წვდომის მენიუ

შპს ”საქტელკომპლუსთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის”თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 626 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”საქტელკომპლუსთან” 2002 წლის 30 დეკემბერს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”საქტელკომპლუს”, მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდნინარე დავალიანება, რომელიც 2009 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 955,706.72  ლარს.               

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება ამავე ხელშეკრულებით გაფორმებული წესით და პირობებით, ამასთან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნა გამიზნულია, ერთი მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, გულისხმობს მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზირებულ პირთა ვალდებულებას გააფორმონ ურთიერთჩართვის უზრუნველმყოფი ხელშეკრულებები.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 ნოემბერს, რის შესახებაც ეცნობათ შპს ”საქტელკომპლუსს” და შპს ”ჯეოსელს” წერილობითი შეტყობინებებით. შპს ”საქტელკომპლუსს” გადაეგზავნა საქმეზე თანდართული მასალები და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა თავისი პოზიცია (ახსნა-განმარტება). 

კომისია აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის 2009 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთშედარების აქტი, გაფორმებული, ერთი მხრივ, შპს ”ჯეოსელსა” და, მეორე მხრივ, შპს ”საქტელკომპლუსს” შორის, რომლის შესაბამისადაც მხარეები აღიარებენ, რომ შპს ”საქტელკომპლუსს” 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 955,706.72 ლარი, შპს ”ჯეოსელის” მიმართ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ა. სადაღაშვილი, ხოლო შპს ”საქტელკომპლუსის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიაში 2009 წლის 19 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შპს ”საქტელკომპლუსის” წერილი №01/393, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით შპს ”საქტელკომპლუსის” დავალიანება შპს ”ჯეოსელის” მიმართ არის 955,706.72 ლარი, რაც განპირობებულია კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობით და მზადყოფნაა გამოთქმული აწარმოონ მოლაპარაკება შპს ”ჯეოსელთან” დავალიანების გადახდის გრაფიკზე, წარმოდგენილ წერილს ხელს აწერენ მთავარი ბუღალტერი დ. ედიბერიძე და იურისტი გ. შველიძე. საკითხის განსახილველ სხდომაზე შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს ”საქტელკომპლუსის” წერილობით შეთავაზებას და მოითხოვა შპს ”საქტელკომპლუსის” მიერ დავალიანების 955,706.72 ლარის დაუყონებლივ დაფარვა.

საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:     

1.   შპს ”ჯეოსელის” მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.   მიეცეს თანხმობა შპს ”ჯეოსელს” შეაჩეროს შპს ”საქტელკომპლუსთან” 2002 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) შპს ”საქტელკომპლუსის” მიერ 2002 წლის 30 დეკემბრის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ მიღებულ მომსახურეობაზე დარიცხული საფასურის 955,706.72 ლარის ოდენობის დავალიანების 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში;

ბ) შპს ”საქტელკომპლუსის” მიერ 2002 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მიღებულ მომსახურეობაზე დარიცხული საფასურის გადაუხდელობით დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;   

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის გაგზავნა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მისი ასლის შპს ”საქტელკომპლუსისთვის” და შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                      ს.ბრიტანჩუკი

                                                                        კ.კვიტაიშვილი

                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები