ერთი მხრივ, მომხმარებლებს: დ.ებრალიძეს, ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციულ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30.11.2009 N9/60-09) მომართეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მომხმარებლებმა დ.ებრალიძემ, ლ.ანთაძემ, რ.კირვალიძემ, მ.ქვრივიშვილმა, ი.სვანიძემ, ვ.იმნაიშვილმა, მ.ებრალიძემ, ნ.მიქაძემ, გ.ბრეგვაძემ, ნ.მასხარაშვილმა და ი.კიკნაველიძემ სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
მომხმარებელები, ერთობლივ განცხადებაში კომისიისგან ითხოვენ, აღიკვეთოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისგან მომხმარებლებზე სატარიფო ზეწოლა, დაკმაყოფილდეს მომხმარებლების მოთხოვნა და დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს აღადგინოს 2009 წლის 1 სექტემბერამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო მომსახურების პაკეტი.
მომხმარებლები ერთობლივ განცხადებას ამყარებენ შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის გაუქმებით, ამ უკანასკნელმა დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რეალურად გაზარდა ტარიფები და ახორიციელებს სატარიფო ზეწოლას, ვინაიდან, 1 სექტემბრამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის ფარგლებში მომხმარებლები საუბრობდნენ შიდა ქსელში უფასოდ, ხოლო ახალი პაკეტების შემოღების შემდეგ, მომხმარებლებს უკვე უწევთ 7 ლარის გადახდა შიდა ქსელში უფასოდ სასაუბროდ, ხოლო 4 ლარიანი პაკეტის არჩევის შემთხვევაში, შიდა ქსელში უფასოა მხოლოდ 100 წუთი, ხოლო 100 წუთის შემდეგ მომხმარებელს უწევთ წუთზე 2 თეთრის გადახდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ რეალურად გაზარდა ტარიფები და მომხმარებელს არჩევანი არც კი დაუტოვა, ვინაიდან სულ გააუქმა 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტი, რომელიც არსებობდა 2009 წლის 1 სექტემბრამდე და შესაბამისად, მომხმარებლებზე განახორციელა სატარიფო ზეწოლა.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
1. კომისიამ დაავალდებულოს სს „გაერთიანებული ტელეკომი“ აღადგინოს 2009 წლის1 სექტემბრამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლების წარმომადგენლად ავტომატურად ჩაითვალოს განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი დ.ებრალიძე
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ერთი მხრივ, მომხმარებლების: დ.ებრალიძეს, ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ი.სვანიძეს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები არ დანიშნავენ წარმომადგენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კოდექსის 86-ე, 88-ე, 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ:
1. მართალია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, რაც ვერ იქნა წარმოდგენილი ბატონი დავით ებრალიძის მიერ, კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, სადაც იხილებოდა მომხმარებლებსა და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი და რომელ სხდომასაც ესწრებოდნენ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი მხოლოდ შემდეგი პირები: დ.ებრალიძე, ვ.იმნაიშვილი და ნ.მიქაძე.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისიად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე ხელმომწერ 11-ვე განმცხადებელს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ისინი რეგისტრირებულნი არიან კონკრეტულ მისამართზე, რაც ირკვევა უშუალოდ განცხადებიდან.
3. სახეზე არ გვაქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს 25-ე მეტი პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებლების უფლებამოსილებას, წარმომადგენლად დანიშნონ განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდება განმცხადებლების მოთხოვნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლების წარმომადგენლად ავტომატურად განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირის დ.ებრალიძის დანიშვნის შესახებ.
ამასთან, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად,მომხმარებლების ინტერესები კომისიაში უნდა წარმოადგინონ არა უშუალოდ მომხმარებლებმა არამედ დ.ებრალიძემ, იგი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, სხვა შემთხვევაში მომხმარებლები დ.ებრალიძე, ლ.ანთაძე, რ.კირვალიძე, მ.ქვრივიშვილი, ი.სვანიძე, ვ.იმნაიშვილი, მ.ებრალიძე, ნ.მიქაძე, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილი და ი.კიკნაველიძე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავაში ცალ-ცალკე უნდა იქნან ჩართულნი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ სადაო გახადა მომხმარებელ ი.სვანიძის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად კომისიას წარუდგინა აუდიო ჩანაწერი, რომელზედაც ჩაწერილია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ოპერატორისა და ი.სვანიძის სატელეფონო საუბარი და სადაც ი.სვანიძე აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე მას ხელი არ მოუწერია და განცხადებაზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ წარმოადგენს მის ხელმოწერას. ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე კომისიის მიერ არ იქნება მხედველობაში მიღებული ი.სვანიძის, როგორც მომხმარებლის საჩივარი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინააღმდეგ, თუმცა კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება არ ცვლის საქმის არსებით გარემოებებს და მომხმარებელ ი.სვანიძეს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების მიმდინარეობის პროცესში ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ჩაერთოს ინდივიდუალურად, როგორც დაინტერესებული მხარე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 86-ე, 88-ე 89-ე და 90-ე მუხლებისა და მე-9 თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, მომხმარებლების: დ.ებრალიძეს, ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძეს, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძესა და, მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 12 იანვარს 16.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;
3. უარი ეთქვას მომხმარებლებს: ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლების წარმომადგენლად ავტომატურად განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირის დ.ებრალიძის დანიშვნის შესახებ.
4. განემარტოთ მომხმარებლებს: დ.ებრალიძეს, ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძეს რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლების ინტერესები კომისიაში უნდა წარმოადგინონ არა უშუალოდ, არამედ დ.ებრალიძემ, ეს უკანასკნელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების გადაწყვეტილების პირველ პუნქტში განსაზღვრული პირებისა და ი.სვანიძესთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა;
8. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
