წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარების შესახებ

ნომერი: 697 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის  №525/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკითხზე ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო კომისიაში, 2009 წლის  4 დეკემბერს 16 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2009 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე საკითხის ზეპირი მოსმენა კომისიის გადაწყვეტილებით გადაიდო 2009 წლის 15 დეკემბრისთვის, ხოლო შემდგომ 2009 წლის 25 დეკემბრისათვის, რის თაობაზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ცნობა საჯარო გაცნობისათვის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ხოლო დაინტერესებული პირები გაფრთხილდნენ ტელეფონოგრამით.

კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გ. ბუთბაიამ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების პირველადი ანალიზი. მოთხოვნილი მონაცემების პირველადი შესწავლის შედაგად კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელებულიყო დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების დაკონკრეტება. აღნიშნული სამუშაო ვერ დასრულდა 2009 წლის 25 დეკემბრის  ზეპირი მოსმენის სხდომისათვის, ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების დიდი მოცულობის  გამო. შესაბამისად, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებისა და მისი განმეორებით ჩატარების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია,  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული კომისიის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გახდა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების თაობაზე, რომლის თაობაზეც კომისია განახორციელებდა კვლევასა და ანალიზს, კომისიამ დააკმაყოფილა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის შუამდგომლობა განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის ორი კვირით გადადებისა  და მისი განმეორებით ჩატარების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე  მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის, 99-ე მუხლისა და 117-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ზეპირი მოსმენა ჩატარდეს განმეორებით, 2010 წლის 8 იანვარს 16:00 საათზე.

2.    გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის, დაუყოვნებლივ;

3.    2010 წლის  8 იანვარს ზეპირი მოსმენის სხდომისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);

4.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს  (გ.ბუთბაია);

5.    წინამდებარე  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

 კომისიის თავმჯდომარე                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                           ი. მოსეშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები