შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 19 ოქტომბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2936-09) მიმართა შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა, კომპანიის მიერ სამაუწყებლო პროდუქციის (უცხოური თუ ადგილობრივი) შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები კომპანიის მიერ სამაუწყებლო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, ასევე მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, შეძენილი სამაუწყებლო პროგრამების და ექსკლუზიური პირობების შესახებ, კერძოდ შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-სთან (UEFA) 2009 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები, დანართი, დანართი №2 და დანართი №3, Universal Studios International B.V.-სთან 2009 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი, დანართი A და B, MGM International Television Distribution-თან 2008 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი A და B, BBC Worldwide Limited-თან 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი და დანართი A, Intra Communications-თან 2008 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები და დანართი №1, MTV Networks-თან 2008 წლის 12 დეკემბერს და 2009 წლის 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებების მე-2, მე-4, მე-5 პუნქტები, დანართი A-ს პირველი, მე-2, მე-3, მე-8, მე-18 პუნქტები და Twentieth Century Fox International Television-თან 2008 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი და დანართი A, კომისიის აზრით, ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეების კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება იქნას ცნობილი. გასათვალისწინებელია, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ შეძენილი სამაუწყებლო პროგრამების ნაწილში, კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. კერძოდ, კონკურენტი კომპანიის მიერ შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ შეძენილი სამაუწყებლო პროდუქციის წინასწარი ცნობის შემთხვევაში, საკუთარი სამაუწყებლო ბადის დაგეგმვა შეიძლება განახორციელოს ისე, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს სარეკლამო ბაზარზე მიადგეს ზიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით კომისიაში წამროდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები, სხვა ნაწილში არ შეიძლება ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან (გარდა ზემოაღნიშნული პუნქტებისა) ხელშეკრულებების დანარჩენი ნაწილები არ შეიცავს კომერციული ხასიათის შინაარსს, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს განმცხადებლის კონკურენტულობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 2009 წლის 19 ოქტომბრის განცხადება №6/2936-09 ნაწილობრივ:
ა) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და ”გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაცია”-ს (UEFA) შორის 2009 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები, დანართი, დანართი №2 და დანართი №3 შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და Universal Studios International B.V.-ს შორის 2009 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი, დანართი A და B შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
გ) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და MGM International Television Distribution-ს შორის 2008 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი A და B შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
დ) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და BBC Worldwide Limited-ს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი და დანართი A შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
ე) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და Intra Communications-ს შორის 2008 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები და დანართი №1 შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
ვ) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და MTV Networks შორის 2008 წლის 12 დეკემბერს და 2009 წლის 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებების მე-2, მე-4, მე-5 პუნქტები, დანართი A-ს პირველი, მე-2, მე-3, მე-8, მე-18 პუნქტები შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
ზ) ცნობილ იქნას შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სა და Twentieth Century Fox International Television-თან 2008 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი და დანართი A შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კომერციულ საიდუმლოებად;
2. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
