შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე, ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომს“ და, მეორე მხრივ, სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის, ამ უკანასკნელთა მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციულ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ და შპს ”ახალ ქსელებთან” დავის განხილვის მოთხვნით.
კომისიაში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ფიქსირებული ქსელიდან, მობილური ქსელის მიმართულებით (რომლის იდენტიფიცირებაც ხდება ნუმერაციის რესურსით 870 და 878) განხორციელებულ ზარებზე ნულოვანი ტარიფის დაწესებით, ირღვევა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მისი მობილური ქსელისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე ახორციელებს სუბსიდირებას, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას. შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაშვებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა, უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრული მაღალი ტარიფის დაწესება ან სატარიფო ზეწოლა. სს „გაერთიანებული ტელეკომი“, განხორციელებული ქმედებებით არღვევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ახორციელებს სატარიფო ზეწოლას, რის გამოც ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე იქმნება არაკონკურენტუნარიანი გარემო. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ასევე ირღვევა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, ასევე ვალდებულება არ დაუშვას კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისთვის მიწოდებული მომსახურების ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე.
შპს „მაგთიკომის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და შპს „ახალი ქსელებისთვის“ დადგენილია წყვილის იჯარის ზედა ზღვრული ტარიფი 11.70 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტარიფი არის ხარჯზე ორიენტირებული, შპს „ახალი ქსელების“ 4 ლარიანი სატარიფო გეგმის, ხოლო სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 7 ლარიანი სატარიფო გეგმის ფარგლებში სთავაზობენ საკუთარ აბონენტებს ქსელის შიდა ზარებს ნულოვანი ტარიფით. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ვერც 4 და ვერც 7 ლარი ვერ დაფარავს წყვილის იჯარის ხარჯს - 11.70 ლარს, შესაბამისად, ან წყვილის იჯარის ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული, ან სს „გაერთიანებული ტელეკომი“ და შპს „ახალი ქსელები“ ახდენენ ტარიფის სუბსიდირებას
მოთხოვნა:
კომისიამ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება განცხადებაში აღნიშნული სატარიფო შეზღუდვის მოხსნის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 27 ნოემბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 ნოემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 24 ნოემბერს კომისიაში, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ შეპასუხება (24.11.2009 N6/3467-09) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელები“ არ ეთანხმება შპს „მაგთიკომის“ განცხადებას შემდეგი გარემოებების გამო:
შპს „ახალი ქსელების“ მიერ დაწესებული 4 ლარიანი ტარიფი შეიცავს, როგორც შიდა ზარების, ასევე სააბონენტო მომსახურების ხარჯებს, რაც თავის მხრივ შეესაბამება გათვლებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2005 წლის 21 ოქტომბერს მიღებულია N656/22 გადაწყვეტილება და დადგენილია სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი 3.5. ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ ე.წ. „წყვილის იჯარის ტარიფს“, შპს „ახალი ქსელები“ აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს N432/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისთვის, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის განსაზღვრულია 11.68 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით და შპს „ახალი ქსელების“ მიერ გამოქვეყნებული წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების წინადადების შეთავაზება (მოწვევის ოფერტა) შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს.
შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მხარეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2009 წლის 27 ნოემბერს, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, შპს „ახალი ქსელების“ მიმართ სრულად და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ ნაწილობრივ, მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, მას შემდეგ, რაც შპს „მაგთიკომს“ განემარტა, რომ კომისიის მიერ ზედა ზღვრული ტარიფი 11.69 ლარის ოდენობით დადგენილია სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილის მხოლოდ ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურებისთვის. ამასთან, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაზუსტებულ ცალკე განცხადებას შემოიტანს კომისიაში შპს „ახალი ქსელებისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთა მიერ 2, 4, 7 და 10 ლარიანი სააბონენტო ტარიფის დაწესებით და შიდა ქსელში აბონენტებისთვის უფასო სატელეფონო მომსახურების მიწოდებისას, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და სატარიფო სუბსიდირებასთან დაკავშირებით.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელს ასევე განემარტა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ არსებულ სადაო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ უკანასკნელის მიერ „გაერთიანებული ტელეკომის“ ფიქსირებული ქსელიდან, მობილური ქსელის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე ნულოვანი ტარიფის დაწესებას, კომისია ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულს დაეთანხმა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი და შესაბამისად, მოსამზადებელ სტადიაზე მოითხოვა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, ამ უკანასკნელის ფიქსირებული ქსელიდან, მობილური ქსელის მიმართულებით (რომლის იდენტიფიცირებაც ხდება ნუმერაციის რესურსით 870 და 878) განხორციელებულ ზარებზე ნულოვანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებულ დავასთან მიმართებაში, კომისიის მიერ ზემოაღნიშნული კვლევის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, მე-6 თავის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის, სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის დადგენილ ტარიფთან დაკავშირებული დავის განხილვა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობის საფუძველზე;
2. შეწყდეს შპს „მაგთიკომსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებისთვის დადგენილ ტარიფთან დაკავშირებული დავის განხილვა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობის საფუძველზე;
3. შეჩერდეს შპს „მაგთიკომსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ფიქსირებული ქსელიდან, მობილური ქსელის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე ნულოვანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებული დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე;
4. ეცნობოთ შპს „მაგთიკომს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ დავის განხილვა განახლდება კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სემენტის განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით დაწყებული კვლევისა და ანალიზის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილება (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
