შპს ”ტექნონეტის“ სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ (მ.გოთოშია) ხელმოწერილი სამსახურეობრივი ბარათი №10/693-09, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის 3 ნოემბერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჩაატარა შპს ”ტექნონეტის” შემოწმება ქ. გორში, ქ.ხაშურში, ქ. ბორჯომში, ქ. ახალციხეში და ქ. ახალქალაქში და შეადგინა შემოწმების აქტი №10. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ”ტექნონეტი” არ ასრულებს №F69 ლიცენზიით დაკისრებულ სალიცენზიო ვალდებულებებს, კერძოდ, კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F69 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს ”ტექნონეტი” და სალიცენზიო პირობად განესაზღვრა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2008 წლის 18 იანვრამდე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.
კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის №10/693-09 სამსახურეობრივი ბარათის და 2009 წლის 3 ნოემბრის №10 შემოწმების აქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის პირველ დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტექნონეტის” სანქცირების თაობაზე, კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულ კომპანიას შეტყობინებით ეცნობა 2009 წლის პირველ დეკემბერს. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებების თაობაზე.
2009 წლის 11 დეკემბრის საკითხის განსახილველ სხდომას ესწრებოდა შპს ”ტექნონეტის” წარმომადგენელი რატი ჩაკვეტაძე. სხდომაზე შპს ”ტექნონეტის” იურისტმა რატი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ ქ. ბათუმში მათი კომპანიის გადამცემები მზად არის, და ამ ეტაპზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, რამდენიმე პოტენციურ აბონენტთან.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ დადასტურებულ ფაქტად ცნო, რომ შპს ”ტექნონეტის” მიერ დარღვეულია კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F69 ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების სალიცენზიო ვალდებულება, ასევე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის ან მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება, რაც კომპანიის მიერ განხორციელებული არ არის, ეს კი თავის მხრივ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს გაფრთხილების საფუძველს, კერძოდ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და 52-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ტექნონეტს”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №343/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ტექნონეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ტექნონეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
