სს ”გაერთიანებულ ტელეკომისა” და შპს ”მაკროკომს” შორის დადებული მორიგების აქტის დამტკიცებისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2008 წლის 19 დეკემბრის №8-14/1548 განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” განცხადებით მიმართა კომისიას, შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” იუწყება, რომ შპს ”მაკროკომს” 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 154 819.15 ლარის ოდენობით, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ. ამასთან, როგორც განმცხადებელი მხარე აღნიშნავს, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ”მაკროკომისთვის” 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული საურავები და ჯარიმები.
მოთხოვნა:
კომისიამ, სს ”გაერთიანებული ტელეკომს” მისცეს თანხმობა შეუჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა შპს ”მაკროკომს”, ამ უკანასკნელის მიერ განმცხედებელი მხარის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განცხადება გადაეგზავნა შპს ”მაკროკომს” და ეცნობა მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული უფლებები.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 27 იანვარს, კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოხდა საქმის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ლ.გიორგაძე , ხოლო შპს ”მაკროკომის” მხრიდან ლ. გელანტია და ე.მაისურაძე. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ 2009 წლის 20 იანვრის მდგომარეობით ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ”მაკროკომს”, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 162 391.87 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, შპს ”მაკროკომმა” აღიარა აღნიშნული ვალი და იშუამდგომლა, სხდომის გადადების თაობაზე 6 თებერვლისათვის, რათა მხარეებს შორის მოხდარიყო შეთანხმება ვალის გადახდის პირობებსა და გრაფიკზე.
2008 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა კვლავ იშუამდგომლეს კომისიის წინაშე სხდომის გადადებაზე, რათა მხარეებს შორის მიღწეულიყო საბოლოო შეთანხმება და მორიგებით შეწყვეტილიყო მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიამ დააკმაყოფილა სს ”გაერთიანებული ტელეკომისა” და შპს ”მაკროკომის” ერთობლივი შუამდგომლობა და მხარეებს მისცა, მათ მიერვე მოთხოვნილი ერთ კვირიანი ვადა, იმისათვის, რომ მომხდარიყო ზემოაღნიშნული ვალის გადახდის გრაფიკზე და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მხარეთა ურთიერთშეთანხმება.
აღნიშნულ საკითხზე, 2009 წლის 13 თებერვალს, კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც განახლდა საქმის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ლ.გიორგაძე, ხოლო შპს ”მაკროკომის” მხრიდან ლ. გელანტია.
კომისიამ გამოარკვია, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება სადაო საკითხებზე და მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის გრაფიკზე, რაც დასტურდება მხარეების მიერ წარმოდგენილი, მოდავე მხარეების უფლებამისლი პირების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტითა და ურთიერთშედარების აქტით. სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” მოითხოვა შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება და ამ მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ურთიერთჩართვის ხელსეკრულების მოქმედების შეჩერებაზე ნებართვის მიცემა.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი მორიგების აქტი და დაადგინა, რომ იგი წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დაამტკიცოს მორიგება, სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”მაკროკომს” შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შპს ”მაკროკომის” მიერ შესრულების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”მაკროკომს” შორის 2008 წლის 10 თებერვალს გაფორმებული №09-02 მორიგების აქტი;
2. მიეცეს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” უფლება, შპს ”მაკროკომის” მხრიდან ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორიგების აქტით განსაზღვრული და მხარეთა შორის 2005 წლის 16 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს ამავე ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების დაინტერესებული პირებისთვის გადაგზავნა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
