წვდომის მენიუ

შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ისთვის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისფლებისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე

ნომერი: 633 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 3 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000079, შედგენილი 2009 წლის 3 ნოემბერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს, კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №342/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 009 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 1 წლის ვადით, 2008 წლის 22 ივნისამდე. შპს ”სამედიცინო სამსახური 009” კი, ახალი ვადით მინიჭების გარეშე, კვლავ აგრძელებს აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებას.

აღნიშნულის თაობაზე, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№000079, 03.11.2009წ), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ გოთოშია და შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის გენერალური დირექტორი კ.გვალია.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 3 ნოემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 12 ნოემბერი 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2009 წლის 5 ნოემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს ”სამედიცინო სამსახურ 009”-ს. ”სამედიცინო სამსახურ 009”-ს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ”სამედიცინო სამსახურ 009”-ს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2009 წლის 12 ნოემბერს კომისიის სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდა შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი რ. პიტავა. აღნიშნულ სხდომაზე შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვდა შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ისათვის კომისიას არ დაეკისრებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია შემდეგ გარემოებათა გამო:  შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო თუ ასეთს კომისია დადგენილად ჩათვლის, ამ ფაქტს ადგილი უნდა ჰქონოდა 2008 წლის 22 ივნისს, ხოლო კომისიას ეს საკითხი სადაოდ არ გაუხდია არა თუ 2008 წლის 22 ივნისადან 2 თვის განმავლობაში, არამედ 16 თვის განმავლობაში. შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის გამოვლენის საშუალება კომისიას 2008 წლის ივნისასთვის უდავოდ ჰქონდა, ვინიადან კომისიას აქვს შესაბამისი უწყებრივი რეესტრი, რომელშიც მითითებულია შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, მათ შორის ვადაც; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს 2 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია, არა უგვიანეს 2 თვისა მისი გამოვლენის დღიდან; კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №342/7 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალა კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) და ეს პუნქტი კომისიის უფლებამოსილი დეპარტამენტის მიერ მუდმივი და სისტემატური მონიტორინგის პირობებში გადამოწმებადი იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ითხოვს აღნიშნულ დავასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, ვინაიდან გასულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამოვლენიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა.

კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და ხანდაზმულობის ვადების გაშვების ფაქტობრივი მიზეზების გამოსარკვევად  მიზანშეწონილია საკითხის განხილვა გადაიდოს 2009 წლის 20 ნოემბრისათვის.

2009 წლის 20 ნოემბერს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2008-2009 (2009 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში) შედგენილი შემოწმების აქტი, კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №342/7 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, რომელიც არსებითი ხასიათის დოკუმენტი უნდა გამხდარიყო ჩატარებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მხრიდან ხანდაზმულობის ვადების გაშვების საკითხის გასარკვევად. სამაგიეროდ კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის მიერ წარმოდგენილი იქნა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ გაცემული დოკუმენტი (წერილის №8-15/1476, 19.11.09.), რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009” 2008 წლის ივნისიდან დღემდე უწყვეტად სარგებლობს ნუმერაციის რესურსით ”009”.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000079 ოქმისა და შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის, ასევე საქმეზე თანდართული დოკუმენტაციის  შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009” 2008 წლის 22 ივნისიდან, ახალი ვადით მინიჭების გარეშე სარგებლობდა ნუმერაციის რესურსით 0-0-9 ქ. თბილისში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შედეგად უტყუარად ვერ ირკვევა გაშვებულია თუ არა კომისიის მხრიდან კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ან გამოვლენის დღიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე თავი უნდა შეიკავოს კომპანიის სანქცირებისგან, მაგარამ უდავოდ დგინდება, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ახორციელებს ნუმერაციის რესურსით უკანონო სარგებლობას და აღნიშნულიდან გამომდინარე,  კომპანიას კომისიის აზრით უნდა აეკრძალოს დაუყოვნებლივ ნუმერაციის რესურსით 0-0-9-ით სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გათავისუფლდეს შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადგენილი სანქციისგან, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაშვების საკითხის დაუდგელობის გამო;

2. აეკრძალოს შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს  ნუმერაციის რესურსით ”0-0-9” არამართლზომიერი სარგებლობა დაუყოვნებლივ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ისათვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ და მონიტორინგის დეპარტამენტებს (კ. ყურაშვილი, მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე:                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                                  ა.სიხარულიძე

                                                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები