სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” მათ მიმართ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 78,060 (სამოცდათვრამეტი ათას სამოცი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთანებულ ტელეკომსა“ და შპს „ინფოტელს“ შორის 2007 წლის 5 ივნისს გაფორმდა შეთანხმების ოქმი, რომლის შესაბამისადაც, შპს „ინფოტელი“ აღიარებდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ არსებულ დავალიანებას 71, 201.24 (სამოცდათერთმეტი ათას ორას ერთი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით და კისრულობდა დავალიანების დაფარვის ვალდებულებას, შეთანხმებაში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, 2007 წლის 30 ნოემბრამდე. ამასთან, შპს „ინფოტელს“, ამ პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადთან ერთად უნდა გადაეხადა მიმდინარე მომსახურების გადასახადები, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს «ინფოტელის» მიერ არ იქნა შესრულებული მხარეთა შორის 2007 წლის 5 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მისმა დავალიანებამ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 78,060 (სამოცდათვრამეტი ათას სამოცი) ლარი. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის სს «გაერთიანებული ტელეკომის» მიერ შპს «ინფოტელისთვის» 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული საურავები და ჯარიმები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის 2007 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, დღემდე მოქმედია.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 30 იანვრის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ 2009 წლის 22 იანვარს ეცნობათ სს „გაერთაინებულ ტელეკომს“ და შპს „ინფოტელს“ (22.01.2009 N03/52-09; N03/53-09), შპს „ინფოტელს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 28 იანვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე შპს „ინფოტელი“-ს მიერ სრულად იქნა აღიარებული სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ წინაშე არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. შპს „ინფოტელმა“ დავალიანების დაფარვის მზადყოფნა განაცხადა, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და შპს „ინფოტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მიეცათ ვადა კომისიის სხდომაზე წარმოედგინათ დავალიანების დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დღეს - 2009 წლის 13 თებერვალს, კომისიის სხდომაზე შპს „ინფოტელი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ინფოტელი“-ს დავალიანებამ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წინაშე შეადგინა 79,005 (სამოცდაცხრამეტი ათას ხუთი) ლარი. ურთიერთშედარების აქტით გათვალისწინებულია ასევე დავალიანების დაფარვის გრაფიკი. აღნიშნულ გრაფიკს არ დაეთანხმა სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია”, შესაბამისად, გამომდინარე მომხარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საჯარო ინტერესიდან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, კომისიამ უნდა დაადგინოს შპს „ინფოტელი“-ს მიერ, სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სთვის დავალიანების დაფარვის გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ინფოტელი“-ს მიერ დავალიანების დაფარვა დაიწყება კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში და ამავე დროს, არ მოხდება დავალიანების გაზრდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შპს „ინფოტელის“ მიერ მოხდება დამტკიცებული დავალიანების გრაფიკის დარღვევა, ან მიმდინარე დავალაინების გაზრდა, სს „გაერთიანებულ იტელეკომი“ უფლებამოსილი იქნება შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა.
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს „ინფოტელმა” სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წინაშე 2008 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების - 79,005 (სამოცდაცხრამეტი ათას ხუთი) ლარის დაფარვა 6 თვის ვადაში, თანაბარწილად, ყოველთვიურად. ამასთან, შპს „ინფოტელმა“ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სთვის პირველი გადახდა უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
2. მიეცეს თანხმობა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შეაჩეროს შპს „ინფოტელთან“ არსებული ურთიერთჩართვა შპს „ინფოტელი“-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დარღვევის ან/და სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
