წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მომხმარებელ ე. რამიშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”საქართველოს ტელეკომს” შორის დავის განხილვისა და არსებითი გადაწყვეტი

ნომერი: 568 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 1 ოქტომბერს მიმართა (წერილი N9/115-09) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - შპს ”საქართველოს ტელეკომის” (ავტორიზაციის №63/1) მომხმარებელის (აბონენტის) ე. რამიშვილის  განცხადების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

              საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მომხმარებელმა, კერძოდ მოქალაქე ე. რამიშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 55/7, ტელ: 390030) განცხადება (2009 17 ივლისი,  №9/72), რომელშიც იგი სადაოდ ხდის შპს ”საქართველოს ტელეკომის”  მიერ მისთვის ტელეფონის ნომერზე 390030 2009 წლის 19 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო ზარების განხორციელებისათვის 268.42 ლარის ოდენობით დარიცხული თანხის კანონიერებას;

            მოქალაქე ე. რამიშვილი განაცხადში აღნიშნავს, რომ იგი სადაოდ ხდის შპს ,,საქართველოს ტელეკომის” მიერ მისთვის ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით განხორციელებული ზარებისთვის თანხის დარიცხვას.  შპს ”საქართველოს ტელეკომის”  წარმომადგენლის მიერ მომხმარებლისთვის მიცემული განმარტების შესაბამისად, ზარები განხორციელებულია კომპიუტერის მოდემის გამოყენებით. მომხმარებელი კატეგორიულად უარყოფს თავისი კომპიუტერის მოდემის გამოყენებით 8-10 ინდექსის საშუალებით ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით ზარების განხორციელების ფაქტს, ვინაიდან იგი სარგებლობდა შპს ”კავკასუს ონლაინის” DSL მომსახურებით მეზობელთან ერთად და კომპანიის მოდემი განთავსებული იყო მისი მეზობლის საცხოვრებელ ბინაში. აბონენტი  ითხოვს 268.42 ლარის ოდენობით დარიცხული თანხის ჩამოწერას.

            საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, 2009 წლის 20 ივლისს, საკითხის შესწავლის მიზნით წერილობით მიმართა შპს ”საქართველოს ტელეკომს”, რომლის 2009 წლის 7 აგვისტოს საპასუხო წერილის თანახმად, ტექნიკური წუნი ან რაიმე ცდომილება მათ სადგურში  არ ფიქსირდება, რაც აძლევთ საფუძველს დაასკვნან, რომ კავშირები რეალურად განხორციელებულია სატელეფონო ნომრიდან 39-00-30 და აღნიშნული დავალიანება ექვემდებარება გადახდას. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ  აბონენტს განემარტა, იმის შესახებ, რომ მსგავსი კავშირების დამყარება ხორციელდება ინტერნეტის მოდემით დაკავშირების შემთხვევაში და აბონენტს სთავაზობენ დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესაძლებლობას.   

            საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ინტერნეტით სარგებლობისას კომპიუტერის ეკრანზე შეიძლება გაჩნდეს ფანჯარა, რომელიც შეიცავს თხოვნას დადასტურდეს ან არ დადასტურდეს კომპიუტერული პროგრამის ჩამოტვირთვა. დადასტურების შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში იტვირთება პროგრამა, რომელიც ავტომატურად, მომხმარებლის სურვილის გარეშე ამყარებს საერთაშორისო სატელეფონო კავშირს ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც დაკავშირება განსაკუთრებით ძვირია. მაგალითად, კუკის კუნძულებზე დაკავშირების 1 წუთის ღირებულება 14 ლარია, რის გამოც, გადასახადის ოდენობა ასობით და ზოგჯერ ათასობით ლარს აღწევს. საკმარისი გამოცდილების არმქონე მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ამ პროცესს და მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მომხმარებელი მუშაობს ინტერნეტში, ერიცხება საერთაშორისო ზარის საფასური. ე.წ. „კუკის ზარები“ არის საერთაშორისო პრობლემა, რომლის დაძლევაც შესაძლებელია ოპერატორებთან თანამშრომლობისა და  პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა მომხმარებელთა გაფრთხილება მასმედიის საშუალებით ასეთი რისკის არსებობის თაობაზე. შპს ”საქართველოს ტელეკომი” წლების განმავლობაში არ ახდენდა მსგავსი ტიპის დავალიანებების ამოღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პრევენციული ზომების მიღების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური რამდენიმე წლის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გარკვეული პერიოდის განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას ინტერნეტით სარგებლობისას ასეთი საშიშროების თაობაზე.

            საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში  მომხმარებელ ე. რამიშვილის ინტერესების დამცველად ჩართვას. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ განხილულ უნდა იქნას, რადგანაც აღნიშნული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სხვა მომხმარებელიც.

            კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 1 ოქტომბრის N9/115-09  მომართვის საფუძველზე, კომისიამ 2009 წლის 9 ოქტომბერს მიიღო №504/23 გადაწყვეტილება ერთი მხრივ, მოქალაქე ე. რამიშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”საქართველოს ტელეკომს”  შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და ზეპირი მოსმენის დღედ განსაზღვრა 2009 წლის 23 ოქტომბერი. მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი ნ. შოვნაძე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩართულ იქნა აღნიშნულ წარმოებაში ე. რამიშვილის ინტერესების დამცველად.

            2009 წლის 23 ოქტომბერს გამართულ კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ დაინტერესებული მხარეები, კერძოდ, განმცხადებელი - ე. რამიშვილი და ასევე, შპს ”საქართველოს ტელეკომის” წარმომადეგენელი ა. სულავა. განმცხადებელმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნა და მოითხოვა მისთვის ტელეფონის ნომერზე 390030 საერთაშორისო ზარების განხორციელებისათვის 268.42 ლარის ოდენობით არასწორად დარიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლება. აღნიშნულ სხდომაზე, შპს ”საქართველოს ტელეკომის” წარმომადეგენელმა წარმოადგინა შეპასუხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომი” არ ცნობს განმცხადებლის პრეტენზიას და განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ე. რამიშვილს სატელეფონო ნომერზე 390030 ერიცხება დავალიანება საერთაშორისო ზარების განხორციელებისათვის 268.42 ლარის ოდენობით (8-10-ის გამოყენებით);

2. ზემოხსენებული ზარები განხორციელებულია კომპიუტერის მოდემის გამოყენებით;

3. შპს ”საქართველოს ტელეკომის” სადგურში ზემოხსენებულ ზარებზე ტექნიკური წუნი ან ცდემილება არ ფიქსირდება;

4. შპს ”საქართველოს ტელეკომისა” და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სადგურების ჩანაწერები იდენტურია;

5. შპს ”საქართველოს ტელეკომი” ყოველთვის ახდენდა კომპიუტერული მოდემის საშუალებით განხორციელებული ზარებისათვის აბონენტებისათვის დავალიანების დარიცხვას.

            შპს ”საქართველოს ტელეკომის” წარმომადგენელმა კვლავ მისცა წინადადება მომხმარებელს, რომ აბონენტმა გადაიხადოს არსებული დავალიანება ეტაპობრივად.

            2009 წლის 23 ოქტომბრის  კომისიის სხდომაზე, კომისიამ  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამანეტს დაავალა მოეხდინა სატელეფონო ნომრიდან 390030 ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით ზარების განხორციელების ტექნიკური მარშრუტიზაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. 

            კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2009 წლის 28 ოქტომბრის №13 შემოწმების აქტსა და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ”სავარაუდოდ კომპიუტერის მეშვეობით ინტერნეტთან Dial-up-ის საშუალებით დაკავშირებისას, მომხმარებელ  ე. რამიშვილის ტელეფონიდან 390030, მიმდინარე წლის 19-24 იანვარს ნამდვილად იყო განხორციელებული ზარები ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით. ბოლო აბონენტი სავარაუდოდ არის არა ფიზიკური პირი, არამედ ტექ. მოწყობილობა (სერვერი).

            კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომის” მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან შპს ”საქართველოს ტელეკომისა” და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სადგურების საბილინგო ჩანაწერები იდენტურია, რითაც დასტურდება ზარების ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით განხორციელება.  რაც შეეხება მომხმარებელ ე. რამიშვილის პრეტენზიას, კომისიას მიაჩნია, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ უნდა მოხდეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან მომხმარებელმა ე. რამიშვილმა და მისი იმტერესების საზოგადოებრივნა დამცველმა კომისიას ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა შპს ”საქართველოს ტელეკომის” მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, კომისიამ მხედველობაში მიიღო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად და უდავოდ ვერ ადასტურებენ, მოქალაქე ე. რამიშვილის მხრიდან სადაო სატელეფონო ზარების რეალურად განხორციელების ნამდვილობას. როგორც შპს ”საქართველოს ტელეკომი” თავის შეპასუხებაში, ისე კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტი თავის დასკვნაში, მიუთითებენ, რომ სადაო სატელეფონო  ზარები განხორციელდა აბონენტის ინტერნეტში ყოფნის პერიოდში. საქმეზე წარმოდგენილი საბილინგო მონაცემები კი არ შეიცავს აბონენტის ინტერნეტში ყოფნის მონაცემებს სადაო ზარების განხორციელბის მომენტში.

კომისიამ, მომხმარებელ ე. რამიშვილს წინადადება მისცა, მოეპოვებინა ტავისი პრეტენზიის საფუძვლიანობის უტყუარი მტკიცებულებები და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით, მიემერთა უშუალოდ სასამართლოსთვის ან კომისიისთვის დასაბუთებული მოთხოვნით.

            ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ა.სიხარულიძემ თავი შეიკავა)

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს მომხმარებელ ე. რამიშვილის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოდავე მხარეებისათვის და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის დაგზავნა;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში; 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                        .ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                 .კვიტაიშვილი

                                                            .მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები