სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” სანქცირებისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 2 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000078, შედგენილი 2009 წლის 2 ნოემბერს ქ.თბილისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომისიის 2007 წლის 5 ოქტომბრის N550/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 8-0-5-0 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომისიისთვის არ მოუმართავს ნუმერაციის რესურსით - 8-0-5-0 სარგებლობის უფლების გაგრძელების თაობაზე და კომპანია აგრძელებს აღნიშნული რესურსით სარგებლობას.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მ.გოთოშია და შპს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტი ი.მათიაშვილი.
სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 2009 წლის 2 ნოემბერს წერილობით მოთხოვნილ იქნა ნუმერაციის რესურსის 8050 მინიჭება და შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ არ უნდა იქნას მიღებული დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 2 ნოემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 10 ნოემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 6 ნოემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა სს ”ენერგო პრო ჯორჯიას” (06.11.2009 N03/2620-09), მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2009 წლის 3 ნოემბერს სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება (03.11.2009 N7/443-09), რომლითაც კომპანია ითხოვს ნუმერაციის რესურსის 8-0-5-0 მინიჭებას 1 წლის ვადით ე.წ. ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 10 ნოემბერს კომისიის სხდომაზე, რომელზედაც არ გამოცხადებულა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოწვეულ იქნა კომისიის 2009 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე შეტყობინებით (06.11.2009 N03/2620-09) კომისიაში არ იქნა კომპანიისგან წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000078 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომისიის 2007 წლის 5 ოქტომბრის N550/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 8-0-5-0 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, საქართველო ტერიტორიაზე. შესაბამისად, აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ვადა გაუვიდა 2008 წლის 5 ოქტომბერს.
2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომისიისთვის 2009 წლის 3 ნოემბრამდე არ მოუმართავს განცხადებით ნუმერაციის რესურსთს 8-0-5-0 სარგებლობის უფლების ხელახალი ვადით მინიჭების თაობაზე.
3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2008 წლის 5 ოქტომბრიდან მინიჭების გარეშე იყენებს ნუმერაციის რესურსს 8-0-5-0.
4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.“ გამომდინარე იქიდან, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ნუმერაციის რესურსით - 8-0-5-0 სარგებლობა ხორციელდებოდა მინიჭების გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000078, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ კომისიისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე 2009 წლის 3 ნოემბერს მიმართვის ფაქტი არ ანიჭებს მას უფლებამოსილებას განახორციელოს აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობა კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სს „ენერგო -პრო ჯორჯიას“ ნუმერაციის რესურსს 8-0-5-0 მინიჭების გარეშე იყენებს 2008 წლის 5 ოქტომბრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაზე, რომლითაც კომპანია ითხოვს ნუმერაციის რესურსის 8-0-5-0 მუნიჭებას, კომისიაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 76-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო განცხადების რესგისტრაციისთანავე 2009 წლის 3 ნოემბერს.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს ”ენერგო პრო ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსი 8-0-5-0 (რვა-ნული-ხუთი-ნული) საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა სს ”ენერგო პრო ჯორჯიას” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს სს ”ენერგო-პრო ჯორჯიამ” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს სს ”ენერგო-პრო ჯორჯიამ” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. მიენიჭოს სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსი - 8-0-5-0 (რვა-ნული-ხუთი-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის 10 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე;
5. სს ”ენერგო-პრო ჯორჯია” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
6. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა სს ”ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
8. გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
9. გადაწყვეტილება (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
