შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის (მ.გოთოშია) მიერ ხელმოწერილი სამსახურეობრივი ბარათი №10/693-09, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის 5 ნოემბერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩაატარა შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” შემოწმება ქ. გორში, ქ.ხაშურში, ქ. ბორჯომში, ქ. ახალციხეში და ქ. ახალქალაქში და შეადგინა შემოწმების აქტი №6. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” არ ასრულებს №F68 ლიცენზიით დაკისრებულ სალიცენზიო ვალდებულებებს, კერძოდ, კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” და სალიცენზიო პირობად განესაზღვრა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2008 წლის 18 იანვრამდე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.
კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის №10/693-09 სამსახურეობრივი ბარათის და 2009 წლის 5 ნოემბრის №6 შემოწმების აქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის პირველ დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” სანქცირების თაობაზე, კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულ კომპანიას შეტყობინებით ეცნობა 2009 წლის პირველ დეკემბერს. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №361/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
საკითხის განსახილველი სხდომა გაიმართა 2009 წლის 4 დეკემბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” იურისტი რატი ჩაკვეტაძე.
კომისიის აპარატის სამართლაბრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” ვალდებულებას წარმოადგენდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება, მაგრამ არა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, არამედ ერთ-ერთ რეგიონში მაინც. საქმეზე დანდართულ შემოწმების აქტში, შემოწმებულის მიერ გაკეთებულია დათქმა, რომ ისინი პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებენ ქ. ბათუმში, ხოლო სხვაგან აწარმოებენ მომხმარებელთა მოზიდვას, შესაბამისად, თუ შემოწმებულის მიერ, თუნდაც მხოლოდ ქ. ბათუმშია დაწყებული პრაქტიკული საქმიანობა, მაშინ კანონის დარღვევაზე ძნელია საუბარი, მითუმეტეს, რომ შემოწმება არ ჩატარებულა ქ. ბათუმში, ანუ დაუდგენელი დარჩა სალიცენზიო პირობების შესრულების საკითხი. შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლაბრივ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” სანქცირების თაობაზე, სალიცენზიო პირობების დარღვევის დაუსაბუთებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გამორკვეულად ჩათვალა, რომ შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ასევე კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევა დაუდასტურებელია, რაც წარმოადგენს შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
