წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, საქართველოს დიპლომატიური აკადემიასა, გ. გონაშვილს და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინის” შორის დავის განხილვის შე

ნომერი: 611 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 6 ოქტომბერს მიმართა (წერილი N10/566-09) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) ავტორიზებული პირის - შპს ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლების (აბონენტების) - საქართველოს დიპლომატიური აკადემიისა და გ. გონაშვილისთვის ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტის თაობაზე შესულ საჩივრებთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომართვაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლებმა, საქართველოს დიპლომატიურმა აკადემიამ (მის: ალ.ყაზბეგის №34, ტელ: 39-04-94) და აბონენტმა გ. გონაშვილმა (მის: თამარ მეფის №22, ტელ: 35-31-30). მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტის გამო. მათივე განცხადებით მომსახურების მიწოდების შეწყვეტის მიზეზი შპს ”კავკასუს ონლაინის” ოპერატორთა განცხადებით არის სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დადებული ხელშეკრულების ვადების ამოწურვა. მომხმარებლები ითხოვენ შპს ”კავკასუს ონლაინმა” შეასრულოს აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღუდგინოს აბონენტებს ინტერნეტ მომსახურება.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ:

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი. ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების შესახებ, მათ შორის დაზიანების აღმოფხვრის პირობების თაობაზეც. ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს შეატყობინოს მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დროულად აღმოფხვრას დაზიანებები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განსახილველი ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი (ნ. შოვნაძე), შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი (ვ.ცეცხლაძე) და საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი (ს.ცინცაძე). საქართველოს დიპლომატიური აკადემიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს დიპლომატიური აკადემიისთვის ინტერნეტმომსახურების შეწყვეტა უფრო სერიოზულია და მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის ინტერნეტმომსახურების შეწყვეტა, მან მოუწოდა შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელს, მეტი ყურადღება მიაქციონ კადრების შერჩევას, ვინაიდან ოპერატორები ვერ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას. მან დაამატა, რომ მას ხელშეკრულება დადებული აქვს შპს ”კავკასუს ონლაინთან” და საერთოდ არ არის მისთვის საინტერესო, ვისთან აქვს დავა პროვაიდერს ან ვისთან გაფორმებულ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა. გარდა მორალური ზარალისა, აკადემიას, დიპლომატიური ურთიერთობები 20 დღის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა, შეწყვეტილი იყო ყველანაირი კონტაქტი უცხოელ პარტნიორებთან და იძულებული იყვნენ მხოლოდ სატელეფონო კავშირი ჰქონოდათ. მისი აზრით არსებობს მონოპოლიზაციის ტენდენცია, მართალია არსებობს, კონკურენცია, მაგრამ ეს არ არის ჯანსაღი კონკურენცია, რის გამოც მოუწოდა კომისიას უფრო ქმედითი ნაბიჯებისაკენ. საქართველოს დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენელმა სხდომაზე დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოთხოვა შპს ”კავკასუს ონლაინს” მომხმარებლებთან ურთიერთობის სერვისის გაუმჯობესება.

სხდომაზე არ გამოცხადდა მოდავე მხარე - გ. გონაშვილი, რის გამოც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტმა ნ. შოვნაძემ იშუამდგომლა კომისიის წინაშე მოქ. გ. გონაშვილის განცხადების ნაწილში ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა.

შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა ბოდიში მოუხადა მომხმარებელს შექმნილი უსიამოვნებების გამო. მან დაამატა, რომ საქართველოს დიპლომატიური აკადემია 2007 წლიდან არის მათი აბონენტი და დღემდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა მისთვის შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან. შექმნილი მდგომარეობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2009 წლის 25 სექტემბერს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ გაითიშა აპარატურა სატელეფონო სადგურ 39-ში, რის გამოც საქართველოს დიპლომატიურ აკადემიასთან ერთად უამრავ აბონენტს შეუწყდა ინტერნეტმომსახურება. 2009 წლის 09 ოქტომბერს შპს ”კავკასუს ონლაინმა” ჯე-ლინკის ქსელზე გადაიყვანა ეს აბონენტი, რომ უფრო ნაკლები ზიანი მიდგომოდა მას, იმიტომ, რომ რელურად სატელეფონო სადგურში აპარატურის ჩართვა ვერ ხერხდებოდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამის თაობაზე კომისიაში შემოტანილი იყო კიდეც განცხადება, რაც განიხილა კომისიამ, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობის დარეგულირებამდე აბონენტების ჩართვის საკითხი ისევ ღიად დარჩა. დღეის მდგომარეობით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხელშეკრულებები გაფორმდება და ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, რადგან, ამით არა მხოლოდ კომპანია ზარალდება, არამედ აბონენტებიც იღებენ ზიანს. მისი აზრით ამ პროცესებში კომისიაც აქტიურად უნდა ჩაერიოს, ვინაიდან სწორედ კომისიას აქვს ბერკეტები, დაავალდებულოს სს ”გაერთიანებული ტელეკომი” აღადგინოს შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” მომსახურება.

კომისიამ მოდავე მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება გ.გონაშვილის განცხადების საფუძველზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ დავაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტის (ნ.შოვნაძე) შუამდგომლობის საფუძველზე;

2. დაკმაყოფილდეს საქართველოს დიპლომატიური აკადემიის დაზუსტებული მოთხოვნა, მიეთითოს და განემარტოს შპს „კავკასუს ონლაინს“, რომ:

ა) უნდა გააუმჯობესოს მომხმარებლებთან ურთიერთობის სერვისის მუშაობა და უზრუნველყოს მომხმარებელთა პრეტენზიების ოპერატიული განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა საჩივრების განხილვის გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი საჩივრის დროული და კანონიერი გადაწყვეტის მიზნით;

გ) დაზიანებათა აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-18 და მე-181 მუხლებით განსაზღვრული პირობებითა და ვადებში;

დ) უნდა უზრუნველყოს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება იმ პირობებით, რაც გათვალისწინებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნებთან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს დიპლომატიური აკადემიის, მოქალაქე გ.გონაშვილისა და შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მოქალაქე გ.გონაშვილის, საქართველოს დიპლომატიური აკადემიისა და შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).                 

კომისიის თავმჯდომარე                            ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები