შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის № 1167 განცხადების განხილვისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 23 დეკემბერს, განცხადებით მიმართა კომისიას სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების მოთხოვნით.
განმცხადებელმა აცნობა კომისიას, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილ საცალო ბაზრის ზედა ზღვრული ტარიფის დარღვევით სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ განხორციელებულია არასათანადო ტარიფიკაცია.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ, საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს დაუდგინდათ სატელეფონო მომსახურების საცალო ზედა ზღვრული ტარიფი - 4 თეთრი წუთზე (დღგ-ს ჩათვლით), თუმცა სს ”გაერთიანებული ტელეკომი” აგრძელებს აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2008 წლის 5 დეკემბერს მიღებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, იგი ძალაში შევიდა მიღებისთანავე, ანუ 2008 წლის 5 დეკემბრიდან.
კომისიამ აღნიშნული საკითხი განიხილა 2009 წლის 27 იანვარს. სხდომაზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, როგორც დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ შეასრულა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 5 დეკემბერს საქმეზე №3ბ/1525.08 მიიღო განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე. კერძოდ, 2008 წლის 15 დეკემბერს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” გენერალურმა დირექტორმა ა. ტემირბეკოვმა გამოსცა ბრძანება, იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ქ.თბილისის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტთათვის დაწესდეს ახალი ტარიფი - 4 თეთრი წუთზე.
აღნიშნული საკითხის განხილვა 2009 წლის 27 იანვარს ვერ ჩატარდა, განმცხადებელი მხარის, კერძოდ შპს ”ახალი ქსელების” გამოუცხადებლობის გამო. 2009 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, კვლავ არ გამოცხადდა შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი.
2009 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა, დააკონკრეტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ კომისიამ უნდა მოახდინოს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირება, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარე უკანონოდ ახდენდა აბონენტებზე 6 თეთრის დარიცხვას 2008 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2009 წლის 21 იანვარს მიმართა №03/48-09 წერილით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბერს, საქმეზე №3ბ/1525.08 გამოტანილი განჩინების (მოსამართლეები: თ. ურთმელიძე, ი. შენგელია, მ. ბებიაშვილი) ძალაში შესვლის თარიღის დაზუსტება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს ამ ეტაპზე კომისიისათვის არ უცნობებია პასუხი. ვინაიდან, კომისიის გადაწყვეტილების მიღებისათვის სასამართლოს დაზუსტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოება შეაჩეროს, ხოლო საკითხის განხილვა გადადოს სასამართლოდან შესაბამისი პასუხის მიღებამდე.
კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ სს ”გაერთიანებული ტელეკომისა” და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეჩერდეს შპს ”ახალი ქსელების” 2008 წლის 23 დეკემბრის № 1167 განცხადების განხილვისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება განახლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან, 2008 წლის 5 დეკემბერს, საქმეზე №3ბ/1525.08 გამოტანილი განჩინების ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მიღებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისათვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
