წვდომის მენიუ

შპს „ოპტიკურ - ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 567 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კომისია იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით  დაინტერესებული პირის განცხადების ან მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა დაინტერესებული პირის სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 08 ოქტომბრის განცხადება, სარეგისტრაციო ნომრით №6/2792-09, რომლითაც მან კომისიას მიმართა და მოითხოვა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” (ფოპტნეტი) სანქცირება კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2009 წლის 08 ოქტომბერი, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დინება შეჩერებული იყო   2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2009 წლის 20 ოქტომბრამდე, სს”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენამდე. 2009 წლის 20 ოქტომბერს სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიას წარუდგინა საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ინფორმაცია და იმავე დღიდან  საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება განახლდა.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, 2009 წლის 23 ოქტომბერს, შეტყობინებით ეცნობათ სს”გაერთიანებულ ტელეკომს” და შპს„ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს” და ისინი მოწვეულ იქნან ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება. კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე და  სხდომას ესწრებოდნენ სს”გაერთიანებული ტელეკომის” და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის”  წარმომადგენლები.

დაინტერესებული პირი, სს”გაერთიანებული ტელეკომი” თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით, დავალებული ქონდა 2009 წლის 3 აგვისტოს 20:00 საათამდე, შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“ წერილობითი ფორმით იმ დაზუსტებული  ინფორმაციის მიწოდება, რაც აუცილებელია კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსასრულებლად.

სს ”გაერთიანებული ტელეკომი” თავის განცხადებაში გამარტავს, რომ მისი მხრიდან კომისიის  2009 წლის 31 ივლისის №362/22  გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულება შესრულებულია და აღნიშნული ფაქტი დასტურდება 2009 წლის 03 აგვისტოს №8-14/994 წერილით, რომელიც მან გაუგზავნა შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ და რომლითაც აცნობა მას დამატებითი ინფორმაცია. კერძოდ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში ქ. ფოთში არსებულ მულტიპლექსორთან დაშვებისათვის აუცილებელი შეერთების ტიპისა და რაოდენობის თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, სს”გაერთიანებული ტელეკომი” განცხადებაში მიუთითებს, რომ მიუხედავად მისი მხრიდან კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22  გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიერ დღემდე არ სრულდება მითითებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულება და არ არის წარმოდგენილი აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მითითებულ გარემოებებზე  დაყრდნობით, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვს კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო  შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქციის გამოყენებას.

შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” კომისიაში 2009 წლის 15 სექტემბერს №6/2498-ით შემოსულ წერილში აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მან ჯერ კიდევ 2009 წლის 05 აგვისტოს წერილით მიმართა “სიმენსის” (siemens) ავტორიზებულ პარტნიორს და ზუსტად აცნობა მას სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მოთხოვნა ქ.ფოთში დაშვებასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც 2009 წლის 13 აგვისტოს “სვიაზინფორმსერვისისაგან’ მიიღო წერილი. მითითებული წერილით “სვიაზინფორმსერვისმა” აცნობა, რომ კომპეტენტური პირების შვებულებაში ყოფნის გამო საკითხის განხილვა მოხდებოდა ამ პირების შვებულებიდან დაბრუნების, ანუ 2009 წლის 15 სექტემბრის შემდეგ.

კომისიაში 2009 წლის 17 სექტემბერს №6/2506-ით შემოსულ წერილში, შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” აღნიშნავს, რომ “სვიაზინფორმსერვისისაგან” მიღებულია თანხმობა ქ. ფოთში მათი სპეციალისტების მივლინებისა და ადგილზე “სიმენსის” (siemens) აპარატურის დამონტაჟების საკითხის შესწავლის  თაობაზე, რის გამოც  მოითხოვს 5500 აშშ დოლარს და სს”გაერთიანებული ტელეკომის” თანხმობას აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე.

მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტმა” 2009 წლის 29 ოქტომბერს №6/3091 კომისიაში წარდგენილ შეპასუხებაში და 2009 წლის 30 ოქტომბერს გამართულ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ სს ”გაერთიანუბული ტელეკომის” განცხადება შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” სანქცირების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9 გადაწყვეტილებით შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ მაგისტრალურ საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მას დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - ქსელის შესაბამის რესურსთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ  მინიჭებული სტატუსი - ”მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე” მას არ გაუხდია სადავო. ამდენად, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მას წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან, სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.

კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის № 538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა და  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” დაევალა მისი დაშვება  თავის მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში.

კომისია მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით  კომისიის მიერ მიღებულია 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18, 2009 წლის 3 ივლისის №284/16 და  2009 წ ლის 31 ივლისის №362/22  გადაწყვეტილებები.

კომისიის უკანასკნელი, 2009 წლის 31 ივლისის №362/22  გადაწყვეტილებით,  შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი-ფოპტნეტი“ გაფრთხილდა კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16, 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18, 2009 წლის 3 ივლისის N284/16  გადაწყვეტილებებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

ამავე გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელ-ფოპტნეტს“ დაევალათ უზრუნველყონ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 04 დეკემბერის №715/18 გადაწყვეტილებების აღსრულება, შემდეგი ქმედებების თანმიმდევრულად განხორციელებით:

ა)  სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაევალა 2009 წლის 3 აგვისტოს 20:00 საათამდე, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“ წერილობითი ფორმით იმ დაზუსტებული  ინფორმაციის მიწოდება, რაც აუცილებელია კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის N538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსასრულებლად;

ბ) შპს„ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ დაევალა  სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წერილობითი მიმართვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ წერილობითი ფორმით, მწარმოებელთან შეთანხმებული იმ აპარატურის ჩამონათვალის, დეტალური ტექნიკური აღწერილობისა და სხვა თანდართული დოკუმენტაციის, მათ შორის დაშვების ტექნიკური სქემის, აპარატურისა და მონტაჟის ღირებულების მიწოდება, რაც აუცილებელია ქ. ფოთში  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად.

  გ) შპს„ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ დაევალა, უზრუნველყოს, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში;

მითითებული გადაწყვეტილებით, კომისიამ, აგრეთვე, დაადგინა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი  ქმედებიდან ერთ-ერთის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნება ჯარიმა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული ქმედების შესრულებისთვის მიცემული ვადის დარღვევის ყოველი გადაცილებული დღისათვის, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს (გამოყენების მაქსიმალური პერიოდი-20 დღე) თითოეული კომპანიის მიმართ.

კომისია აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყეტილების ოფიციალურად დამოწმებული ასლი ჩაბარდათ სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” 2009 წლის 13 აგვისტოს  და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ 2009 წლის 10 აგვისტოს.

კომისია იზიარებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან კომისიის  2009 წლის 31 ივლისის №362/22  გადაწყვეტილების ნაწილის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულება შესრულებულია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 03 აგვისტოს №8-14/994 წერილით, რომელიც მან გაუგზავნა შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას 2009 წლის 27 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 03 აგვისტოს №8-14/994 წერილით, სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” მიაწოდა შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ დამატებითი ინფორმაცია ამ უკანასკნელის მფლობელობაში ქ. ფოთში არსებულ მულტიპლექსორთან დაშვებისათვის აუცილებელი  შეერთების ტიპისა და რაოდენობის თაობაზე. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ შეერთების ტიპი და რაოდენობაა: 1 ცალი ოპტიკური SDH პორტი 155 მეგაბიტ/წამიანი სიჩქარის (63 E1-ის ექვივალენტი). შესაბამისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი პორტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს: ოპტიკური სიგნალის სიმძლავრე არა ნაკლებ-8 დეციბელი, ოპტიკური ტალღის სიგრძე 1310 ნანომეტრი, ოპტიკური შეერთების მანძილი არაუმეტეს 10კმ., ინტერფეისის ტიპი S1.1. შეერთების განსახორციელებლად საჭირო იქნება ოპტიკური კაბელის (დიამეტრით მაქსიმუმ 12მმ) შეყვანა ქ.ფოთში ფოპტნეტის მფლობელობაში არსებულ ფართში და მისი მიყვანა შესაბამის აპარატურამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ თავის მხრივ შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ- ფოპტნეტმა”  არ აცნობა სს ”გაერთიანებული ტელეკომს”  წერილობითი მიმართვიდან, ანუ 2009 წლის 3 აგვისტოდან 15 სამუშაო დღის ვადაში და არც კომისიის გადაწყვეტილების ოფიციალურად დამოწმებული ასლი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი ფორმით, მწარმოებელთან შეთანხმებული იმ აპარატურის ჩამონათვალი, დეტალური ტექნიკური აღწერილობა და სხვა თანდართული დოკუმენტაცია, მათ შორის დაშვების ტექნიკური სქემის, აპარატურისა და მონტაჟის ღირებულება, რაც აუცილებელია ქ. ფოთში  შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დაშვების უზრუნველსაყოფად. ნაცვლად ამისა, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” ახდენს ამ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულების მის მიერ შერჩეული მესამე პირი - ”სიმენსის” (siemens) ავტორიზებული პარტნიორი  ”სვიაზინფორმსერვისისათვის” გადაკისრებას.

კომისიას მიაჩნია, რომ ის გარემოებები, რომ ”სვიაზინფორმსერვისი” ვერ ახერხებდა შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისათვის”  მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის გამო და, რომ ”სვიაზინფორმსერვისი” საკუთარი  თამნამშრომლების საქართველოში ჩამოსვლისა და მათ მიერ გარკვეული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოითხოვს 5500 აშშ დოლარის სს”გაერთიანებული ტელეკომისაგან” გადახდას, არ წარმოადგენენ საპატიო მიზეზს კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულების შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის”  მიერ შეუსრულებლობისთვის.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” კვლავ არაჯეროვნად მოეკიდა თავის ვალდებულებას აცნობოს სს ”გაერთიანებული ტელეკომს” კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია და  შეასრულოს კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილება თავის მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში სს ”გაერთიანებული ტელეკომის” დაშვების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში სს ”გაერთაინებული ტელეკომის”   დაშვების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოაბა არ წარმოადგენს მოცემული საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან არც ერთ საქმეზე სასამართლოს მიერ არ არის  მიღებული განჩინება გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილებების მოქმედებათა შეჩერების თაობაზე და არც ერთ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული  გადაწყვეტილება მიღებული შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტის” სასარგებლოდ.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის”  მხრიდან ადგილი აქვს კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულების, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეუსრულებლობას და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტების დარღვევას, რაც წარმოადგენს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს №394/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და რეგულირების საფასურის არ დაფარვის გამო, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” დაჯარიმდა 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  ჯარიმა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა  ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 30000 და არა უმეტეს 90000 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის სამსახურებრივი ბარათის (27/10/2009 №10/649) შესაბამისად, კომისიაში წარდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის 1% შეადგენს 71,256.07 ლარს და შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” უნდა დაეკისროს ჯარიმა 71,256.07 ლარის ოდენობით.

კომისია აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კომისიის  2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, ამავე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაკისრებული ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიერ გადახდილია. მითითებული გარემოება დასტურდება 2009 წლის 15 სექტემბრის №300 საგადასახდაო დავალებით, რომელიც შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის” მიერ წარმოდენილია კომისიაში 2009 წლის 17 სექტემბერს №6/2507 წერილთან ერთად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და დ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაკმაყოფილდეს სს”გაერთიანებული ტელეკომის” განცხადება და დაჯარიმდეს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი” 71,256,07 ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და დ) ქვეპუნქტების დარღვევის, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის № 538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა და კომისიის 2009 წლის 31ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის;

2. უზრუნველყოს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტმა”   ჯარიმის 71,256,07 (სამოცდათერთმეტი ათასი ორას ორმოცდათექვსმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტმა”  კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის № 538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და 2009 წლის 31 ივლისის №362/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტების შესრულება წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 (ათ) სამუშაო დღეში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისათვის”  ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     კარლო კვიტაიშვილი

                                                                               აკაკი სიხარულიძე

                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები