შპს “კავკასუს ონლაინისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 9 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000100, შედგენილი 2009 წლის 8 დეკემბერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 8 დეკემბრის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს ”კავკასუს ონლიანის” მიერ ხდებოდა უკანონოდ მაუწყებლობის ტრანზიტი.
აღნიშნულის თაობაზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№000100, 08.12.2009წ), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მ. გოთოშია და შპს ”კავკასუს ონლაინის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გ. ჭელიძე, რომელიც არ ეთანხმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარს და უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 8 დეკემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა 2009 წლის 9 დეკემბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 16 დეკემბერი 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 9 დეკემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”კავკასუს ონლაინს”; მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 16 დეკემბერს კომისიის სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდა შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი ვ. ცეცხლაძე. ვ. ცეცხლაძე არ დაეთანხმა მისი მარწმუნებელი კომპანიისადმი შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარს. მან უარყო მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების ფაქტი და შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის განხორციელებისა და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიღების ფაქტი.
კომისიის აპარატის სამართლაბრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ წარმოებასთან დაკავშირებულ საქმეზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის №000100 ოქმზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებულ სათანადო წერილობითი ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებას, ასევე, კომპანიის საიტზე არ არის ინფორმაცია აღნიშნული პროდუქტის მომხმარებლებისათვის მიწოდების თაობაზე. თავად მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებელსა და კომპანიას შორის სათანადო წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებად, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ფიზიკურ პირი გ. ახალაძისათვის (პირადი №01024022037) მოხდა IPTV-ს მიმღები მოწყობილობის დამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც დამკვეთს ორი თვის ვადით სატესტო რეჟიმში მიეწოდება IP ტელევიზია უსასყიდლოდ სატესტო რეჟიმში. გარდა ზემოაღნიშნულისა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლებთან ურთიერთობის სერვისულ ნომრებზე (940000, 200000) მაუწყებლობის ტრანზიტზე ხელშეკრულებათა გაფორმების შესაძლებლობა, რაზეც ოპერატორის მიერ მიღებულ იქნა პასუხი, რომ აღნიშნულ სერვისს კომპანია მალე შესთავაზებს მომხმარებლებს, მაგარამ ამჟამად არ ხდება აღნიშნული მომსახურების გაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სამართლაბრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ცალსახად ვერ დასტურდება კანონდარღვევის ფაქტი, რის გამოც შუამდგომლობს კომისიის წინაშე შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების თაობაზე, მაუწყებლობის ტრანზიტის IPTV ტექნოლოგიის გამოყენებით ავტორიზაციის გარეშე მიწოდების ფაქტის დაუსაბუთებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გამორკვეულად ჩათვალა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის დარღვევა დაუდასტურებელია, რაც წარმოადგენს შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
