შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის”თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” 2005 წლის 28 აპრილს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს”, მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდნინარე დავალიანება, რომელიც 2009 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 778,254,79 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება ამავე ხელშეკრულებით გაფორმებული წესით და პირობებით, ამასთან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნა გამიზნულია, ერთი მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, გულისხმობს მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზირებულ პირთა ვალდებულებას გააფორმონ ურთიერთჩართვის უზრუნველმყოფი ხელშეკრულებები.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 ნოემბერს, რის შესახებაც ეცნობათ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” და შპს ”ჯეოსელს” წერილობითი შეტყობინებებით. შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” გადაეგზავნა საქმეზე თანდართული მასალები და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა თავისი პოზიცია (ახსნა-განმარტება).
კომისია აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის 2009 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთშედარების აქტი გაფორმებული, ერთი მხრივ, შპს ”ჯეოსელსა” და, მეორე მხრივ, შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” შორის, რომლის შესაბამისადაც მხარეები აღიარებენ, რომ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 778,254,79 ლარი, შპს ”ჯეოსელის” მიმართ.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ა. სადაღაშვილი და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წარმომადგენელი დ. კვალიაშვილი. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიაში 2009 წლის 17 ნოემბერს, წარმოდგენილ იქნა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წერილი №24, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” დავალიანება შპს ”ჯეოსელის” მიმართ არის 778,254,79 ლარი. საკითხის განსახილველ სხდომაზე შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა დავალიანების არსებობა და შესთავაზა შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელს, დავალიანების - 778,254,79 ლარის ეტაპობრივი დაფარვა. შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წარმომადგენელს და მოითხოვა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ დავალიანების 778,254,79 ლარის დაუყონებლივ დაფარვა.
საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ”ჯეოსელის” მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მიეცეს თანხმობა შპს ”ჯეოსელს” შეაჩეროს შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, შემდეგ შემთხვევებში:
ა) შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ შპს ”ჯეოსელთან” გაფორმებული 2005 წლის 28 აპრილის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის 778,254,79 ლარის ოდენობის დავალიანების 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში;
ბ) შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის გადაუხდელობით დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მისი ასლის შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისთვის” და შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
