წვდომის მენიუ

შპს „აია +“-ს და შპს „აისი+“ს სანქცირების შესახებ

ნომერი: 644 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 10 ნოემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები N10/694-09 და N10/695-09, რომლებშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 4 აგვისტოს შემდეგ, 2009 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „აია +“-ს და შპს „აისი+“-ს კომისიაში არ წარმოუდგენიათ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, კერძოდ 2009 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის გაანგარიშებები.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიაში 2009 წლის 13 ნოემბერს დაიწყო შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, მათ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ ავტორიზებულ პირებს, ისინი მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვაზე, კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადებულან შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“-ს წარმომადგენლები, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა საკითხის განხილვის გადადება 2009 წლის 27 ნოემბრისთვის, რათა კიდევ ერთხელ უზრუნველყოფილიყო შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“-ს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომპანიებს მისცემოდათ საკუთარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენის საშუალება. კომისიის სხდომის გადადების შესახებ განმეორებითი შეტყობინებით ეცნობათ შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“-ს.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „აია+“-ს დირექტორი ბატონი თ.კუკულავა და შპს „აისი+“-ს ტექნიკური მენეჯერი ბატონი ა.ამბკაძე.

კომისიის სხოდმაზე შპს „აია +“-ს და შპს „აისი+“-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამაბათილებელი მტკიცებულებები.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“-ს მიერ ადგილი აქვს  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევას, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „აია+“-ს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. მიეცეს გაფრთხილება შპს „აისი+“-ს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

3. უზრუნველყონ შპს „აია+“-მა და შპს „აისი+“-მა 2009 წლის აგვისტოს და სექტემბრის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 3 კალენდარული დღის ვადაში;

4. ეცნობოს შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის, ან/და განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „აია+“-ს და შპს „აისი+“ ავტორიზებული პირებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი შპს „აია+“-სა და შპს „აისი+“-სთვის ჩაბარების დღიდან;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                 კომისიის თავმჯდომარე                                      ი.ჩიქოვანი

                        კომისიის წევრები                                         ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები