ერთი მხრივ შპს „მაგთიკომს“ და მეორე მხრივ სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ შორის შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილ ტარიფთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს „ახტელმა“ და სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“, შპს „მაგთიკომთან“ დავის განხილვის მოთხვნით.
კომისიაში შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ივნისიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ შემოღებულ იქნა ახალი ტარიფი, რომლის შესაბამისადაც, შპს „მაგთიკომის“ მობილურიდან, მაგთიფიქსის მიმართულებით დარეკვის ახალი საცალო ტარიფი შეადგენს 15 თეთრს, ხოლო შპს „მაგთიკომიდან“ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ აბონენტებთან დარეკვის საცალო ფასია 28.8 თეთრი. ბოლო პერიოდში, შპს „მაგთიკომი“ მომხმარებელს სთავაზობს 5 თეთრად დარეკვას 5 არჩულ ნომერზე, რაც იმას გულისხმობს, რომ დარეკვა ფაქტობრივად შესაძლებელია 5000 ნომერზე, ხელოვნურად შემცირებული ტარიფით. შპს „მაგთიკომი“ აღნიშნული ტარიფის არსებობას ამართლებს იმ გარემოებით, რომ ტარიფის შემოღებას დროებითი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა ერთჯერად აქციას. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ აზრით, შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს დისკრიმინაციას, ფიქსირებული ქსელით მომსახურების სფეროში კონკურენციის შეზღუდვას და ადგილობრივი ქსელის ოპერატორების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. შპს „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, როგორც მობილურ ბაზარზე, ისე საცალო (მაგთი ფიქსის) სეგმენტზე ქმნის დაბრკოლებას ე.წ. „bandling” სერვისის ფარგლებში, ანუ ახდენს სუბსიდირებას ტარიფში, რის ხარჯზეც აწესებს არაგონივრულ დაბალ ტარიფს. განმცხადებლები მიუთითებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) და დ) პუნქტებზე და აღნიშნავენ, რომ ელექტროსადენიან და უსადენო ქსელებს შორის არანაირი განსხვავება არ არის და შპს „მაგთიკომს“ გააჩნია ისეთივე ვალდებულებები, როგორც სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და მის მიერ განხორციელებული ქმედებით, კომპანია ასევე არღვევს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს.
მოთხოვნები:
1. კომისიამ დაავალდებულოს შპს „მაგთიკომი“ არ დაუშვას კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა ოპერატორი, არ შეზღუდოს ფიქსირებული ქსელით მომსახურეობის სფეროში კონკურენცია, ხელი არ შეუშალოს მომხმარებელს მიიღოს ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, დაადგინოს მომსახურების ბაზრის სეგმენტზე არადისკრიმინაციული ტარიფი, მოხსნას სატარიფო ზეწოლა და არ შეწღუდოს მომხმარებელი მისთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობაში.
2. შპს „მათიკომის“ მიერ ზემოაღნიშნული დარღვევების გამო კომისიამ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები;
3. კომისიამ კომპლექსურად გამოიკვლიოს ქმნის თუ არა შპს „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაბრკოლებას (მობილურ, ფიქსირებულ და ინტერნეტ ბაზარზე).
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მაგთი ფიქსის მიმართულებით და მაგთი ფიქსიდან მაგთის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფების დაწესებით, ირღვევა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა, უნდა უზრუნველყოს ელექტყრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრული მაღალი ტარიფის დაწესება ან სატარიფო ზეწოლა. შპს „მაგთიკომი“ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით არღვევს „ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ახორციელებს სატარიფო ზეწოლას, რის გამოც ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე იქმნება არაკონკურენტუნარიანი გარემო. შპს „მაგთიკომის“ მიერ ასევე ირღვევა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
მოთხოვნები:
1.კომისიამ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 30 ოქტომბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. შპს „მაგთიკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 26 ოქტომბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 29 ოქტომბერს კომისიაში, განსახილველ საკითხთან დაკავსირებით, წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ განცხადება (6/3077-09) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ არ ეთანხმება შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებებს შემდეგი გარემოებების გამო:
1. ის მოთხოვნები, რაც კომისიის წინაშე დაყენებული აქვს შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ კომისიის მიერ ერთხელ უკვე განხილულ იქნა და მიღებულია გადაწყვეტილება 31.10.2008 N646/16, რომლის შესაბამისადაც არ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ განცხადებები, შპს „მაგთიკომის“ მობილურ სატელეფონო მომსახურების საცალო ტარიფში ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ განცხადებები შპს „მაგთიკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებით.
2. კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის მიერ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით და სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დასაბუთება, თუ რატომ უნდა მოხდეს იმავე მოთხოვნების, იმავე საფუძვლით განმეორებით განხილვა კომისიაში, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებაში მოყვანილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტზე და აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საცალო მომსახურების ტარიფებთან მიმართებაში. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მიერ არ ხდება კანონის აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა.
4. შპს „მაგთიკომი“ მაგთიფიქსის აბონენტებისთვის დადგენილ 5 თეთრიან ტარიფთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 200 წუთის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად გადასახდელია 10 ლარი და შეძენილი წუთების გამოყენების ვადაა ერთი თვე. ხოლო აქცია „ჩემი ოჯახი და მეგობრები“ საშუალებას იძლევა არჩეულ იქნას 5 ნომერი, რომელთანაც შესაძლებელია 5 თეთრად საუბარი. თითოეული ნომრის შეჩვლის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაადასტურა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და შესაბამისად, მოითხოვა წარმოების შეწყვეტა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომელსაც ეხება კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილება.
შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათ განცხადებებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებული შინაარსისაა, ვიდრე ეს იყო კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილების მიღების დროს. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ რეალურად ფაქტობრივი გარემოებები შეიცვალა, უფრო გაუარესდა, რაც მათ აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ახალი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიიღებს მათთვის უფრო ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ ერთობლივ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და დასაბუთებითი ნაწილი განსხვავებული შინაარსისა, ვიდრე ეს იყო კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ, ერთობლივ განცხადებაში შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ ასაჩივრებენ მაგთი ფიქსის აბონენტებისთვის დადგენილ 5 თეთრიან ტარიფს, ამავე დროს, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ დაყენებულია მოთხოვნა, რომ კომისიამ კომპლექსურად გამოიკვლიოს ქმნის თუ არა შპს „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაბრკოლებას, მობილურ, ფიქსირებულ და ინტერნეტ ბაზრებზე. ანალოგიური შინაარსის მოთხოვნაა დაყენებული ასევე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდანაც და ამავე დროს, კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილებით განხილულ დავაში სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ წარმოადგენდა მხარეს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე არ გამოიკვეთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების წარდგენის დროს, განცხადების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც ნაწილობრივ დაეთანხმა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ შპს „მაგთიკომს“ და მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის და შესაბამისად, დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2009 წლის 5 ნოემბრის 16:00 საათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ერთი მხრივ შპს „მაგთიკომს“ და მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2009 წლის 5 ნოემბერს 16 საათზე;
2. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ შპს „მაგთიკომი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
