ერთი მხრივ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და მეორე მხრივ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდავასა და არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხი
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 1 ნოემბრიდან სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, CDMA ფიქსირებული სატელეფონო აბონენტებისთვის შემოღებულ იქნა ახალი ტარიფი, რომლის შესაბამისადაც, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ CDMA უსადენო ტელეფონის მფლობელ აბონენტებისთვის დადგენილია ტარიფი 0.6 თეთრი წუთში. (ე.წ. პირველი პაკეტი), მაშინ როდესაც კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი 0.4 თეთრი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, კომისიის N189/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვება და მსურველი (აქცეპტანტი) პირებისათვის ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს კონკურენციის უზრუნველმყოფი, დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, რომლის ოდენობაც დადგენილ უნდა იქნას, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზღვრული ტარიფების ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არ უნდა დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა სატარიფო შეღავათების სუბსიდირება, სხვა ავტორიზებულ პირთა ან სხვადასხვა მომხმარებელთა (აბონენტთა) ხარჯზე. ამავე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ, ავტორიზებულ პირს, (ამ შემთხვევაში სს „გაერთიანებულ ტელეკომს“) ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაკისრებული აქვს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უნდა უზრუნველყოს აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ უნდა დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე.
განმცხადებლები ასევე აღნიშნავენ, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ საკუთარი აბონენტებისთვის შემოღებულია შიდა ქსელში 0 თეთრი, ხოლო შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ აბონენტების მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე ტარიფი შეადგენს 0.6 თეთრს, რაც განმცხადებლების აზრით, წარმოადგენს დისკრიმინაციას და ქსელის მფლობელი ოპერატორების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ განხორციელებული ქმედებებით ხელი ეშლება მომხმარებელს მიიღოს ეკონომიკურად ხელმისაწვდომი მომსახურება. არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული ქსელის მფლობელი ოპერატორები. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ დაბრკოლებას ქმნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ახორციელებს სატარიფო ზეწოლას და დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ირღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები, და 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
განმცხადებლები ასევე აღნიშნავენ, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2009 წლის 31 ივლისის N363/12 გადაწყვეტილებით გაფრთხილებულ იქნა ანალოგიური ხასიათის დარღვევის გამო და მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანია კვლავ აგრძელებს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების დარღვევას.
მოთხოვნა:
1. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 დეკემბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. ამ უკანასკნელს გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და ასევე, ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 დეკემრამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ბატონმა ნ.ჟღენტმა დააზუსტა მოთხოვნა და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირებასთან ერთად, მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი 0.6 თეთრიანი ტარიფის გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ საკითხის განხილვას ითხოვენ სწორედ დავის რეჯიმში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და მეორე მხრივ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, მიზანშეწონილია დავის განხილვის დღის დანიშვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.ერთი მხრივ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და მეორე მხრივ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2010 წლის 8 იანვარს 16 საათზე;
2. საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
