წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომს“ და მეორე მხრივ, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილ ტარიფთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ

ნომერი: 570 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2009

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 05-25 ნოემბერი, 2009 წელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს „ახტელმა“ და  სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“,  შპს „მაგთიკომთან“ დავის განხილვის მოთხვნით.

კომისიაში შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ივნისიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ შემოღებულ იქნა ახალი ტარიფი, რომლის შესაბამისადაც, შპს „მაგთიკომის“ მობილურიდან, მაგთი ფიქსის მიმართულებით დარეკვის ახალი საცალო ტარიფი შეადგენს 15 თეთრს, ხოლო შპს „მაგთიკომიდან“ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“  აბონენტებთან დარეკვის საცალო ფასია 28.8 თეთრი. ბოლო პერიოდში, შპს „მაგთიკომი“ მომხმარებელს სთავაზობს 5 თეთრად დარეკვას 5 არჩულ ნომერზე, რაც იმას გულისხმობს, რომ დარეკვა ფაქტობრივად შესაძლებელია 5000 ნომერზე, ხელოვნურად შემცირებული ტარიფით. შპს „მაგთიკომი“ აღნიშნული ტარიფის არსებობას ამართლებს იმ გარემოებით, რომ ტარიფის შემოღებას დროებითი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა ერთჯერად აქციას. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ აზრით, შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს დისკრიმინაციას, ფიქსირებული ქსელით მომსახურების სფეროში კონკურენციის შეზღუდვას და ადგილობრივი ქსელის ოპერატორების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. შპს „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, როგორც მობილურ ბაზარზე, ისე საცალო (მაგთი ფიქსის) სეგმენტზე ქმნის დაბრკოლებას ე.წ. „bandling” სერვისის ფარგლებში, ანუ ახდენს სუბსიდირებას ტარიფში, რის ხარჯზეც აწესებს არაგონივრულად დაბალ ტარიფს. განმცხადებლები მიუთითებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) და დ) პუნქტებზე და აღნიშნავენ, რომ ელექტროსადენიან და უსადენო ქსელებს შორის არანაირი განსხვავება არ არის და შპს „მაგთიკომს“ გააჩნია ისეთივე ვალდებულებები, როგორც სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და მის მიერ განხორციელებული ქმედებით, კომპანია ასევე არღვევს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს.

მოთხოვნები:

1. კომისიამ დაავალდებულოს შპს „მაგთიკომი“ არ დაუშვას კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა ოპერატორი, არ შეზღუდოს ფიქსირებული ქსელით მომსახურეობის სფეროში კონკურენცია, ხელი არ შეუშალოს მომხმარებელს მიიღოს ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, დაადგინოს მომსახურების ბაზრის სეგმენტზე არადისკრიმინაციული ტარიფი, მოხსნას სატარიფო ზეწოლა და არ შეზღუდოს მომხმარებელი მისთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობაში;

2. შპს „მათიკომის“ მიმართ, ზემოაღნიშნული დარღვევების გამო, კომისიამ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები;

3. კომისიამ კომპლექსურად გამოიკვლიოს, ქმნის თუ არა შპს „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაბრკოლებას (მობილური, ფიქსირებული და ინტერნეტ ბაზრები).

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მაგთი ფიქსის მიმართულებით და მაგთი ფიქსიდან მაგთის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფების დაწესებით, ირღვევა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა, უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესება ან სატარიფო ზეწოლა. შპს „მაგთიკომი“, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით არღვევს „ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ახორციელებს სატარიფო ზეწოლას, რის გამოც ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე იქმნება არაკონკურენტუნარიანი გარემო. შპს „მაგთიკომის“ მიერ ასევე ირღვევა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

მოთხოვნა: კომისიამ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში ჩაინიშნა 2009 წლის 30 ოქტომბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“  და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. შპს „მაგთიკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 26 ოქტომბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 29 ოქტომბერს კომისიაში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით,  წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ განცხადება (6/3077-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ არ ეთანხმება შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. ის მოთხოვნები, რაც კომისიის წინაშე აქვს დაყენებული შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“, კომისიის მიერ ერთხელ უკვე განხილულ იქნა და მიღებულია გადაწყვეტილება №646/16, 31.10.2008, რომლის შესაბამისადაც არ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ განცხადებები, შპს „მაგთიკომის“ მობილურ სატელეფონო მომსახურების საცალო ტარიფში ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ განცხადებები შპს „მაგთიკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებით;

2. კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის №646/16 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის მიერ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით და სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დასაბუთება, თუ რატომ უნდა მოხდეს იმავე მოთხოვნების, იმავე საფუძვლით განმეორებით განხილვა კომისიაში, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებაში მოყვანილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების  ბაზრის საბითუმო სეგმენტზე და  აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საცალო მომსახურების ტარიფებთან მიმართებაში. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მიერ არ ხდება კანონის აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა;

4. შპს „მაგთიკომი“ მაგთი ფიქსის აბონენტებისთვის დადგენილ 5 თეთრიან ტარიფთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ  200 წუთის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად გადასახდელია 10 ლარი და შეძენილი წუთების გამოყენების ვადაა ერთი თვე, ხოლო აქცია - „ჩემი ოჯახი და მეგობრები“, საშუალებას იძლევა არჩეულ იქნას 5 ნომერი, რომელთანაც შესაძლებელია 5 თეთრად საუბარი. თითოეული ნომრის შეცვლის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაადასტურა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და შესაბამისად, მოითხოვა წარმოების შეწყვეტა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომელსაც ეხება კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის №646/16 გადაწყვეტილება.

შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ განცხადებებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებული შინაარსისაა, ვიდრე ეს იყო კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილების მიღების დროს.  შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ რეალურად ფაქტობრივი გარემოებები შეიცვალა, უფრო გაუარესდა, რაც მათ აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ახალი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიიღებს მათთვის უფრო ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე, მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ ერთობლივ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და დასაბუთებითი ნაწილი განსხვავებული შინაარსისა, ვიდრე ეს იყო კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ, ერთობლივ განცხადებაში შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ ასაჩივრებენ მაგთი ფიქსის აბონენტებისთვის დადგენილ 5 თეთრიან ტარიფს, ამავე დროს, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ დაყენებულია მოთხოვნა, რომ კომისიამ კომპლექსურად გამოიკვლიოს, ქმნის თუ არა შპს „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაბრკოლებას, მობილურ, ფიქსირებულ და ინტერნეტ ბაზრებზე. ანალოგიური შინაარსის მოთხოვნაა დაყენებული ასევე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდანაც და ამავე დროს, კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილებით განხილულ დავაში სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ წარმოადგენდა მხარეს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე არ გამოიკვეთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების წარდგენის დროს, განცხადების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც ნაწილობრივ დაეთანხმა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის 550/16 გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომს“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 5 ნოემბრის 16:00 საათი. კომისიამ, აღნიშნულ სხდომაზე დაიწყო საკითხის განხილვა, მაგრამ  დამატებითი შესწავლის მიზნით, საკითხის განხილვის გაგრძელება ჩანიშნა 2009 წლის 12 ნოემბრის 16:00 საათისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 12 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

1. კომისიამ შპს „ახალი ქსელების“ და სპს „ახტელის“ პრეტენზიები შპს „მაგთიკომის“ მიერ  მობილური ქსელიდან „მაგთიფიქსის“ მიმართულებით 15 თეთრიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით უკვე განიხილა და 2008 წლის 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება N646/16, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ განცხადება, შპს „მაგთიკომის“ მობილურ სატელეფონი მომსახურების საცალო ტარიფებში ცვლილებების განხორციელების დავალდებულების შესახებ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დარეგულირდა მხოლოდ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების  წამოწყება-დასრულების   საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები. კომისიის მიერ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღებისას, განხორციელდა პირველადი მოკვლევა და აბონენტების მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების მიერ დადგენილი სატარიფო გეგმები მიჩნეულ იქნა არადისკრიმინაციულად. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომს” არ აქვს დაკისრებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების  წამოწყების   საცალო ბაზარზე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები.“ სამოტივაციო ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, არაწორად ხდება აპელირება ზემოთ ხსენებულ მუხლებზე, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძლავის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევაზე, განმცხადებლების მხრიდან.“ ამავე გადაწყვეტილებაში კომისიამ განმარტა რომ „შენაცვლებადობად არ შეიძლება ჩაითვალოს, ადგილობრივი სატელეფონო ზარი, შპს ”მაგთიკომის” შიდა ქსელში, ურთიერთჩანაცვლებადად ადგილობრივ ზართან სხვა ფიქსირებულ ქსელში - შპს ”ახალ ქსელებში” ან/და შპს ”ახტელში”, რადგან გაწეული მომსახურება განსხვავებულია როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე.“ შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არასწორად ხდებოდა შპს ”მაგთიკომის” აბონენტების დისკრიმინაციაზე მითითება, რადგან მათ მიერ ხდება განსხვავებული მომსახურების მიწოდება, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთშენაცვლებადად.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის N646/16 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ჯერ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ სააპელაციო სასამართლოში, ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.

2. შპს „მაგთიკომი“ განმარტავს, რომ კომპანიის სატარიფო გეგმა „ჩემი ოჯახი და მეგობრები“ შესაძლებლობას აძლევს „მაგთიფიქსის“ აბონენტებს შეარჩიონ მხოლოდ 5 ნომერი, რომელთანაც ისაუბრებენ შეღავათიანი ტარიფით. ნომრის შეცვლისთვის დადგენილია საფასური 1 ლარის ოდენობით თითოეულ ნომერზე. შესაბამისად, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები იმის თაობაზე, რომ დარეკვა შესაძლებელია არა 5, არამედ 5000 ნომერზე უსაფუძვლოა.

3. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებისა და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების დარღვევაზე აპელირება უსაფუძვლოა, ვინაიდან, შპს „მაგთიკომი“ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე არ არის ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და შესაბამისად, მას არ აქვს დაკისრებული ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის 2009 წლის 189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ მიიჩნევს, რომ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დამატებითი ახსნა-განმარტება წარმოდგენილ იქნა კომისიის სხდომაზე. აღნიშნული ახსნა-განმარტება სხდომაზევე გადაეცა შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლებს. კომისიის სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს ვადა, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების გაცნობის მიზნით. შესაბამისად, საკითხის განხილვა გაგრძელდა 18 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მხარეები სადაოს ხდიან  შპს „მაგთიკომის“, მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტებისათვის „მაგთიფიქსის“ ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფების მართლზომიერებას. განმცხადებლების მოსაზრებით აღნიშნული ტარიფი დისკრიმინაციულია, განსხვავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ საკუთარი მობილური აბონენტებისათვის, ასევე შპს ”ახალ ქსელების”, შპს ”ახტელის” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომის” აბონენტებთან დადგენილი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებისაგან. 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად (დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულება), ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას. ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.

 კომისიის, 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 26-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  მე-2 მუხლის ”ტ” პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობის  კრიტერიუმის, ასევე  კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  მე-4 მუხლის ”დ” პუნქტით განსაზღვრული ”მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპისა”  და ამავე წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-4 და მე-14 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, აბონენტის მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევის ჩატარება არ განიხილება კომისიის 2008 წლის 4 აპრილი N189/9 გადაწყვეტილების მიღებისათვის, კომისიის მიერ ჩასატარებელი კვლევისა და ანალიზის საგნად. 

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების გამოვლენისა და ამ ძალაუფლების არაკონკურენტული გამოყენების აკრძალვის მიზნით მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების მიღებისას არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“, მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტებისათვის დადგენილი სატელეფონო მომსახურების ტარიფები შესაბამისობაშია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის პირველი პუნქტის  „ბ)“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც ავტორიზებული პირი უფლებამოსილია თავისი საქმიანობისას, დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.“

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის  სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცხადდა შესვენება, რათა მოდავე მხარეებს მისცემოდათ მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ურთიერთშეჯერების შესაძლებლობა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2009 წლის 25 ნოემბერის სხდომაზე რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები.  

დავის განხილვისას ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, კომისიის მიერ ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომს“ და მეორე მხრივ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის, შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილ ტარიფთან დაკავშირებულ დავაზე, იმ მიზეზის გამო, რომ შპს „მაგთიკომი“ მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს. კომისიას, შპს „მაგთიკომისთვის“ არ დაუკისრებია ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე, კომისიის მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N525/23 „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ცალკეულ სეგმენტზე განხორციელებული რეგულირების მიუხედავად, ასევე კომისიის მიერ დაურეგულირებელი ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, კომისიაში არსებული (ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი) ინფორმაციით, აშკარად გამოიკვეთა არადროებითი ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლების არსებობა, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან ერთობლივად, პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და მოცემულ ეტაპზე კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა  შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომს“, და, მეორე მხრივ, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის, შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილ ტარიფთან დაკავშირებული დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე და აღნიშნული დავა განახლდებს მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნება საკომუნიკაციო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილი ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობისა და დისკრიმინაციულობის საკითხი.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, მე-6 თავის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.      შეჩერდეს, ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომსა“ და, მეორე მხრივ, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ შორის, შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილ ტარიფთან დაკავშირებული დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე და აღნიშნული დავა განახლდეს მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნება საკომუნიკაციო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს „მაგთიკომის“ მიერ დადგენილი ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობისა და დისკრიმინაციულობის საკითხი.

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ გაგზავნა

3.      გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                            ს.ბრიტანჩუკი

                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                            ა. სიხარულიძე

                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები