წვდომის მენიუ

შპს ”ტელევიზია კახეთისათვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 613 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 11 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000013, შედგენილი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულ იქნა შპს ”ტელევიზია კახეთის” მრავალარხიანი მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი) ფუნქციონირება, რომელიც სარგებლობდა 11.700-12.200 გჰც სიხშირული დიაპაზონით, ხოლო აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობა შპს ”ტელევიზია კახეთს” აკრძალული ჰქონდა კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №801/18 გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (№000013, 10.11.2009წ.) ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ.კონდოლელი და გ.ქართველიშვილი, ასევე, შპს ”ტელევიზია კახეთის”  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე. გავარდაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელევიზია კახეთის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 10 ნოემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 11 ნოემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 18 ნოემბერი 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2009 წლის 12 ნოემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს ”ტელევიზია კახეთს”. შპს ”ტელევიზია კახეთს” ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2009 წლის 18 ნოემბერს კომისიის სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდნენ შპს ”ტელევიზია კახეთის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე. გავარდაშვილი და კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვ. ჩაფურიშვილი. აღნიშნულ სხდომაზე, კომპანიის წარმოამდგენლები აპელირებდნენ კომისიასა და კომპანიას შორის  არსებული კორესპოდენციით, რომელიც არსებობდა კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №801/18 გადაწყვეტილების გამოტანამდე და მოითხოვდნენ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, იმ მოტივით, რომ კომისიისათვის ცნობილი იყო 2 თვეზე მეტი ვადით ადრე, იმ გარემოების თაობაზე, რომ შპს ”ტელევიზია კახეთის” მიერ ხდებოდა ზემოაღნიშნული სიხშირეების გამოყენება.

კომისიის 2009 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კ. ყურაშვილის კითხვაზე შპს ”ტელევიზია კახეთის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ე. გავარდაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას 11.700 – 12.200 გჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობა არ შეუწყვეტია კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №801/18 გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც. ამავე სხოდომაზე, კომპანიის იურისტმა ვ. ჩაფურიშვილმა დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც კომისიამ მიიღო №801/18 გადაწყვეტილება, რომლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ტელევიზია კახეთს” აეკრძალა მის მიერ ულიცენზიოდ გამოყენებული სიხშირეებით სარგებლობა, კომპანიას არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კომისიისთვის ცნობილი იყო შპს ”ტელევიზია კახეთის” მიერ 11.700 – 12.200 გჰც სიხშირულ დიაპაზონით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი. 2007 წლის 28 დეკემბრის შემდგომ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სამართალდარღვევის ფაქტს აფიქსირებს არის, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000013.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, ვერ დასტურდება რომ კომისიამ გაუშვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის გათვალისწინებული  2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს 2 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია, არა უგვიანეს 2 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000013 ოქმის, ასევე, კომპანიის მიერ 2009 წლის 18 ნოემბრის №26 შუამდგომლობისა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების, აგრეთვე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ახსა-განმარტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2003 წლის 16 მაისის კომისიის №209/13 გადაწყვეტილებით შპს ,,აღორძინებას” მიენიჭა 11.700 – 12.200 გჰც სიხშირული ზოლი. 2005 წელს შპს ,,აღორძინება” გადაკეთდა შპს ,,ტელევიზია კახეთად”, შესაბამისად  შპს ,,ტელევიზია კახეთს”, როგორც შპს ,,აღორძინების” სამართალმემკვიდრეს გადაეცა  კომისიის 2003 წლის 16 მაისის  №209/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეები. აღნიშნული სიხშირეებით სარეგბლობის უფლებას ვადა ამოეწურა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 53-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად 2004 წლის 27 ივნისს. შპს ,,ტელევიზია კახეთის” მიერ სიხშირეებით უკანონოდ სარგებლობის გამო, კომისიამ ერთხელ უკვე შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000006 (06.12.2007).   აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობა შპს ”ტელევიზია კახეთს” კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №801/18 გადაწყვეტილებით პირდაპირ აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ტელევიზია კახეთს” ეპატია ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა და კომისია მაშინ დასჯერდა დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შპს ”ტელევიზია კახეთის” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №801/18 გადაწყვეტილებამდე პერიოდის და აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ გახდება კომისიის 2007 წლის 28 დეკემრის №801/18 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში არსებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ამ ეტაპზე ვერ გაითვალისწინებს შპს ”ტელევიზია კახეთის” შუამდგომლობას წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და შესაბამისად, შპს ”ტელევიზია კახეთის”  მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, შპს ”ტელევიზია კახეთს” დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ზემოაღნიშნული სიხშირული დიაპაზონით სარგებლობა.

      საქმის განხილვის სტადიაზე ასევე დადგინდა, რომ შპს ”ტელევიზია კახეთის” მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენისას, ადგილი აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ”მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად”.

      კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სიხშირული რესურსი არის სახელმწიფოს კუთვნილი ამოწურვადი რესურსი და მისი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ აუქციონის ან სპეციალური მინიჭების საფუძველზე. სახელმწიფოს კუთვნილი ამოწურვადი რესურსების კომისიის მიერ ოპტიმალური გამოყენების უზრუნველსაყოფად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის, 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლისა და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”ტელევიზია კახეთს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და დაუყოვნებლივ აეკრძალოს 11.700-12.200 გჰც სიხშირული დიაპაზონით  სარგებლობა;

2. უზრუნველყოს შპს ”ტელევიზია კახეთმა”   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300543251;

3. უზრუნველყოს შპს ”ტელევიზია კახეთმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ”ტელევიზია კახეთის”  მიერ ჯარიმის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე კონტროლის განხორციელება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ტელევიზია კახეთისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ტელევიზია კახეთისათვის” ჩაბარებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                  კ.კვიტაიშვილი 

                                                                                                  ა.სიხარულიძე

                                                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები