სს ”გლობალ ერთისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (”საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში”) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 28 ოქტომბერს რეაგირებისათვის გადაეცა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი (№12, 22.10.2009წ), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მ. გოთოშია, მთავარი სპეციალისტი ც. უჯმაჯურიძე და სს ”გლობალ ერთის” იურისტი რ. გოგინავა.
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ სს ”გლობალ ერთს” არ დაუწყია № N131, №N132 და №N133 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობა, რაც, ასევე დასტურდება თავად კომპანიის 2009 წლის 21 ოქტომბრის №6/3029-09 წერილით. მონიტორინგის დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთს” არ შეუსრულებია № N131, № N132 და № N133 ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობები ნუმერაციის რესურსის 1 წლის განმავლობაში 10%-ის ათვისების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2009 წლის 6 ნოემბერს, 16 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, რაზეც სს ”გლობალ ერთს” 2009 წლის 3 ნოემბერს, განმეორებით 5 ნოემბერს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ კომისიის სხდომაზე განიხილება სს ”გლობალ ერთის” გაფრთხილების საკითხი, კომპანიის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მხარეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, სს ”გლობალ ერთს” უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელზეც გამოცხადდნენ სს ”გლობალ ერთის” უფლებამოსილი წარმომადგენლები გ. არღანაშვილი და რ. გოგინავა. აღნიშნული პირებმა დააყენეს შუამდგომლობა კომპანიისათვის სანქციის მოხსნასთან დაკავშირებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ კომპანია აწარმოებს ინტენსიურ მუშაობას აბონენტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე, № N131, № N132 და № N133 ლიცენზიებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსი კომპანიას გაშვებული აქვს სატესტო რეჟიმში. კომპანია, ამასთანავე აღნიშნავს, რომ კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი იყო საერთო ფინანსური კრიზისი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №585/1 გადაწყვეტილებით სს ”გლობალ ერთზე” გაიცა № N131, № N132 და № N133 ლიცენზიები. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, სს ”გლობალ ერთს” დაევალა ლიცენზიებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისება 1 წლის განმავლობაში. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2009 წლის 22 ოქტომბრის №12 დასკვნიდან და სს ”გლობალ ერთის” კომისიაში შემოტანილი 2009 წლის 21 ოქტომბრის №6/3029-09 და 2009 წლის 5 ნოემბრის №6/3145-09 წერილებით ირკვევა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ არ შეასრულა კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №585/1 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, რაც წარმოადგენს კომპანიის გაფრთხილების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისია ვერ დააკმაყოფილებს სს ”გლობალ ერთის” მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რადგან სს ”გლობალ ერთის” მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაფრთხილდეს სს ”გლობალ ერთი” კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №585/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს სს ”გლობალ ერთს” სალიცენზიო პირობების დარღვევის აღმოფხვრა 7 კალენდარული დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”გლობალ ერთისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სს ”გლობალ ერთისათვის” ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
