წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარების შესახებ

ნომერი: 645 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის  №525/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკითხზე ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო კომისიაში, 2009 წლის  4 დეკემბერს 16 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის №525/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე მომსახურების მიმწოდებელ ყველა ავტორიზებულ პირს დაევალა 2009 წლის 20 ნოემბრამდე, კომისიაში შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ქსელის შესაბამის ელემენტებზე და მომსახურების სახეებზე ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაცია კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

ბ) საცალო ტარიფების და ბოლო მომხმარებლების რაოდენობა;

გ) შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მომსახურების სახეების მიხედვით;

დ) აბონენტების რაოდენობა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სატარიფო გეგმების მიხედვით.

კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გ. ბუთბაიამ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების პირველადი ანალიზი. მოთხოვნილი მონაცემების პირველადი შესწავლის შედაგად კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელებულიყო დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების დაკონკრეტება. აღნიშნული სამუშაო ვერ დასრულდა 2009 წლის 4 დეკემბრის  ზეპირი მოსმენის სხდომისათვის, ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების დიდი მოცულობის  გამო. შესაბამისად, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე ზეპირი მოსმენის სხდომის ორი კვირით გადადების შესახებ და მისი განმეორებით ჩატარების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია,  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული კომისიის მიერ.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ დააკმაყოფილა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის შუამდგომლობა განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის ორი კვირით გადადების შესახებ და მისი განმეორებით ჩატარების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე  მუხლი პირველი და მეორე ნაწილების, 99-ე მუხლისა და 117-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის შესახებ ზეპირი მოსმენა ჩატარდეს განმეორებით, 2009 წლის 15 დეკემბერს 16:00 საათზე.

2.    გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის, დაუყოვნებლივ;

3.    2009 წლის 15 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);

4.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილების მიღების ვადები განისაზღვროს ზეპირი მოსმენის სხდომაზე;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს  (გ.ბუთბაია);

6.    წინამდებარე  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                     ა. სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი                                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები