წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ს სანქცირების შესახებ

ნომერი: 587 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 30 ოქტომბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000009, შედგენილი 2009 წლის 29 ოქტომბერს ქ. ყვარელში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 29 ოქტომბერს,  ქ.ყვარელში ჩატარებული მონიტორინგისას დაფიქსირდა 10.715 გჰც ÷ 11.331გჰც სიხშირულ დიაპაზონში შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს ფუნქციონირება, რომელსაც აღნიშნული სიხშირეები მიენიჭა კომისიის 2004 წლის 24 სექტემბრის N495/13 გადაწყვეტილებით ერთი წლის ვადით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს  ხელს აწევს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ. კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი და შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს გენერალური დირექტორი - ზ.ხარებაშვილი.

სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს დირექტორის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია არ ეთანხმება სამართალდარღვევათა ოქმს, ვინაიდან არსებობს უზუსტობები, რომელთა აღმოსაფხვრელადაც, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს მიერ წარმოდგენილ იქნება შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიის წინაშე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 29 ოქტომბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009  წლის 30 ოქტომბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 6 ნოემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2009 წლის 3 ნოემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს სამაუწყებლო ტელეკომპანის ”კახეთი 1”-ს (03.10.2009 N03/2598-09), მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2009 წლის 6 ნოემბერს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000009 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის N121/1). კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობაზე (ქსელით უზრუნველყოფა; მომსახურების მიწოდება) კახეთის მხარეში.

2. შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს კომისიის 2004 წლის 24 სექტემბრის N495/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა  10.715 გჰც, 10.771 გჰც, 10.827 გჰც, 10.883 გჰც, 10.939 გჰც, 10.995 გჰც, 11.051 გჰც, 11.107 გჰც, 11.163 გჰც, 11.219 გჰც, 11.275 გჰც და 11.331 გჰც სიხშირეები ქ. ყვარელში სათაო სადგურიდან საკაბელო ქსელის კოლექტიურ მიმღებებამდე ინფორმაციის მისაწოდებლად შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობის უფლებას ვადა გაუვიდა 2005 წლის 24 სექტემბერს.

3. შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1” 10.715 გჰც ÷ 11.331გჰც სიხშირულ სპექტრს იყენებს კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის წესით. შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“, 10.715 გჰც ÷ 11.331გჰც სიხშირულ სპექტრს იყენებს კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1”-ს დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300563251;

3. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-მა ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-მა  10.715 გჰც ÷ 11.331გჰც სიხშირულ სპექტრით სარგებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

7. ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-სთვის ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                    

ს.ბრიტანჩუკი                       

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე         

ი. მოსეშვილი

                                                                                                                                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები