორც სწრაფცვეთადი აღჭურვილობა), საკანცელარიო ქაღალდი და შრომის ანაზღაურება.

აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით ერთ წყვილზე დანახარჯმა 0.1159 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ DSL აბონენტზე (ორ წყვილზე) 0.2319 ლარი. 5 წლიან პერიოდზე გადაანგარიშებით, თვეში 2,05% (კაპიტალის ღირებულება 24.54% ერთ თვეზე გადაანგარიშებით) გათვალისწინებით, კაპიტალიზებული ერთჯერადი გადასახდელი თანხა 7.97 ლარია (დღგ-ს გარეშე).

თავდაპირველად წარმოდგენილი ერთჯერადი კაპიტალიზირებადი ხარჯების ჩამონათვალიდან (აქტივების ჩამონათვალიდან) გამორიცხულ იქნა: სახაზო ჩარჩო, სახაზო დამცველი, სახაზო სიგნალიზაცია, ვერტიკალის სიგნალიზაცია და კროსის კაბელმზიდი. როგორც საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც ისინი გათვალისწინებულია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფში (11.68 ლარი). ამასთან, კაპიტალურ ხარჯებში, კროსის კონსტრუქციასა და სასადგურო ჩარჩოს, დაემატა მის მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების ღირებულება და აბონენტის ჩართვასთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა კროსირების მავთული, ადმინისტრირების, ექსპერტიზისა და საპროცედურო ხარჯები.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინების შემდეგ, ერთ წყვილზე ერთჯერადი კაპიტალიზირებადი ხარჯები შეადგენს - 4.67 ლარს, ხოლო ერთ DSL აბონენტზე (ორ წყვილზე) 9.33 ლარს დღგ-ს გარეშე. DSL აბონენტის უშუალოდ ჩართვასთან დაკავშირებული ადმინისტრირების ხარჯები - 0.80 ლარს. ანუ, სულ ერთი DSL აბონენტისათვის (ორ წყვილზე) ერთჯერადად გაწეული ხარჯები დღგ-ს გარეშე ჯამში შეადგენს - 18.11 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 21.37 ლარს.

ანალოგიური ხარჯები, იგივე მოცულობებითა და ფასებით უნდა იქნეს გათვალისწინებული სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საკუთარი ერთი DSL აბონენტისათვის.“ (დასკვნას თანდართული აქვს დანართი: A. საოპერაციო და მოვლა დაზიანებების აღმოფხვრის ხარჯი (გარდამავალი); B.ერთჯერადი კაპიტალიზირებადი ხარჯი; C. ადმინისტრირების ხარჯი).

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, კომისიის 2009 წლის 29 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდნენ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლები, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, ხოლო საკითხის განხილვა გაგრძელდა 2009 წლის 5 ნოემბერს 16:00 საათზე, სადაც ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული პირები განმეორებით იქნენ მოწვეულნი წერილობითი შეტყობინებებით.

2009 წლის 5 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და სპს „ახტელის“, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ წარმომადგენლები, გაგრძელდა საკითხის მოსმენა, რის შემდეგაც გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 2009 წლის 10 ნოემბრის 16:00 საათისთვის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ 2009 წლის 9 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის მიუღებელია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა შემდეგი გარემოებების გამო:

1. დავის საგანს წარმოადგენს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლში მოყვანილი ჩარჩოს განთავსების მომსახურების შეთავაზების კანონიერების საკითხი. ხოლო დასკვნაში მოცემულია აღნიშნული ოფერტის 3.2 მუხლით გათვალისწინებული ტარიფების კვლევა და არაფერია ნათქვამი 3.1 პუნქტზე.

2.  დასკვნის დანართ B-ში დათვლილია ერთჯერადი კაპიტალიზირებადი ხარჯები. ეს ხარჯები ხორციელდება ერთჯერადად, თანალოკაციის ფართთან ფართოზოლოვან რესურსზე პოტენციურად გადასართავი წყვილების მოყვანისას და იგი არ მეორდება ყოველი აბონენტის ფართოზოლოვან რესურსზე გადართვისას. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯები არ უნდა იქნას გათვალისწინებული ერთი  DSL აბონენტის გადართვის სრულ ერთჯერად დანახარჯებში;

3. დასკვნის დანართებში A და C ერთ DSL აბონენტზე ხარჯები დათვლილია როგორც ორ წყვილზე ხარჯების ჯამი. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ კი მიაჩნია, რომ აღნიშნულ დანართებში გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ერთ წყვილზე გაწეული ხარჯები.

მოთხოვნები:

1. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 5 ნოემბერს წარმოდგენილი   დასკვნა არ იქნას მიღებული განსახილველად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს, წარმოადგინოს დასკვნა უშუალოდ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის გათვალისწინებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 2009 წლის 13 ნოემბრის კომისიის სხდომისთვის.

კომისია, მხარეთა შუამდგომლობების, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპატამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ 2009 წლის 9 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი შუამდგომლობის  ანალიზის საფუძველზე, აღნიშნავს შემდეგს:

1. კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის N808/22 გადაწყვეტილებით გამოკვლეულ იქნა აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტი და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაეკისრა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ განისაზღვრა:

ა) ADSL და DSL-ის ჩართვის და გამორთვის მომსახურების ტარიფის ზედა ზღვრული ოდენობა: ჩართვა – 7 ლარი დღგ-ს ჩათვლით; გამორთვა – 3.5 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

ბ) ADSL და DSL  ტექნილოგიით ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისათვის სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი – 3.5 (სამი ლარი და 50 თეთრი) ლარი დღგ-ს ჩათვლით;

2.   კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის, მათ შორის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ დადგენილ იქნა, სააბონენტო სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილების ხმოვან რესურსზე, ზედა ზღვრული ტარიფი 3,5 ლარი, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი - 11.68 ლარი.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) ითვალისწინებს შემდეგ ტარიფებს:

ა) სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილი გამოცალკევებულად ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება იქ, სადაც ამავე წყვილის ხმოვანი რესურსით მომსახურებას ახორციელებს სს „გაერთიანებული ტელეკომი“ – 11.65 ლარი თვეში;

ბ) სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილთან დაშვება - 3,5+11,65=15.15 ლარი თვეში;

გ)რესურსთან დაშვების (საინსტალაციო) ერთჯერადი ტარიფი - 7 ლარი;

დ)რესურსთან დაშვების შეწყვეტის (დეინსტალაციის) ერთჯერადი ტარიფი - 3.5 ლარი;

ე) ერთი ჩარჩოს განთავსება - 30 ლარი;

ამ უკანასკნელის გარდა, ყველა ტარიფი დადგენილია გაწეული მომსახურებისთვის და შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფებს. ამასთან მოწვევის ოფერტის 3.1  პუნქტში გათვალისწინებული ჩარჩოთი საქმიანობა და მოწვევის ოფერტით გათვალისწინებულ მომსახურებათა მიწოდება, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, დაკავშირებულია როგორც გარდამავალ, ისე ერთჯერად ხარჯებთან და ბუნებრივია რომ ის უნდა აისახოს მოწვევის ოფერტაში, მაგრამ არა ცალკე, არამედ, მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფებში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, კომისიის მიერ ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებულ დავაზე იმ მიზეზის გამო, რომ ამ ეტაპზე, კომისიის მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს სს“ გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე ავტორიზებული პირის მიერ, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისას,  წყვილის ჩართვის (ინსტალაციის) შიდასაწარმოო საქმიანობის სახეებზე განაწილებულ დანახარჯებში, შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი საინსტალაციო ერთჯერად ტარიფში, შედის თუ არა ჩარჩოთი საქმიანობის ერთჯერადი ან/და გარდამავალი ხარჯებიც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილკება N525/23  „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ცალკეულ სეგმენტზე განხორციელებული რეგულირების მიუხედავად, ასევე კომისიის მიერ დაურეგულირებელი ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, კომისიაში არსებული (ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი) ინფორმაციით, აშკარად გამოიკვეთა არადროებითი ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლების არსებობა, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან ერთობლივად, პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და მოცემულ ეტაპზე კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა  შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“  შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, მე-6 თავის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.      შეჩერდეს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“  შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 3.1 მუხლთან დაკავშირებული დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე;

2.      ეცნობოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „ივერია ქსელს“, რომ დავის განხილვა განახლდება კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

3.      გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).        

კომისიის თავმჯდომარე                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     კ.კვიტაიშვილი

                                                                                 ა. სიხარულიძე                     

                                                                                 ი. მოსეშვილი                                                 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები