შპს ”კავკასიის ციფრული ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის”თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს”, მათ მიმართ ერიცხება 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდნინარე დავალიანება, რომელიც 2009 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 162,953.83 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება ამავე ხელშეკრულებით გაფორმებული წესით და პირობებით, ამასთან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნა გამიზნულია, ერთი მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, გულისხმობს მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზირებულ პირთა ვალდებულებას გააფორმონ ურთიერთჩართვის უზრუნველმყოფი ხელშეკრულებები.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 ნოემბერს, რის შესახებაც ეცნობათ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” და შპს ”ჯეოსელს” წერილობითი შეტყობინებებით. შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” გადაეგზავნა საქმეზე თანდართული მასალები და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა თავისი პოზიცია (ახსნა-განმარტება).
კომისია აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის 2009 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთშედარების აქტი გაფორმებული, ერთ მხრივ, შპს ”ჯეოსელსა” და, მეორე მხრივ, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის, რომლის შესაბამისადაც მხარეები აღიარებენ, რომ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 162,953.83 ლარი, შპს ”ჯეოსელის” მიმართ.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ა. სადაღაშვილი და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელი დ. თუთბერიძე. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიაში 2009 წლის 19 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წერილი №1667, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” დავალიანება შპს ”ჯეოსელის” მიმართ არის 162,953.83 ლარი. საკითხის განსახილველ სხდომაზე შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა დავალიანების არსებობა და შესთავაზა შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელს დავალიანების 162,953.83 ლარის ეტაპობრივი დაფარვა. შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელს და მოითხოვა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ დავალიანების - 162,953.83 ლარის დაუყონებლივ დაფარვა.
საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ”ჯეოსელის” მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მიეცეს თანხმობა შპს ”ჯეოსელს” შეაჩეროს შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
ა) შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ 2003 წლის პირველი ოქტომბრის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ შპს ”ჯეოსელისგან” მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის - 162,953.83 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში;
ბ) შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის 2003 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე შპს ”კავკასიის ციფრული ქსელზე” დარიცხული საფასურის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაუხდელობით მიმდინარე დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მისი ასლის შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელისთვის” და შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
