რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განმეორებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000095, შედგენილი ქ.გორში 2009 წლის 30 ნოემბერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 30 ნოემბერს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მონიტორინგი, რათა დადგენილიყო TV და FM სიხშირული დიაპაზონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტები. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, ასევე ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ვრცელდება ტელესამაუწყებლო სიგნალი კერძოდ, 27-ე სატელევიზიო არხზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს სატელევიზიო სიგნალი. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეო მასალა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს №411/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს დაეკისრა ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 30 ნოემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს - 2009 წლის 30 ნოემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 4 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 1 დეკემბერს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს (01.12.2009 №03/2848-09). მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 4 დეკემბერს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს წარმომადგენელი, კომისიაში ასევე არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000094 ოქმისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура” საქართველოში, ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონისა და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს:
1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი;
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს , მიუხედავად კომისიის 2009 წლის აგვისტოს №411/18 გადაწყვეტილებისა, რომლის მე-4 პუნქტის შესაბამისადაც, მას დაეკისრა მაუწყებლობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა საქართველოს ტერიტორიაზე, კვლავ განაგრძობს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და ამავე დროს აღნიშნული კომპანიის მიერ ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ფაქტი - მაუწყებლობის განხორციელება ულიცენზიოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩადენილია განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე, 228-მუხლის, 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ასევე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-მ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია ”Культура”-სათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი,).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
