წვდომის მენიუ

შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ დაჯარიმების შესახებ

ნომერი: 565 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიას, კომისიის მიერვე განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ  ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2009 წლის 25 სექტემბრის №466/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და რეგულირების საფასურის არ დაფარვის გამო, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ დაჯარიმდა 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მას მიეცა ვადა 7 კალენდარული დღის ოდენობით კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების 3406,68 ლარის ოდენობით დასაფარად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 20 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (20.10.2009 №10/616-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ არ არის დაფარული კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება 3406,68 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (20.10.2009 №10/616-09)  საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2009 წლის 23 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, 2009 წლის 23 ოქტომბერს შეტყობინებით ეცნობა შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე. შეტყობინების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების  შედეგად, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების  დასრულებული დარღვევა, რაც წარმოადგენს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის  2009 წლის 25 სექტემბრის №466/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და რეგულირების საფასურის არ დაფარვის გამო, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ დაჯარიმდა 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიმართ სანქციის სახით უნდა იქნეს გამოყენებული ჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა  ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 30000 და არა უმეტეს 90000 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13.10.09. 10/597-09) შესაბამისად, შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალი  კომისიაში წარდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით შეადგენს 121,947.00 ლარს, ხოლო 1% შეადგენს - 1219,50 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“,  ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“  30,000 (ოცდაათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის №466/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ ჯარიმის - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა“ რეგულირების საფასურის დავალიანების  3,904.83 ლარის (სამი ათას ცხრაას ოთხი ლარისა და ოთხმოცდასამი თეთრი) 3 სამუშაო დღის ვადაში გადახდა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                    ირაკლი  ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                              კარლო კვიტაიშვილი                    

                                                                                 აკაკი სიხარულიძე

                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები