შპს ”სტუდია ტვ”-ს, შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს, შპს ”ინტელფონი”-ს და შპს ”TV XXI“-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის პერსონალური და სამეწარმეო რეესტრით გათვალისწინებული ის მონაცემები, რომელთა შეტანაც ხორციელდება კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიას შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ უნდა ეცნობოს შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებამდე; შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (03.12.2009 N10/736-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა რა კომისიის მიერ, ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისათვის გაგზავნილი წერილის (N03/2777-09, 19.11.2009 წ.) პასუხად კომისიაში 2009 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით წარმოდგენილი ინფორმაცია, დადგინდა, რომ რიგი ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები, კერძოდ:
1. შპს ”სტუდია ტივის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 24 მარტს, კომისიაში წარმოადგინა 2009 წლის 30 ნოემბერს.
2. შპს ”კავკასუს ონლაინის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 28 ოქტომბერს, კომისიაში წარმოადინა 30 ნოემბერს.
3. შპს ”ინტელ ფონ”-ში სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 15 ოქტომბერს, კომისიაში წარმოადგინა 2009 წლის 30 ნოემბერს.
4. შპს ”TV-XXI-ის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 19 აგვისტოს, კომისიაში წარმოადგინა 2009 წლის 02 დეკემბერს.
5. შპს ”კავკასუს ონლაინის”, შპს ”გლობალსელის”, შპს ”მაკროკომის”, შპს ”ბადაგის”, შპს ”სტარტ ტივის”, შპს ”სერვისის”,შპს ”ალტერნეტის”, შპს ”დიდგორი-2, ”შპს ”გლობალკომისა” და სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები ადმინისტრაციული დეპარტამენტის აზრით არასრულყოფილია, რადგანაც განხორციელებული ცვლილებების თაობაზე არ არის წარმოდგენილი ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტაცია.“
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 8 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო შპს „სტუდია ტივის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ინტელფონის“ და შპს „TV XXI”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ შპს „სტუდია ტივის“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ინტელფონს“, შპს „TV XXI” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „ინტელ ფონის“, შპს „სტუდია ტივის“ და შპს „TV XXI”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „ინტელ ფონისა“ და შპს „სტუდია ტივის“ წარმომადგენლებმა აღიარეს დარღვევის ფაქტი და აღნიშნეს, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული დარღვევის ჩადენა მოხდა კანონის შესაბამისი მოთხოვნების არცოდნის გამო. შპს „TV XXI”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ მართალია დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნატის მ) ქვეპუნქტი, მაგრამ აღნიშნული არ უნდა გახდეს კომპანიის სანქცირების საფუძველი.
შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებამდე კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა კომისიის სხდომის დახურვა იმ მოტივით, რომ კომპანია აპირებს გააკეთოს განცხადება, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას. კომისიამ იმსჯელა შპს „კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა, საკითხის განხილვის დროს, კომისიის სხდომის იმ ნაწილში დახურვასთან დაკავშირებით, სადაც შპს „კავკასუს ონლაინი“ აპირებდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგომ კომისიის განსახილველ საკითხთან დაკავშირებული სხდომა გახსნილად გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „კავკასუს ინლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის მოწმობის №25/1), ამავე დროს კომპანია ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6, №F14, №F46 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 №N41, №N48, №N49, №N56, №N75, №N78, №N79 ლიცენზიებს. შპს „სტუდია ტივი“, შპს „ინტელ ფონი“, და შპს „TV XXI” წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს (ავტორიზაციის N113/1; N234/1; N129/1)
2. კომისიის მიერ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის გაგზავნილ იქნა წერილი (N03/2777-09, 19.11.2009 წ) და კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის განახლების მიზნით, მოთხოვნილ იქნა კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უახლესი მონაცემები. ასევე აფილირებულობის დადგენის მიზნით, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებლებისა და კომპანიაში მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ, კომისიაში 2009 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ
ა) შპს ”სტუდია ტვს” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 24 მარტს, კერძოდ კობა ციმაკურიძის ნაცვლად კომპანიის 100% წილის მფლობელად განისაზღვრა გოჩა სირაძე, კომისიაში ინფორმაცია კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 30 ნოემბერს.
ბ) შპს ”კავკასუს ონლაინის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 28 ოქტომბერს კერძოდ, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 28 ოქტომბრის N5697/01-01 ბრძანების შესაბამისად, შეიცვალა შპს „კავკასუს ონლაინის“ იურიდიული მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 30 ნოემბერს. ამავე დროს, განხორციელდა კომპანიის დამფუძნებლების ცვლილება, კერძოდ კომისიაში არსებული მონაცემებით, შპს ”კავკასუს ონლაინი” დამფუძნებლები არიან მამია სანადირაძე -90,06% და სს ”თიბისი ბანკი”-9.94%; შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში 2009 წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად კი, კომპანიის დამფუძნებლებს წარმოადგენენ მამია სანადირაძე - 80.06% და შპს ”გროუს მასტერ ჰოლდინგს აისი “- 19.94%.
გ) შპს ”ინტელ ფონ”-ში სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 15 ოქტომბერს, კერძოდ მოხდა წილების გადანაწილება და დაემატა მესამე დამფუძნებელი ქეთევან ქართველიშვილი - 2.83%, აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 30 ნოემბერს.
დ) შპს ”TV-XXI-ის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 19 აგვისტოს, კერძოდ თენგიზ ჩხაიძემ გაასხვისა თავისი წილი 24.8% თამარ ჩხაიძეზე, აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 02 დეკემბერს.
შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებული იყო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების, კერძოდ კი კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილების შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, როგორც ეს გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტით. ამავე დროს, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „ინტელ ფონი“, შპს „სტუდია ტივი“ და შპს „TV XXI”, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები, ვალდებულნი იყვნენ კომპანიის წილების გასხვისების განზრახვის შესახებ ეცნობებინათ კომისიისთვის, კომპანიებში წილის შეძენის განხორციელებამდე, როგორც ეს გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ბ) და მ) ქვეპუნქტი და ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. შპს „ინტელ ფონის“, შპს „სტუდია ტივის“ და შპს „TV XXI”-ს მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანინის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ინტელ ფონის“, შპს „სტუდია ტივის“ და შპს „TV XXI”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული სანქცია კომისიის მიერ; რაც შეეხება შპს „კავკასუს ონლაინს“, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N503/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმა 90,000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარით ოდენობით კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და პირველი დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორე ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 60000 და არა უმეტეს 270000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტის დარღვევა, კერძოდ კომისიისთვის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების (იურიდიული მისამართის შეცვლის) განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა და ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიისთვის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაციის წინასწარ წარმოუდგენლობა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (07.12.2009 N10/752-09) შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტს შეადგენს 1,138,549.96 (ერთი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას ხუთას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 270,000.00 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული ავტორიზებული პირების: შპს ”გლობალსელის”, შპს ”მაკროკომის”, შპს ”ბადაგის”, შპს ”სტარტ ტივის”, შპს ”სერვისის”, შპს ”ალტერნეტის”, შპს ”დიდგორი-2, ”შპს ”გლობალკომისა” და სს ”ინფოჯორჯია XXI-ს” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და კანონდარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, კომისიაში უნდა დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, რის შესახებაც ეცნობებათ ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების, მე-7 თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაჯარიმდეს შპს „კავკასუს ონალინი“ 270,000.00 (ორას სამოცდაათი ათასი ათასი) ლარით ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „კავკასუს ონლაინმა“ 270,000.00 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;
3. მიეცეს გაფრთხილება შპს „სტუდია ტვ“-ს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
4. მიეცეს გაფრთხილება შპს „ინტელფონს“ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
5. მიეცეს გაფრთხილება შპს „TV XXI“-ს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინის”, შპს „სტუდია ტვ“-ს, შპს „ინტელფონისა“ და შპს „TV XXI“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”კავკასუს ონლაინის”, შპს „სტუდია ტვ“-ს, შპს „ინტელფონისა“ და შპს „TV XXI“-სთვის ჩაბარებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
