შპს ”რადიო საქართველოს” სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 4 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.12.2009 N10/741-09) თანდართული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმით №000030, რომელიც შედგენილია ქ.თბილისში 2009 წლის 4 დეკემბერს.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიაში 2009 წლის 12 ნოემბერს შპს „რეალკომის“ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის (№7/453-09) საფუძველზე, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ, 2009 წლის 4 დეკემბერს ქ. თბილისში, 10705 მჰც - 11181 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ჩატარებული იქნა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი, გარე ხელშემშლელი წყაროს გამოვლენის მიზნით.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”რეალკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიით გათვალისწინებული 10705 მგჰც - 11181 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, კერძოდ 10.995 მჰც სიხშირით, რადიოსარელეო ხაზის გამოყენებით (სტუდია - მარშალ გელოვანის ქ. №2, სატელევიზიო ანძის მიმართულება), სარგებლობს შპს ”რადიო საქართველო” შესაბამისი ლიცენზიის (ან მინიჭების) გარეშე. აღნიშნულს ასევე ადსტურდებს, კომისიაში შპს ”რადიო საქართველო”-ს მიერ 2009 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილი წერილი (№ 650).
სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000030, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „რადიო საქართველოს“ მიერ ხორციელდება 10.995 მჰც სიხშირის გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის ან მინიჭების გარეშე და მითითებულია საქართველოს ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილი.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტი მთავარი ინჟინერი ნ.კონდოლელი, ინჟინერი გ.ქართველიშვილი და შპს „რადიო საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე თ.ჩიგოგიძე.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისთვის გადმოცემული მასალების საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო საქართველოს“ სანქცირებასთან დაკავშირებით.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 4 დეკემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 11 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 8 დეკემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”რადიო საქართველოს” (08.12.2009 N03/2887-09), მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „რადიო საქართველოს“ ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 11 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „რადიო საქართველოს“ დირექტორი ბატონი გ.ჩიგოგიძე.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000030 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „რადიო საქართველო“ წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში კერძო მაუწყებლობის NB63, B64, B65, B66 B78 და N89 ლიცენზიებს.
2. შპს „რადიო საქართველო“ რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის ქ.თბილისში იყენებს სიხშირეს - 10.995 მჰც, რაც დასტურდება როგორც კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგით, ასევე კომისიაში შპს „რადიო საქართველო“ მიერ წარმოდგენილი წერილით (30.11.2009 N650); ამავე დროს კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, შპს „რადიო საქართველოს“ დირექტორმა ბატონმა გ.ჩიგოგიძემ დაადასტურა შპს „რადიო საქართველოს“ მიერ რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირით 10.995 მჰც სარგებლობის ფაქტი.
3. სიხშირე 10.995 მჰც, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F60 ლიცენზიის საფუძველზე ქ.თბილისში ეკუთვნის შპს „რეალკომს“.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელის სახით, ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით. მაგრამ აღნიშნული მუხლით არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მაუწყებლობის სფეროში მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო საქართველო“ რადიოსიხშირულ სპექტრს, კერძოდ რადიოსიხშირეს - 10.995 მჰც იყენებს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, ანუ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კომპანიის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედება კვალიფიცირდება, როგორც მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტიდან. შესაბამისად, შპს „რადიო საქართველოს“ მიერ განხორციელებული ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, სამართალდარღვევის სახედ არ არის განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მინიჭების გარეშე საქმიანობა.
3. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით, ხოლო შპს „რადიო საქართველო“, რადიოსიხშიორით 10,995 მჰც სარგებლობს კომისიის მიერ აღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე, შპს „რადიო საქართველოს“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის დარღვევას, ხოლო ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.
4. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო საქართველოს“ მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათღა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო. ამავე დროს, შპს „რადიო საქართველოს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე და 75-ე მუხლებისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-15, მე-17 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „რადიო საქართველოს“ მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება, სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;
2. მიეცეს გაფრთხილება შპს „რადიო საქართველოს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევის გამო, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის;
3. უზრუნველყოს შპს „რადიო საქართველომ“ მინიჭების გარეშე რადიოსიხშიული სპექტრით 10.995 მჰც სარგებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”რადიო საქართველოსთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით .
5. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
