წვდომის მენიუ

შპს ,,რ- რადიოს ” №562 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2002 წლის №409/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 62 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „რ-რადიომ”, კომისიას მიმართა განცხადებით (№6/278-08 26.11.2008), კომპანიის კუთვნილი №562 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2002 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 409/1 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს ”რ-რადიო”-ს კუთვნილი N562 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობად განისაზღვრა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა.

 ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ჰ 4) პუნქტის საფუძველზე, საერთო მაუწყებლობა განსაზღვრული იყო, როგორც - არანაკლებ ორი თემატიკის ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა; შემდგომ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  ძალაში შესვლიდან, სამაუწყებლო ლიცენზიათა სახეობებად განისაზღვრა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. საერთო მაუწყებლობა, ახალი კანონის შესაბამისად, განსაზღვრულია, როგორც - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა, ანუ საკანონმდებლო დონეზე ერთი და იგივე ტერმინმა არსებითად იცვალა შინაარსი.

კომისია დამატებით აღნიშნავს,  რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა სახეობების დეფინიციებში. ამ  მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები (N09/828-05 14.06.2005 წ.), რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა), ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს “რ-რადიო”-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის შესახებ და შესაბამისად, შპს “რ-რადიო”-ს №562  ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილების შესაბამისად გადაიდო, განხორციელებული მაუწყებლობის სახეობის  დაზუსტებების მიზნით.

კომისიამ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განახორციელა სხვა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მაუწყებელთგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე.

     კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს “რ-რადიო”-ს მიერ მოგვიანებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№6/278-08 26.11.2008), რომლითაც დაზუსტებული იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა. კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს, მისი კუთვნილი N 562 ლიცენზიის,  კერძო საერთო მაუწყებლობის  ლიცენზიად მოდიფიცირებას, საქართველოს ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

შესაბამისად, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2008 წლის  29 დეკემბერს  დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რ-რადიოს” №562 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2002 წლის №409/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიის 2008 წლის 29 დეკემბრის  №768/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 30 იანვარს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე:დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

      კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, უკვე ძალადაკარგული საქართველოს  კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახეობის და სახის, დღეს მოქმედ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის  1პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებულიშემთხვევა:საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 38-ე და 76-ე მუხლების   შესაბამისად   კომისიამ:

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”რ-რადიოს” №562 კუთვნილი ლიცენზია    და შევიდეს ცვლილება კომისიის 2002 წლის №409/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” 2. მოდიფიცირდეს შპს ”რ-რადიოს” №562 ლიცენზია კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს  №B104;

ლიცენზიის სახე: კერძო  რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება (მ.აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,რ-რადიოსთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარეს

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                           კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები