წვდომის მენიუ

შპს ,,ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი -ს” №502 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის №361/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 63 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „ტელესამაუწყებლო კომპანის მეცხრე არხმა”, კომისიას მიმართა განცხადებით (№06/2944-08 23.12.2008), კომპანიის კუთვნილი №502 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 23 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 361/6 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს კუთვნილი N502 ლიცენზია და ლიცენზიის  სახედ  განისაზღვრა:  სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა, ხოლო სახეობად განისაზღვრა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა.

კომისია დამატებით აღნიშნავს,  რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა სახეობების დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა: კერძო და სათემო. ამ  მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები (N09/828-05 14.06.2005 წ.), რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზირებული მაუწყებლობა), ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მაუწყებელთგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე. იმ ეტაპზე შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს ლიცენზიის მოდიფიცირება არ განხორციელებულა, კომპანიიდან შესაბამისი წერილის წარმოუდგენლობის გამო.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს მიერ  კომისიაში  მოგვიანებით იქნა წარმოდგენილი განცხადება (№6/2944-08 23.12.2008), რომლითაც დაზუსტებულ იქნა განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა. წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს, მისი კუთვნილი N 502 ლიცენზიის  კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას, საქართველოს ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ  ამ შემთხვევაში სახეზეა  ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, უკვე ძალადაკარგული საქართველოს  კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახეობისა და სახის, დღეს მოქმედ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს განცხადების შესაბამისად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, 2008 წლის 29 დეკემბერს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი”-ს №502 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 23 ივლისის  №361/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიის 2008 წლის 29 დეკემბრის №767/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 30 იანვარს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოდიფიცირდეს შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს საეთერო ტელერადიომაუწყებლობის №502 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კომისიის 2003 წლის 23 ივლისის №361/6 გადაწყვეტილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-ს №502 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B105  (მოქმედების ვადა  29.04.2013), შევიდეს ცვლილებები კომისიის 2003  წლის 23 ივლისის №361/6  გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. მოდიფიცირდეს შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია  მეცხრე არხი”-ს №502 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B105  (მოქმედების ვადა  29.04.2013)

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა  23-ე  სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით  ქ. თბილისში;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ”ტელესამაუწყებლო კომპანია მეცხრე არხი”-სათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარეს                                                                           ს.ბრიტანჩუკი

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                       ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                       კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები