წვდომის მენიუ

შპს ”მაქსტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის”თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 630 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”მაქსტელთან” 2006 წლის პირველ აგვისტოს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს მაქსტელს”, მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდნინარე დავალიანება, რომელიც 2009 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 233,078.77 ლარს.               

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება ამავე ხელშეკრულებით გაფორმებული წესით და პირობებით, ამასთან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნა გამიზნულია, ერთი მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, გულისხმობს მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზირებულ პირთა ვალდებულებას გააფორმონ ურთიერთჩართვის უზრუნველმყოფი ხელშეკრულებები.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 ნოემბერს, რის შესახებაც ეცნობათ შპს ”მაქსტელს” და შპს ”ჯეოსელს” წერილობითი შეტყობინებებით. შპს ”მაქსტელს” გადაეგზავნა საქმეზე თანდართული მასალები და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა თავისი პოზიცია (ახსნა-განმარტება). 

კომისია აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის 2009 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთშედარების აქტი, გაფორმებული, ერთი მხრივ, შპს ”ჯეოსელსა” და, მეორე მხრივ, შპს ”მაქსტელს” შორის, რომლის შესაბამისადაც მხარეები აღიარებენ, რომ შპს ”მაქსტელს” 2009 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 233,078.77  ლარი, შპს ”ჯეოსელის” მიმართ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ა. სადაღაშვილი და შპს ”მაქსტელის” წარმომადგენელი გ. გველესიანი. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიაში 2009 წლის 18 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შპს ”მაქსტელის” წერილი №045, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”მაქსტელსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს სასამართლო დავის განხილვა. დამატებით, კომპანია შპს ”ჯეოსელს” სთავაზობს სადეპოზიტო ანგარიშწორებაზე გადასვლას, აგრეთვე მითითებულია რომ შპს ”მაქსტელსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს, როგორც კომპანიას, ასევე მის აბონენტებს, რაც უფრო გაართულებს დავალიანების გადახდას.

საკითხის განსახილველ სხდომაზე შპს ”მაქსტელის” წარმომადგენელმა დაადასტურა დავალიანების არსებობა და შესთავაზა შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელს დავალიანების - 233,078.77 ლარის ეტაპობრივი დაფარვა. შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენელმა შესთავაზა შპს ”მაქსტელის” წარმომადგენელს შპს ”მაქსტელის” მიერ აღიარებული დავალიანების - 233,078.77 ლარის,  ორმოცდაათი პროცენტის (116,539 ლარი 39 თეთრი) 5 სამუშაო დღის ვადაში დაფარვა, ხოლო დარჩენილ თანხაზე 6 თვიანი დავალიანების გადახდის გრაფიკის შედგენა, რაზეც შპს ”მაქსტელის” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა.

საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ,  სრულად, ობიექტურად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:     

1.    შპს ”ჯეოსელის” დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად;

2.    მიეცეს თანხმობა შპს ”ჯეოსელს”, შეაჩეროს შპს ”მაქსტელთან” 2006  წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, შემდეგ შემთხვევებში:

ა) შპს ”მაქსტელსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის გაფორმებული 2006 წლის პირველი აგვისტოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ მიღებულ მომსახურეობაზე დარიცხული დავალიანების 233,078.77 ლარის 50 პროცენტის (116,539 ლარი 38 თეთრი) შპს ”მაქსტელის” მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუფარაობის შემთხვევაში;

ბ)  შპს ”მაქსტელის” მიერ, შპს ”ჯეოსელთან” შეთანხმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და აღიარებული დავალიანების 50 პროცენტის (116,539 ლარი 39 თეთრი) დაფარვის 6 თვიანი გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში;

გ) შპს ”მაქსტელის” მიერ, მასსა და შპს ”ჯეოსელს” შორის 2006 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის გადაუხდელობისა და დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;   

3.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის გაგზავნა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მისი ასლის შპს ”მაქსტელისთვის” და შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                           ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                   ს.ბრიტანჩუკი

                                                                        კ.კვიტაიშვილი

                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები