შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფი”-ს სანქცირებისა და ნუმერაციის რესურსი 001-ს მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 2 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000080, შედგენილი 2009 წლის 2 ნოემბერს ქ.თბილისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N94/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 001 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ კომისიისთვის არ მოუმართავს ნუმერაციის რესურსით - 001 სარგებლობის უფლების გაგრძელების თაობაზე და კომპანია აგრძელებს აღნიშნული რესურსით სარგებლობას.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მ.გოთოშია და შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ნ.ყიფიანი.
სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ, წლის დასაწყისში კომისიაში შემოტანილ იქნა განცხადება 001-თ სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამის შემდეგ, შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ კომისიისთვის აღარ მოუმართავს, ვიანიდან ივარაუდა, რომ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 2 ნოემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 10 ნოემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 6 ნოემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფს” (06.11.2009 N03/2621-09), მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2009 წლის 3 ნოემბერს შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევათა ოქმში აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში დაშვებულ იქნა უზუსტობა, კერძოდ შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ კომისიას ნუმერაციის რესურსის 001-ს ხელახალი ვადით მინიჭების თხოვნით მიმართა 2008 წლის დასაწყისში და არა 2009 წელს. აღნიშნული გაუგებრობა გამოწვეულ იქნა კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაპირველად შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 001 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2007 წლის 16 თებერვალს კომისიის N91/22 გადაწყვეტილებით, ხოლო 2008 წლის 22 თებერვალს კომისიის N94/7 გადაწყვეტილებით განმეორებით 1 წლის ვადით 2009 წლის 22 თებერვლამდე კვლავ მიენიჭა შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ ნუმერაციის რესურსი 001.
განმცხადებელი კომისიისგან ითხოვს ნუმერაციის რესურის 001 კვლავ მინიჭებას საურავების გარეშე 2010 წლის თებერვლამდე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 10 ნოემბერს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ წარმომადგენელი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000080 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N94/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 001 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. შესაბამისად, აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ვადა გაუვიდა 2009 წლის 22 თებერვალს.
2. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ კომისიისთვის 2009 წლის 3 ნოემბრამდე არ მოუმართავს განცხადებით ნუმერაციის რესურსის 001-თ სარგებლობის უფლების ხელახალი ვადით მინიჭების თაობაზე.
3. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ 2009 წლის 22 თებერვლიდან დღემდე მინიჭების გარეშე იყენებს ნუმერაციის რესურსს 001.
4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.“ გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ ნუმერაციის რესურსით - 001 სარგებლობა ხორციელდებოდა მინიჭების გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000080, შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 ნოემბერს შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ნუმერაციის რესურსის 001 ახალი ვადით მინიჭებას.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენი” -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 17 ივლისის N338/7 გადაწყვეტილებით, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 0011 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით 1 წლის ვადით საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო „შპს ”010” - სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N392/7 გადაწყვეტილებით შპს „010“-ს მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 0010 დამხამრე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა (10.11.2009 N10/697-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ ვინაიდან ნუმერაციის რესურსები 0011 და 0010 გაცემულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ნუმერაციის რესურსის 001-ს შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფზე“ გაცემა გამოიწვევს ტრაფიკების აღრევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ
1. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით 001 სარგებლობა.
2. უარი უნდა ეთქვას შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ ნუმერაციის რესურსის 001-ს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” დაინტერესებისა და კომისიისთვის მომართვის შემთხვევაში, კომისია მზად არის განიხილოს საკითხი, შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით, ალტერნატიული ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილისა და 101-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფს”-ს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნუმერაციის რესურსით 001 სარგებლობა;
5. უარი ეთქვას შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფს“ ნუმერაციის რესურსის 001-ს ახალი ვადით მინიჭებაზე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ცენტრ პოინტი ჯგუფისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
