წვდომის მენიუ

შპს ,,აიეტისა” და შპს ,,მთაწმინდა ტელეკომპანიას” სანქცირების თაობაზე

ნომერი: 634 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს  მუდმივად და სისტემატურად. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 2 ოქტომბერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა შემოწმება და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N11, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოწმებულ იქნა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია NF33-თ გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი (სიხშირული დიაპაზონი 2500მჰც-2564მჰც) კომისიის სტაციონარული სადგურიდან და შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ ფუნქციონირებს. შემოწმების აქტში დაფიქსირებულია შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ იურისტის ა.თაბაგარის ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“, სიხშირული მომსახურება შეტანილი აქვს შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში. აქედან გამომდინარე, რეგულირების საფასურს კომისიაში იხდის შპს „აიეტი“. ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიაში წარმოდგენილი იქნება, როგორც შპს „აიეტის“, ასევე შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ განმარტებითი წერილი.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (27.10.2009 N10/650-09), რომლის შესაბამისადაც, კომისიაში შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში, წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი  გაანგარიშებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შემოსავალი არ გააჩნია. აღნიშნული კი, როგორც შპს „აიეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზია ჩადებული აქვს შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში. სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს შპს „აიეტის“ წერილი (20.08.2009 N6/2207-09) და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ განმარტებითი წერილი (20.10.2009 N6/295-09). შპს „აიეტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ წარმოადგენს შპს „აიეტის“ დამფუძნებელს და კომპანიას მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეტანილი აქვს შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში. შესაბამისად, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი აღირიცხება როგორც შპს „აიეტის“ ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, შპს „აიეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებებში შედის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან მიღებული შემოსავალი. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განმარტებით წერილშიც ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან კომპანიის მიერ, მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზია ჩადებულია შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში, აღნიშნული სიხშირული რესურსით სარგებლობიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება, როგორც შპს „აიეტის“ ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდას კომისიაში ახორციელებს შპს „აიეტი“.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის N81/1), კომპანია ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზიას აღნიშნული ლიცენზია გაცემულია კომისიის 2006 წლის13 ოქტომბრის N438/1 გადაწყვეტილებით და ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით 2500-2564  მგჰც და 2612-2636 მგჰც სარგებლობის უფლებას ქ. თბილისში 2016 წლის 13 ოქტომბრამდე;

2. შპს „აიეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის N67/1), კომპანია ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებას 2564 - 2612 მჰც და 2636 - 2692 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ქ.თბილისში;

3. შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზია ჩადებული აქვს შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში, რასაც ადასტურებს, როგორც შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“, ასევე შპს „აიეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაცია.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაპირება არის ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების დროს, მხარეებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას წარუდგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე  სათანადო ინფორმაციას და ამ კანონით განსაზღვრული წესით გაივლის ავტორიზაციას. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა, მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათიდან (02.11.2009 N10/675-09) ირკვევა, რომ კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზიის მფლობელი არის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ და ამ უკანასკნელს კომისიისთვის არ მოუმართავს აღნიშნული ლიცენზიის შპს „აიეტისთვის“ გადაპირებაზე თანხმობის მიღების თაობაზე.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე,  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზიის შპს “აიეტის“ საწესდებო კაპიტალში ჩადების შემდეგ, როდესაც განხორციელდა აღნიშნული ლიცენზიის შპს „აიეტის“ მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა, რასაც ადასტურებს როგორც შპს „აიეტის“, ასევე შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ ვალდებული იყო მოემართა კომისიისთვის აღნიშნული ლიცენზიის შპს „აიეტზე“ გადაპირებაზე თანხმობის მიღებისთვის და წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც, კომისია შეამოწმებდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, შეიტანდა სათანადო ცვლილებებს კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემდა სალიცენზიო მოწმობას ან იმოქმედებდა კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ხოლო, შპს ,,აიეტი”, თავის მხრივ, ვალდებული იყო ლიცენზიით განსაზღვრული პირობებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რადიოსიხშირული სპექტრით ესარგებლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას წარუდგენდა ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე  სათანადო ინფორმაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზია ჩადებულ იქნა შპს „აიეტის“ საწესდებო კაპიტალში და მას კომისიისთვის არ მოუმართავს აღნიშნული ლიცენზიის შპს „აიეტისთვის“ გადაპირებაზე თანხმობის მისაღებად, ხოლო შპს „აიეტს“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF33 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებთ სარგებლობა უნდა განეხორციელებინა მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის (ამ შემთხვევაში კომისიისთვის) სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ და შპს „აიეტის“ მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების წესის დარღვევას. აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქცირების საფუძველს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N394/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომაპნიის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის  დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2009 წლის 4 სექტემბრის N428/19 გადაწყვეტილებით, შპს „აიეტი“ გაფრთხილდა ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ ასევე შპს „აიეტის“ მიმართ უკვე გამოყენებულია გაფრთხილება და გაფრთხილების სანქციის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანიების მიერ კვლავ ჩადენილია ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლეცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების წესის დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისა“ და შპს „აიეტის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, (20.11.2009 N10/711-09) შპს „აიეტის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 28,977.55 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აიეტს“ ჯარიმის სახით უნდა დეეკისროს 28,977.55 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი)ლარი.

რაც შეეხება შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ კომისიაში წარმოადგენილი აქვს რეგულირების საფასურსი ნულოვანი გაანგარიშებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ ჯარიმის სახით უნდა დეეკისროს 10,000.00 ლარი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-11, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე, 45-ე პუხლის პირველი პუნქტის, 51-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 მე-15 და მე-16 პუნქტების,  ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭრისყრის შედეგად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაჯარიმდეს შპს „აიეტი” 28,977.55 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „აიეტმა“ ჯარიმის - 28,977.55 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტ თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

3. დაჯარიმდეს  შპს ,,მთაწმინდა ტელერადიოკომპანია” ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი  პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

4. უზრუნველყოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ“ ჯარიმის - 10,000.00 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

 - ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

5. დაევალოს შპს ,,მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას”, ასევე შპს „აიეტს“,  რადისოხისშირული სპექტრით სარგებლობის №F33 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, გონივრულ ვადაში აღმოფხვრან დარღვევები და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობონ კომისიას 5 დღის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „აიეტისა” და შპს ,,მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აიეტისა“ და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიისთვის“ ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (მ.გოთოშია). 

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები