წვდომის მენიუ

შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის”თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 627 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”მაკროკომთან” 2004 წლის პირველ აგვისტოს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”მაკროკომს”, მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდნინარე დავალიანება, რომელიც 2009 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 294,993.11  ლარს.               

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება ამავე ხელშეკრულებით გაფორმებული წესით და პირობებით, ამასთან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნა გამიზნულია, ერთი მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, გულისხმობს მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზირებულ პირთა ვალდებულებას გააფორმონ ურთიერთჩართვის უზრუნველმყოფი ხელშეკრულებები.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 ნოემბერს, რის შესახებაც ეცნობათ შპს ”მაკროკომს” და შპს ”ჯეოსელს” წერილობითი შეტყობინებებით შპს ”მაკროკომს” გადაეგზავნა საქმეზე თანდართული მასალები და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა თავისი პოზიცია (ახსნა-განმარტება). 

კომისია აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის 2009 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთშედარების აქტი, გაფორმებული, ერთი მხრივ, შპს ”ჯეოსელსა” და, მეორე მხრივ, შპს ”მაკროკომს” შორის, რომლის შესაბამისადაც მხარეები აღიარებენ, რომ შპს ”მაკროკომს” 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 294,993.11 ლარი, შპს ”ჯეოსელის” მიმართ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ა. სადაღაშვილი და შპს ”მაკროკომის” გენერალური დირექტორი გ. ცხადაია.       

საკითხის განსახილველ სხდომაზე შპს ”მაკროკომის” წარმომადგენელმა დაადასტურა დავალიანების არსებობა და შესთავაზა შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელს დავალიანების, 294,993.11 ლარის, ეტაპობრივი დაფარვა. შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელმა შესთავაზა შპს ”მაკროკომის” წარმომადგენელს შპს ”მაკროკომის” მიერ აღიარებული დავალიანების, 294,993.11 ლარის, ორმოცდაათი პროცენტის (147.496 ლარი და 55 თეთრი) 5 სამუშაო დღის ვადაში დაფარვა, ხოლო დარჩენილ თანხაზე 6 თვიანი დავალიანების გადახდის გრაფიკის შედგენა, რაზეც შპს ”მაკროკომის” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა.

საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ,  სრულად, ობიექტურად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:     

1.  შპს ”ჯეოსელის” დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად;

2.   მიეცეს თანხმობა შპს ”ჯეოსელს” შეაჩეროს შპს ”მაკროკომთან” 2004 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) შპს ”მაკროკომსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის გაფორმებული 2004 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ მიღებული მომსახურეობაზე დარიცხული დავალიანების 294,993.11 ლარის 50 პროცენტის (147.496 ლარი და 55 თეთრი) შპს ”მაკროკომის” მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში;

ბ)  შპს ”მაკროკომის” მიერ, შპს ”ჯეოსელთან” შეთანხმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და აღიარებული დავალიანების 50%-ის (147.496 ლარი და 55 თეთრი) დაფარვის 6 თვიანი გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში;

გ) შპს ”მაკროკომის” მიერ, მასსა და შპს ”ჯეოსელს” შორის 2004 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის გადაუხდელობით დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;   

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის გაგზავნა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მისი ასლის შპს ”მაკროკომისთვის” და შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                            ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                        კ.კვიტაიშვილი

                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები